კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ველომოყვარულთათვის “არამეგობრული” ბათუმი

07.10.2016 • 2563
ველომოყვარულთათვის “არამეგობრული” ბათუმი

ბათუმში ველოინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ველოსიპედისტები მომრავლდნენ, მაგრამ დღემდე მათთვის განკუთვნილ ველობილიკებზე არანაკლები რაოდენობით შეხვდებით ქვეითებსა და წესების დარღვევით პარკირებულ ავტომობილებს. უკვე ხუთი წელია ბათუმის ზღვისპირა პარკსა და ქუჩებზე ჯამში 20 ათასი კვ/მეტრი სიგრძის წითლად გამოყოფილი ველოტრასები და ფასიანი ველოტრანსპორტი – „ბათუმველო“ ფუნქციონირებს. თუმცა, ველოსიპედი, როგორც საქალაქო ტრანსპორტი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაინც ვერ იქცა.

ევროპის ქალაქებში ხშირად შეხვდებით ოფიციალურ ტანსაცმელში გამოწყობილ ველოსიპედისტებს, რომლებიც სამსახურისკენ მიიჩქარიან. ბათუმში ამ დანიშნულებით ველოსიპედს ცოტა თუ იყენებს. 2011 წელს დაარსებული „ბათუმველო“, რომლის საკუთრებაშიც დღეს უკვე 370 ველოსიპედი და 23 ველოსადგურია, თავიდანვე საიმისოდ იყო გათვლილი, რომ „ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში ველოსიპედით გადაადგილების სარგებელი და მიეცათ მოქალაქეებისთვის – ჯანსაღი წესით ცხოვრების სტიმული“. თუმცა, დღემდე „ბათუმველოს“ ძირითადი მომხმარებელი კვლავ დამსვენებლები არიან.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონით, ველოსიპედისტს ეკრძალება გზაზე მოძრაობა თუ გვერდით ველობილიკია. სხვა შემთხვევაში, მას სრული უფლება აქვს სატრანსპორტო საშუალებების გზაზე იმოძრაოს, თუმცა, ბლოგერ დათო ტრაპაიძის თქმით, ხშირად მას, როგორც ველოსიპედისტს, ამის საშუალება არ ეძლევა.

„ქალაქში ველობილიკების არსებობა ძალიან მაგარია, მაგრამ მას სჭირდება დაცვა, მაგალითად, კაფეების არაკეთილსინდისიერი მეპატრონეებისგან, რომლებიც მაგიდებს ტროტუარებზე ალაგებენ, ადამიანები კი იძულებული არიან ველობილიკზე იარონ. ასევე დიდი პრობლემაა ველობილიკზე პარკირებული ავტომობილები ანუ შენს გზაზე ან კაცი ზის და ქეიფობს, ან ჯიპია დაყენებული და გიწევს სატრანსპორტო გზაზე გადასვლა, რითაც უნებურად ქმნი ავარიულ სიტუაციას“, – ამბობს დათო.

საქართველოში ტროტუარის ათვისების საზღვრებს კანონმდებლობა არეგულირებს: ნებისმიერი სიფართის ქუჩაზე, ბოლო ძგიდიდან ბორდიურამდე ან ხეებამდე დატოვებული უნდა იყოს 75-80-სატიმეტრიანი გასასვლელი. საკრებულოს დადგენილებით, მერიის ზედამხედველობის სამსახური დამრღვევს ჯერ აფრთხილებს, გონივრულ ვადაში შედეგის ვერ მიღწევის შემთხვევაში კი, აჯარიმებს. ჯარიმა ფიზიკურ პირზე – 500, ხოლო იურიდიულ პირზე 2000 ლარია.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, თენგიზ მესხიძის თქმით, ტროტუარის ათვისების საზღვრების დარღვევებზე წელს დაახლოებით 50 ოქმი შეადგინეს.

მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა რესტორნის მეპატრონისთვის მერიის მიერ გაცემული ნებართვა გაუუქმებიათ იმის გამო, რომ ვიწრო ქუჩაზე შშმ პირისთვის ან საბავშვო ეტლიანი მშობლისთვის ფეხით გასავლელი ადგილი არ დარჩენილა. „ძველ ბათუმში ზოგან მეტრ-ნახევარია ტროტუარი და მთლიანად ათვისებული აქვს ბარს ან რესტორანს. ვფიქრობთ, სამომავლოდ საკრებულოში შევიდეთ ინიციატივით და დაწესდეს სტანდარტი. ხუთმეტრიან ქუჩაზეც 80 სანტიმეტრი დარჩეს გასავლელი და ორმეტრიან ქუჩაზეც? ეს ცოტა მიუღებელია“, – ამბობს თენგიზ მესხიძე.

რაც შეეხება ველობილიკებზე პარკირებულ ავტომობილებს, მათზე ზედამხედველობა „ბათუმის ავტოპარკინგის“ პრეროგატივაა [ჯარიმის ფასი ადგილზე დაჯარიმებით 10 ლარია].

„ჯარიმები მცირეა. ბარის მეპატრონეს ურჩევნია გადაიხადოს ჯარიმა და იმ თანხას ერთ დღეში ამოვა ერთი მაგიდიდან. ძირითადად ეს აფერხებს ქალაქში ველოკულტურის განვითარებას. ქუჩა არაკომფორტული და არამეგობრულია ველომოყვარულებისთვის. ამას ხელს უწყობს ჩინოვნიკების უმოქმედობა“, – ამბობს დათო ტრაპაიძე.

ბათუმში ყოველი თვის ბოლო პარასკევს ეწყობა ველომსვლელობა – Critical Mass Batumi. დათო ტრაპაიძე, რომელიც ამ მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამბობს, რომ აქამდე ბევრჯერ სცადეს მოეწვიათ მსვლელობაში მერიის ან სხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები, თუმცა, ძირითადად, უშედეგოდ. მისივე თქმით, ველომსვლელობაში სამთავრობო სტრუქტურებიდან მხოლოდ ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები აქტიურობენ, ახლახან კი აჭარის მთავრობის ახალი მეთაური ოჯახთან ერთად შეუერთდა მსვლელობას.

„ჩინოვნიკებმა რეალურად უნდა გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია ავტომობილებით გადატვირთულ ბათუმის ქუჩებში ველოსიპედებით სიარული. მიხვდნენ, რამდენად განიტვირთება ქალაქი მანქანების ჭვარტლისგან, თუ შესაბამის ინფრასტრუქტურას გავაუმჯობესებთ. სწორედ ისინი არიან ამ ქალაქში გადაწყვეტილების მიმღები პირები და მათ ხელშია ის ბერკეტი, რითაც ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლება ბათუმში“, – ამბობს დათო.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ქალაქში „ბათუმველო“ კვლავ მხოლოდ „სასეირნო“ ტრანსპორტის სტატუსს ინარჩუნებს და არა სამოქალაქო ტრანსპორტის, ველოსიპედების აღება-ჩაბარების ტერმინალების განლაგებაა, რომლებიც, ძირითადად, ბათუმის ზღვისპირა პარკში ან ქალაქის ცენტრალურ უბნებშია განთავსებული.

“ბათუმველოს” ხელმძღვანელი პაატა დუმბაძე განმარტავს, რომ სწორედ ამიტომ 2017 წლის აპრილამდე ქალაქს მინიმუმ ორი ველოტერმინალი დაემატება. მათი განთავსების ადგილს კი მოქალაქეების გამოკითხვის წესით შეარჩევენ. „კვლევით დადგინდება კონკრეტული ადგილები, სადაც უნდა განთავსდეს ისინი. ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება ამა თუ იმ უბანში დასაქმებულების სიმჭიდროვის მაჩვენებელი, რადგან ქალაქში უკვე გადაადგილება ჭირს საცობების გამო“, – ამბობს პაატა დუმბაძე.

„ბათუმველოს“ 20-ლარიანი ბარათის შეძენა და პერიოდულად მასზე თანხის ჩარიცხვა მხოლოდ ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში არსებულ ტურისტულ ცენტრში შეიძლება. უახლოეს მომავალში „ბათუმველო“ ამ მიმართულებით ცვლილებებს გეგმავს. „ვფიქრობ, წლის ბოლომდე დაემატება „საქართველოს ბანკის“ გადახდის აპარატებს ჩვენი ბარათების შევსების ფუნქცია და ეს ყველაფერი იქნება საკომისიოს გარეშე, ანუ მომხმარებელი რასაც ჩარიცხავს, აისახება ბარათზე, საკომისიოს ვიხდით ჩვენ“, – ამბობს პაატა დუმბაძე.

კიდევ ერთი სიახლე, რასაც „ბათუმველო“ წელს ზამთარში განახორციელებს, ველოტერმინალების ახლებურად მუშაობაა: „ადრე, ზამთარში ვთიშავდით ამ ტერმინალებს. ახლა, ვფიქრობთ, აღარ გავთიშოთ“.

რაც შეეხება ველობილიკებს, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თენგიზ პეტრიძის თქმით, ბათუმს ახალი ველობილიკები 2018 წლამდე კიდევ დაემატება. „ახლა ე.წ. ჭაობის უბანში ვაკეთებთ არსებულ ქუჩებს და ტროტუარებზე, ზოლად ვაგებთ წითელ ფილებს. თუ ადრე ბეტონის ველობილიკი იყო, ახლა წითელი ფილებით იქნება გამოყოფილი“. მისივე თქმით, 2018 წლამდე „ჭაობის“ უბნის ქუჩები და შესაბამისად ველობილიკებიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან მთისძირის ქუჩამდე უნდა გაკეთდეს და შესაძლოა სამუშაოებს 2018 წლამდეც მორჩნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: