კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

დასაქმება სკოლის ასაკში

13.09.2016 • 17107
დასაქმება სკოლის ასაკში

სასკოლო არდადეგებზე ბევრი მოსწავლე ცდილობს იმუშაოს და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. ხშირად მათი შრომითი უფლებები ირღვევა – ისინი, ძირითადად, ხელშეკრულების გარეშე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობენ და სამუშაო საათებიც კანონით დადგენილ ნორმას აღემატება. არასრულწლოვანთა დასაქმების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს არასრულწლოვანთა დასაქმებას?

„ვიღაცას ურჩევნია მშობლებს სთხოვოს ფული, უფრო მარტივია, მაგრამ სამსახური მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის, გამოცდილებას იღებ, პიროვნულად ვითარდები, სხვანაირად უყურებ შენს მომავალს,“ – ამბობს 17 წლის მარი და გვიყვება, თუ როგორ ატარებს სასკოლო არდადეგებს უკვე მეორე წელია:

„ჩემს სოფელში გაიხსნა მცირე საწარმო, სადაც სინორს ამზადებენ. არდადეგებზე, როცა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, გაჩნდა შესაძლებლობა საკუთარი შემოსავალი მქონოდა, ამიტომაც გადავწყვიტე მემუშავა. წელს უკვე, როგორც გამოცდილი თანამშრომელი, უპრობლემოდ მიმიღეს იგივე სამუშაოზე~. მარი კვირაში ექვსი დღე, დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე მუშაობს.

ვიკაც მარის თანატოლია. სამსახურის ძებნა მან გაცილებით პატარა ასაკში დაიწყო და უკვე მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს: „ჯერ მიმტანი ვიყავი, შემდეგ გავხდი ერთ-ერთი ყავის სახლის მენეჯერი. მოლარედაც ვმუშაობდი ურეკის პლაჟზე. შემდეგ ერთ-ერთ სასტუმროში ვიყავი ბარმენის დამხმარე და დავინტერესდი ამ სფეროთი და 15 წლის ასაკში ბარმენობის შემსწავლელი სამთვიანი კურსი გავიარე“. ვიკა ამბობს, რომ პირველად, ტურისტულ სეზონზე 1200 ლარი გამოიმუშავა, შემდეგში კი 4000 ლარიც აუღია 2-3 თვეში.

შემოსავალი და მისი დამოუკიდებლად განკარგვა იყო მთავარი მოტივაცია 17 წლის ნიკასთვის, რომელიც უკვე ორი წელია ცდილობს ჰქონდეს საკუთარი ფული. ნიკა ოჯახსაც ხშირად ეხმარება: „უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი იმისთვის, რომ ფული მშობლებისთვის გამომერთმია, მაშინ როცა შემეძლო მემუშავა და საკუთარი შემოსავალი მქონოდა. 1000 ლარიც ამიღია თვის განმავლობაში. წელს ფული შევაგროვე და მობილური ტელეფონი ვიყიდე ჩემთვის – აიფონ 6.“

19 წლის გიორგიც თავის პირველ სამუშაო გამოცდილებაზე გვიყვება, როცა 17 წლის ასაკში შრომითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა მიმტანად: „2 კვირა ვიმუშავე, შემდეგ დამსაქმებელმა მითხრა, რომ აღარ ვჭირდებოდი და გამომიშვა. ანაზღაურებაც არ ამიღია. მსგავსი ფაქტების შესახებ არაერთხელ მსმენია ჩემ ირგვლივ.“

„14-16 წლის არასრულწლოვანს შეუძლია მუშაობა, თუ შრომითი ურთიერთობა ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს სასკოლო განათლების მიღების უფლებას. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს. 14-16 წლის არასრულწლოვნის შრომითი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს, 16-18 წლისა კი – 36 საათს“, – განმარტავს „ბათუმელებთან“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი ნიკა დუმბაძე. მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დამსაქმებლის მიერ არასრულწლოვნის შრომითი უფლებების დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 4000 ლარამდე.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს არასრულწლოვანთა დასაქმებას? – ამ კითხვით დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, დავით ჭყონიას მივმართეთ:

„დადებითი მხარეა ის, რომ ახალი თაობა თავიდანვე ეჩვევა შრომას, გამოცდილებას იღებს და მომზადებულია შემდგომი საქმიანობისთვის. გასათვალისწინებელია დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკა, სადაც ყველა მოსწავლე და სტუდენტი მუშაობს ბარებში, რესტორნებში მიმტანებად. ეს არის აპრობირებული პრაქტიკა. სხვა ამბავია, რამდენად ხელის შემშლელი შეიძლება იყოს შრომა არასრულწლოვნისთვის. სეზონურ დასაქმება გავლენას არ ახდენს მათ სწავლა-განათლებაზე.“

იმ არასრულწლოვან რესპონდენტთაგან, რომლებიც „ბათუმელებმა“ ამ თემაზე გამოკითხა, მხოლოდ ერთს, ვიკას აქვს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. ის კანონს იცნობს და როგორ კი 14 წლის გახდა, ხელშეკრულების გაფორმება თვითონ მოითხოვა. „ხელშეკრულება გიცავს, რომ დამსაქმებელმა არ დაარღვიოს შეთანხმება. იზრუნოს შენი მუშაობის პირობებზე, კვებაზე… დაზღვეული ხარ“, – ამბობს ვიკა.

რატომ არ აფორმებენ არასრულწლოვნები შრომით ხელშეკრულებას? გიორგი ფიქრობს, რომ მათ არ იციან თავიანთი უფლებები, დამსაქმებელი კი ამას თავის სასარგებლოდ იყენებს: „ოფიციალურად რომ გაფორმდეს ხელშეკრულება, საგადასახადო დააფიქსირებს და საშემოსავლოს გადახდა მოუწევს როგორც დასაქმებულს, ისე დამსაქმებელს. ამიტომ ორივე მხარე თანხმდება, რომ ეს არ არის საჭირო, რასაც ხშირად დამსაქმებელი ბოროტად იყენებს. მე ვიცნობ 16-17 წლის არასრულწლოვნებს, რომლებიც ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ, რათა დაეხმარონ ოჯახებს. ეს სამსახური არა გამოცდილების მიღება ან დამატებითი შემოსავლის წყარო, არამედ მათი იძულებაა.“

დავით ჭყონია ამბობს, რომ სახელმწიფოს სამუშაო პირობებისა თუ მის ხანგრძლივობის კონტროლის არავითარი მექანიზმი არ გააჩნია და ეს მხოლოდ დამსაქმებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული: „2017 წლიდან უნდა დაინერგოს შრომითი უსაფრთხოების მაკონტროლებელი ინსპექცია, თუმცა ისიც იმუშავებს ვიწრო პროფილში და შეეხება შრომის უსაფრთხოებას.“

სად გადის ზღვარი თინეიჯერების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, მუშაობის მოტივაციასა და მათი უფლებების დარღვევას შორის? ამ კითხვაზე ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”  წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი ასე გვპასუხობს:

„ბავშვის შრომა, რომელიც მიმდინარეობს მძიმე და დამაზიანებელ პირობებში ან ხელს უშლის მისი რომელიმე სხვა უფლების განხორციელებას, არის კანონდარღვევა. შრომა, რომელიც გამოწვეულია ბავშვის ფიზიკური გადარჩენის ანუ შიმშილისგან თავის დაღწევის მიზეზით, არღვევს ბავშვთა უფლებების მთავარ პრინციპს: ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს განვითარების აუცილებელი პირობები, საკვები, სუფთა წყალი, საცხოვრებელი და სხვა.“

ანა არგანაშვილს აჭარის სანაპიროზე, ტურისტურ სეზონზე დასაქმებული ბავშვების მაგალითი მოჰყვას – მათ სიცხეში, საკმაოდ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და დიდი ტვირთის ხელით ტარება:

„ისინი ამ მძიმე შრომაში მათი პიროვნების და პასუხისმგებლობის განვითარების გამო არავის ჩაურთავს. ჩართეს იმის გამო, რომ საკვები, ჩასაცმელი, განვითარების პირობები არ ჰქონდათ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ სანაპიროზე მათი შრომითი ექსპლუატაცია მათი განვითარებისთვის კარგია, იქნება ფარისეველი.“

არასრულწლოვანთან შრომითი ურთიერთობის დარღვევისთვის დამსაქმებელი აგებს პასუხს. პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელს ან არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელსაც. მიმართავენ თუ არა ისინი შესაბამის დაწესებულებებს არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დასაცავად? იურისტი ნიკა დუმბაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მოქალაქეებს საიასთვის არც ერთხელ არ მიუმართავთ: „ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ მშობლისთვისაც მისაღებია არასრულწლოვნის შრომა, როგორც დამატებითი ეკონომიკური შეღავათი. დამსაქმებელი ასეთ ფაქტს მითუმეტეს არ გააპროტესტებს, რადგან არასრულწლოვნის სახით იაფი მუშახელი ჰყავს. შესაბამისად, გაუმართლებლად ილახება არასრულწლოვნის უფლებები, რომლის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო მეტად უნდა აქტიურობდეს მსგავსი შემთხვევების გამოვლენა-აღკვეთაზე“.

19 წლის გიორგი საკუთარი და მეგობრების გამოცდილებიდან გამომდინარე დასაქმების მსურველ არასრულწლონებს ურჩევს, ფრთხილად იყვნენ: „კარგად შეარჩიონ დამსაქმებელი კომპანია, გაესაუბრონ კომპეტენტურ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან.“

ანა არგანაშვილი კი გამოსავალს კანონდამრღვევი პირების პასუხისმგებლობის დაყენებაში ხედავს: „საჭიროა, თავად ბავშვების სარჩელები და საჩივრები წარვადგინოთ იურისტებმა სასამართლოში იმ პირების წინააღმდეგ, ვინც მათი უფლებები დაარღვია. ბავშვებმა უნდა მიმართონ სახალხო დამცველს, გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტს და ბავშვთა უფლებების კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის ფარგლებში განაცხადონ უფლებების დარღვევების შესახებ. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის ზრდასრულებმა? აღარ დავუმალოთ ბავშვებს, რომ უფლებები აქვთ და მოვუსმინოთ მათ, მათი უფლებების დარღვევების შესახებ.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: