კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

“განათლების მინისტრის ინიციატივები არასერიოზულია”

04.10.2016 • 2197
“განათლების მინისტრის ინიციატივები არასერიოზულია”

განათლების მინისტრმა პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატანი ბევრი ცვლილება დააანონსა: საგნობრივი გამოცდა პედაგოგისთვის „ჩამჭრელი“ აღარ იქნება – პედაგოგი რამდენ ქულასაც დააგროვებს გამოცდაზე, იმის მიხედვით მიიღებს კრედიტებს. მინისტრის აზრით, შესაცვლელია კრედიტების მინიჭების კრიტერიუმიც. განათლების სამინისტროში არ აღმოჩნდა არც ერთი პირი, ვინც განმარტავს, რამდენად რეალურია მინისტრის მიერ წარმოდგენილი ალტერნატივები და რა ვადაში განხორციელდება ეს იდეები; რას მოუტანს ალექსანდრე ჯეჯელავას იდეები სისტემას, ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა, განათლების სპეციალისტმა, შალვა ტაბატაძემ ისაუბრა.

ბატონო შალვა, ის ინიციატივები, რაც ალექსანდრე ჯეჯელავამ გააჟღერა, შექმნის თუ არა რაიმე ტიპის პრობლემებს განათლების სისტემაში?

ფაქტია, რომ ეს ინიციატივები საარჩევნოდ არის გაჟღერებული, მაგრამ იმის თქმა, რომ სამომავლოდ აღარ განხორციელდება, გამიჭირდება. პირდაპირ გეტყვით, მინისტრის ინიციატივები არასერიოზულია. დანაშაულებრივია ის ქმედება, რასაც ის განათლების სისტემას უკეთებს. თუ გამოცდები არ არის სავალდებულო, მაშინ საერთოდ რატომ არის საჭირო მასწავლებლის შეფასება. თუკი მასწავლებლებს ვაფასებთ იმაში, რაც იციან და ამით მივანიჭებთ კრედიტებს, გადავიყვანთ საფეხურიდან საფეხურზე, ეს ფორმალური პროცედურა იქნება. მაშინ რად გვინდა ეს ბიუროკრატიული პროცედურები?

დღეს მინისტრს აქვს ასეთი პოზიცია, რომ რაც იციან მასწავლებლებმა, მოდი, იმაში შევამოწმოთ. მისი ამოსავალი 21-ე საუკუნის მოსწავლის საჭიროებები არ არის. როცა ასეთ ცვლილებას გეგმავ, ამოსავალი უნდა იყოს რა განათლების ხარისხს აძლევ მოსწავლეს და ამ ხარისხის მისაცემად როგორი ტიპის მასწავლებელი გჭირდება. ჩვენ გვაქვს განათლების სტანდარტი და ვიცით, რა ტიპის მასწავლებელი გვჭირდება. სწორედ ამ სტანდარტთან მიმართებაში უნდა მოხდეს მასწავლებლის ეფექტურობის გაზომვაც და შეფასებაც.

მინისტრი არ ეთანხმება ამ სტანდარტს და ამბობს, რომ სქემაში მუდმივად შეიძლება რაღაც შეიცვალოს…

სისტემა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ის, რომ მასწავლებელს არ აქვს კომპეტენცია და მოუგონო რაღაც მისადაგებული მეთოდები, ეს იდიოტიზმია – სახელმწიფო თანხებს ხარჯავ იმაში, რაც არაფერს გაძლევს. ამბობს კიდეც, არჩევანი არ გვაქვსო, მაგრამ არჩევანიც არის და პერსპექტივებიც. თუმცა მინისტრი ამოდის იმ პოზიციიდან, რომ ახლა რა კვალიფიკაციის მასწავლებელიც გვყავს, იმ ტიპის შეფასების სისტემა მოვარგოთ. მიზანია არასწორი და პოლიტიკაც არასწორად მიდის. მინისტრი იმაზე უნდა ფიქრობდეს, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ გვყავდეს ისეთი მასწავლებლები, როგორიც სჭირდება მოსწავლეს.

მაგრამ მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო იმაზე მეტს მოითხოვს პედაგოგისგან, ვიდრე მათ უნივერსიტეტმა მისცა.

როგორ შეიძლება ასეთი შეფასება. ვინ შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში იმის სწავლებას, რაც შემდგომ მასწავლებელს პრაქტიკაში გამოადგება? ეს არარეალურია, რადგან მასწავლებლის პროფესიული განვითარება ყოველდღიურია.

მინისტრი ასევე საუბრობს, რომ ეროვნული გამოცდების ბარიერი უნდა აიწიოს. გამოდის, მოსწავლეებს უნდა მოსთხოვონ ის, რასაც არაკვალიფიციური მასწავლებლები ვერ აწვდიან სკოლაში?

ეს ცალკე პრობლემაა, როცა გამოაცხადა, რომ უმაღლესი განათლება მხოლოდ ელიტარულმა ნაწილმა უნდა მიიღოსო. მასწავლებელმა უნდა გააკეთოს მაშინ ისე, რომ მაღალი სტანდარტის აბიტურიენტი გამოუშვას. მაგრამ მინისტრი განათლების სისტემაზე კი არ ფიქრობს, არამედ იმაზე, კმაყოფილი ჰყავდეს საარჩევნო ხმების მქონე მასწავლებლები, რაც ბევრად იოლია, ვიდრე გამოცდების ჩაბარება. აი, ეს არის არასწორი. მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადება, არმცოდნე, არაკვალიფიური მასწავლებლების გაფეტიშება, აზარალებს განათლების სისტემას.

ის პირები, ვისაც ჩაბარებული აქვთ საგნობრივი გამოცდები და აღიარებული არიან კვალიფიციურ კადრებად, აპროტესტებენ სისტემას, რომელიც მათ პროფესიაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს, რადგან დირექტორს კანონი არ აძლევს შესაძლებლობას, სკოლიდან გაათავისუფლოს არაკვალიფიცური კადრი. თუკი საგნობრივი გამოცდა აღარ იქნება სავალდებულო და კრედიტებსაც ფორმალური სახე ექნება, ეს კიდევ უფრო არ ჩაკეტავს კარებს ახალი კადრებისთვის?

პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვაქვს პროფესიაში შესვლის სისტემა, მაგრამ პროფესიიდან გასვლის სისტემა არ გვაქვს. პროფესიიდან გასვლა არავის უნდა, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტს. მინისტრის ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კარიც ჩაიკეტება და კონკურენცია აღარ იქნება. სახელმწიფომ ვერ გაბედა და ვერ განახორციელა სერიოზული რეფორმები. არჩევანი უნდა გაკეთდეს იმაზე, ჩვენ რა გვინდა, – გვყავდეს მაღალკვალიფიური მასწავლებლები, მასწავლებლის პროფესიის დაუფლება უმაღლეს სასწავლებელში იყოს რთული, შემდგომ პროფესიაში შესვლა და ამ პროფესიის შენარჩუნება მოითხოვდეს მაღალ კვალიფიკაციას, თუ 65 ათასი არაკვალიფიციური პედაგოგი, რომელიც ვერ ვითარდება. მინისტრი თან იძახის, რომ მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული უნდა გახადოს, თან ამის საპირიპიროს აკეთებს.

მინისტრი ამბობს, რომ პრესტიჟი ხელფასების გაზრდის ხარჯზე ამაღლდება.

ხელფასი არის კარგი სტიმულატორი, თუმცა პრესტიჟულობა მოაქვს კონკურენციას, როცა ამ პროფესიაში შესვლა ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, რადგან მაღალ უნარებს, კარგ ცოდნას და მაღალ კომპეტენციებს ითხოვს. სხვა შემთხვევაში, როცა ყველა არაპროფესიონალი, აქვს თუ არა მას სწავლებისა და საგნობრივი კომპეტენცია, მაინც რჩება სკოლაში, ამ პროფესიას პრესტიჟულს ვერ გახდის. როცა ასეთი ბევრი გვყავს სისტემაში, ეს აზარალებს კარგ პედაგოგებს და მათ პრესტიჟსაც.

ჩვენთან ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ კრედიტქულები უნდა დაიწეროს ღონისძიებების ჩატარებაში და ექსკურსიებშიც. ვინ უნდა შეაფასოს ღონისძიების ხარისხი ან ის, ექსკურსია იმსახურებს ქულას თუ არა?

ექსკურსია ბევრად უფრო ეფექტური შეიძლება იყოს, ვიდრე ჩატარებული გაკვეთილი, მაგრამ ექსკურსიასაც შეიძლება ჰქონდეს უკუშედეგი და არ ჰქონდეს შემეცნებითი ან ღირებულებითი სახე. ჩვენთან ექსკურსიები არ არის სასწავლო გეგმის ნაწილი, დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. არ არის ორიენტირებული სოციალური უნარების განვითარებაზე და ა.შ. ექსკურსიები ჩვენთან პრობლემაა რელიგიური უმცირესობებისთვისაც, რადგან როცა მასწავლებელს მიჰყავს ბავშვები ეკლესია-მონასტრების მოსანახულებლად, შემეცნებითის ნაცვლად, გადადის რელიგიურ რიტუალებში, ლოცვებში და სხვა რელიგიის აღმსარებელ ბავშვს აიძულებენ ლოცვას.

შეფასების სისტემის ჩამონათვალში შეიძლება მოხვდეს ექსკურსიის დაგეგმვა, მაგრამ ამ ექსკურსიის შედეგიც უნდა შეფასდეს. კრედიტების მინიჭების სისტემა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი. ისიც შესაძლებელია, რომ შეფასება საერთოდ გადავიდეს სკოლის სისტემაში, თუმცა ეს შესაძლებელი იქნება კარგი სკოლის დირექტორის პირობებში. არსებულმა სისტემამ კი ვერ მოახდინა სკოლის დირექტორების კვალიფიცირება.

ბოლო რამდენიმე თვეში ბევრი იდეა გაჟღერდა, თუმცა არც მინისტრი და არც სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ვერ აკონკრეტებენ, როგორ უნდა შეიტანონ ეს იდეები სქემაში და პრაქტიკაში დანერგონ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მიდიოდეს პროცესი, როცა ასეთ ძირეულ ცვლილებებზეა საუბარი?

2012 წლიდან დღემდე ვისმენთ იმას, რომ ვიღაც წერს სტრატეგიებს, მერე ვიღაც იხილავს, შემდეგ იმას ვიღაც იწუნებს და ისევ წერენ… მე ასეთი ბიუროკრატიის მომხრე არ ვარ. მინისტრს სისტემის ყველა რგოლის ხედვა უნდა ჰქონდეს. ის ჯერ ინიციატივას გააჟღერებს და შემდეგ ცდილობენ რაღაც ჩარჩოში მოაქციონ, ეს არ არის დალაგებული სისტემა.
დღეს მინისტრი მხოლოდ წერტილოვან ინიციატივებს აჟღერებს, რომელსაც სისტემასთან ბმა არ აქვს. თუნდაც კომპიუტერული პროგრამების შექმნაზე რომ საუბრობს, ტექნოლოგიების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ რამდენად რეალისტურია ეს დღევანდელ სკოლაში, სადაც დარიგებული `ბუქები~ ფორმალურად უდევთ პედაგოგებს, როგორ მოახერხებს კომპიუტერული პროგრამებით გაკეთებული თანამედროვე სასწავლო რესურსების გამოყენებას ფიზიკის ან ქიმიის მასწავლებელი, რომელმაც კომპიუტერი, საგანი არ იცის. ამიტომ, ეს ინიციატივები არ არის სტრატეგიული ხედვის ნაწილი.

ფოტო: რადიო „თავისუფლება” 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: