კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

რა შეიცვლება მეორე ტურით

11.10.2016 • 1653
რა შეიცვლება მეორე ტურით

საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ანუ 50+1 პროცენტი, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. წინასწარი მონაცემებით, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური გარდაუვალია.

უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება.
საქართველოს პარლამენტის 73 მაჟორიტარული ოლქიდან კი, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება 50 მაჟორიტარულ ოლქში [ერთადერთი ოლქი აჭარაში, სადაც მეორე ტური არ გაიმართება, მხოლოდ ხულო-შუახევი, ქედის მაჟორიტარული ოლქია. ამ ოლქიდან პარლამენტის წევრი კვლავაც ანზორ ბოლქვაძე იქნება].

მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ ორ კანდიდატს, ვინც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში ასეთი ძირითადად ორ პარტია – „ნაციონალური მოძრაობა” და „ქართული ოცნებაა“.

არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცესკო, რომელიც უნდა გაიმართოს პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, ცესკო ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

რას შეცვლის არჩევნების მეორე ტური და რა შეცდომები დაუშვეს პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნოდ? პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა დასძენს, რომ ერთპარტიული სისტემა არც ერთი ქვეყნისთვის არ არის სასურველი და მითუმეტეს საქართველოსთვის:

„რაც შეეხება მეორე ტურს, შედეგების შეცვლის შანსი არის ძალიან მცირე, რადგან ძნელი სავარაუდოა მოსახლეობა გაერთიანდეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო. ის ხალხი, ვინც პირველ ტურში ხმა მისცა სხვა პარტიებს, ძნელი საფიქრებელია, რომ მეორე ტურის შემთხვევაში საერთოდ მოვიდეს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძნელი იქნება მეორე ტურში გამარჯვება“.

ბაკურ კვაშილავას აზრით, მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობა იქნება გაცილებით დაბალი: „არჩევნების შედეგები ბევრისთვის მოულოდნელია, ამიტომ არამგონია, იმ პარტიებმა, რომლებიც მეორე ტურში ვერ გადავიდნენ, რომელიმე პარტიას ღიად დაუჭირონ მხარი. თუ მაინც დაუჭერენ, ეს არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, რადგან დღეს არ არსებობს პარტია, რომელიც განიხილავდა ამ პარტიასთან თანამშრომლობას. აქედან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურში შანსები ექნება ძალიან მცირე“.

ბაკურ კვაშილავას აზრით, შედეგები მნიშვნელოვნად განპირობებულია საარჩევნო კამპანიით. „საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირების ფონზე, რომელსაც მხარი აუბა მედიამ – ის ძირითადად ამაზე იყო კონცენტრირებული. ამან მოახდინა აზრის პოლარიზაცია და მობილიზაცია მოხდა მხოლოდ ამ ორი პარტიის ამომრჩევლის, დანარჩენმა პარტიებმა კი ვერ შეძლეს ეთამაშათ თავიანთი როლი“.

პოლიტოლოგის აზრით, ამის ნათელი მაგალითია პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელსაც ზაფხულის კვლევების მიხედვით 11 პროცენტამდე ჰქონდა რეიტინგი, არჩევნებზე კი ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას.

„პარტიაში მიმდინარე მოვლენებმა მოსახლეობას აჩვენა, რომ ამ პარტიის ნდობა არ შეიძლება. სხვა პარტიებმა, ჩემი აზრით, არასწორი საარჩევნო კამპანია აწარმოეს. „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ უნდა გაერთიანებულიყვნენ და ვფიქრობ, ეს იყო ერთადერთი სწორი არჩევანი. მეორე ის, რომ პარტიები თავიანთ ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ უპირობო გამარჯვებას, ამომრჩეველი კი ნამდვილად გაიზარდა იმ დონემდე, რომ მიხვდა თავიდანვე იყო ეს ტყუილი დაპირება. ამან კიდევ გამოიწვია მათი პასიურობა და არ აღიქვეს სერიოზულად პარტიების მოწოდებები.

ასე რომ, შემდეგ ჯერზე, პარტიების უმრავლესობა რეალურ პირობას მისცემს ამომრჩეველს, ეტყვის, რომ მისი მიზანი იქნება არა გამარჯვება, არამედ მათი ინტერესების სრულფასოვანი წარმოდგენა პარლამენტში. გულწრფელი კამპანია და არა რაღაც სლოგანებზე დაფუძნებული დევიზები უფრო მეტ ნდობას მოიპოვებს. როცა ამბობ, რომ შენ იმარჯვებ და ამ დროს, რეალურად არც ერთ გამოკითხვაში არ ცდები 5-6 პროცენტს, ეს არარეალურია და ამომრჩევლის მხრიდანაც ასე იქნა აღქმული“.

ბაკურ კვაშილავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, უფრო მეტი საშუალება ექნება გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელიც აქვს დასახული მონიტორინგისა და კონტროლის გარეშე:

„თუმცა, ოპონირების რეჟიმში მას ისევ ეყოლება „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის საწინააღმდეგო არგუმენტები საკმარისად აქვთ, რომელიც ნაკლებად ექნებოდათ „თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკელების“ ან თუნდაც „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ. აქვთ უფრო მეტი აპელირება „ნაციონალების“ ცხრა წელიწადზე და, შესაბამისად, უფრო დაცულად იგრძნობენ თავს, მიუხედავად იმისა, რაოდენ კომპეტენტურიც არ უნდა იყოს კრიტიკა. რა თქმა უნდა, ეს კარგ გარემოს არ ქმნის“.

ბაკურ კვაშილავას აზრით, შემდეგ მოვა ადგილობრივი არჩევნები და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პარტიებში მოხდება გადაჯგუფება. „იმედია, ოთხ წელიწადში მიხვდებიან იმას, რომ ისეთი ფორმით არჩევნების წარმოება, როგორც ამას აკეთებდნენ ბოლო 20 წლის განმავლობაში, სწორი არ იქნება და ამომრჩეველიც რეალურ დაპირებებს უფრო დაუჭერს მხარს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: