კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

რა ფილმებს ვნახავთ წელს ბათუმის კინოფესტივალზე

05.09.2016 • 1915
რა ფილმებს ვნახავთ წელს ბათუმის კინოფესტივალზე

18 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს XI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება და 25 სექტემბრამდე გასტანს. რა სიახლეები იქნება წელს ფესტივალზე, ამის შესახებ „ბათუმელები“ კინოფესტივალის მენეჯერს, ზვიად ელიზიანს ესაუბრა.

ზვიად, რა ეტაპზეა კინოფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები?

პროგრამისა და ჟიურის ფორმირება მორჩა, თითქმის მზად არის ფესტივალის პროგრამა და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ფესტივალის მაყურებლისათვის. კინოფესტივალზე, ტრადიციულად, იქნება წარმოდგენილი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონსკურსო სექციები, ასევე, ახალი ქართული ფილმების არასაკონკურსო ჩვენება, ფილმები დიდოსტატთა კოლექციიდან, გაიმართება ინდუსტრიული შეხვედრები და გვაქვს ახალი სექციაც – „შექსპირი კინოში“, შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია დიდი ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით. ტრადიციულად გაიმართება კინოჩვენებები ღია ცისქვეშ, ევროპის მოედანზე.

თუ შეგიძლიათ რამდენიმე ფილმი დაგვისახელოთ, რაც, თქვენი აზრით, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ფესტივალის მაყურებლისთვის?

როგორც წესი, ყოველთვის პოპულარულია კინოსექცია – „დიდოსტატთა კოლექცია“. წელს ამ სექციაში ექვს ფილმს ვაჩვენებთ. 2016 წლის კანის კინოფესტივალის ორი საუკეთესო ფილმი იქნება ნაჩვენები წელს ბათუმში, ეს არის ჯიმ ჯარმუშის „პატერსონი“, რომელზეც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ჩვენების თანხმობა და კენ ლოუჩის – „მე ვარ დანიელ ბლეიკი“. ასევე, ვაჩვენებთ ტარკოვკის „სტალკერის“ აღდგენილ ვერსიას. რაც შეეხება საკონსკურსო პროგრამას, დოკუმენტური ფილმების სექციაში იქნება ნაჩვენები „ხსოვნის უნამკოება“, ფილმი ორჰან ფამუქზე, რომელიც საკმაოდ პოპულარული მწერალია საქართველოში და ვფიქრობ, საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. ასევე, მხატვრული ფილმების პროგრამაში ნაჩვენები იქნება „სიყვარულის შეერთებული შტატები“, რომლის პრემიერა „ბერლინ ალეზე“ შედგა წელს.

რაც შეეხება პრიზს, რომელსაც ყოველ წელს გადავცემთ ქართველ და უცხოელ რეჟისორსა თუ მსახიობს, წელს პრიზი გადაეცემათ რეჟისორებს: თემურ ბაბლუანს და ვადიმ აბრაშიტოვს.

გასულ წელს კინოფესტივალმა იმითაც მიიქცია ყურადღება, რომ ბათუმს საგანგებოდ კინოფესტივალზე ჩამოსული ნასტასია კინსკი ესტუმრა. წელს უნდა ველოდოთ ასეთ ცნობილ სახეებს კინოფესტივალზე?

კინოფესტივალს ყოველ წელს საინტერესო სტუმრები ჰყავს, თუმცა წელს არ გაგვიკეთებია აქცენტი ვარსკვლავებზე. წინა წელმა გვაჩვენა, რომ არ არის ქალაქი მზად ამისათვის, საამისოდ ფესტივალს არ აქვს შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის არსებობის მანძილზე ბევრი ცნობილი რეჟისორი მოგვიყვანია ბათუმში, იგივე აბას ქიაროსტამი, ნური ბილჯე ჩეილანი, ბელა ტარი, ქშიშტოფ ზანუსი და ა.შ. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ფესტივალის მეგობრების დიდი მხარდაჭერის შედეგად და რეალობაა ის, რომ ამ წუთას ბათუმის საავტორო კინოფესტივალი აკეთებს სამჯერ მეტს იმაზე, ვიდრე ამის რესურსი არსებობს, ფაქტობრივად, ბევრი რამ შესაძლებლობების ზღვარს მიღმა კეთდება. თუ გვინდა კიდევ მეტი, ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ თუ არ გაიზრდება ფესტივალის ფინანსური მხარდაჭერა და არ მოგვარდება გარკვეული პრობლემები, ფესტივალის კიდევ უფრო განვითარება ისე შეუძლებელია.

რა პრობლემები აქვს ფესტივალს ძირითადად?

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა სივრცეები, რაც ესაჭიროება კინოფესტივალს. ამ ეტაპზე ჩვენ ვაჩვენებთ ფილმებს კინოთეატრ „აპოლოში“, ასევე, ჩვენი რესურსებით დავიწყეთ ღია ჩვენებები ერას მოედანზე და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონსკურსო სექცია გადის სასტუმროს კონფერენსდარბაზში. ეს, რა თქმა უნდა, არანაირად არ ჯდება საერთაშორისო ფესტივალის ფორმატში. ფესტივალის მასშტაბები რომ გაიზარდოს, პირველ რიგში, სწორედ სივრცეების განვითარებაა საჭირო. კარგი იქნება, რომ მოხდეს თოჯინების თეატრის ფუნქციონალური დატვირთვა, ჩვენ გვქონდა ამის შესახებ საუბარი აჭარის კულტურის სამინისტროსთან, პროექტიც გვქონდა შეტანილი, თუმცა ვერ მოხერხდა განხორციელება. ერთი არგუმენტი იყო ის, რომ ბიუჯეტში არ იყო შეტანილი, თუმცა უამრავი რამ კეთდება, რაც თავიდან არ არის ბიუჯეტში და შემდგომ ხდება კორექტირება. იმედი გვაქვს, მომავალში მოხდება ეს.

ასევე, მერიასთან გვქონდა აპარატურის შეძენის პროექტი, ესეც ვერ გამოვიდა წელს, იმედი გვაქვს მომავალში მივაღწევთ ამას. თუ თოჯინების თეატრი შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვება, კარგი იქნება ეს თოჯინების თეატრისთვისაც, რომელსაც შეეძლება თავისუფალ დროს ანიმაციური ფილმები აჩვენოს და კარგი იქნება კინოფესტივალისთვისაც, რომელსაც ექნება სივრცე ფილმების საჩვენებლად. თუ სივრცეები განვითარდება, რაც არ მოითხოვს დიდ თანხას, ეს მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებდა. რაც შეეხება ფესტივალის დაფინანსებას, ფესტივალის მასშტაბი ვერ გაიზრდება ამის გარეშე. ფესტივალს აფინანსებს ბათუმის მერია, საქართველოს კულტურის სამინისტრო, კინოცენტრი, საელჩოები და კერძო სპონსორები. მთლიანი ბიუჯეტი 250 ათასის ფარგლებშია. შავი ზღვისპირა ქვეყნების სხვა, მსგავს ფესტივალებს თუ შევადარებთ, ჩვენი ფესტივალის ბიუჯეტი ათჯერ ნაკლებია. ჩვენი პროგრამა, სტუმრების სტატუსი, არც ერთ ასეთ ფესტივალს არ ჩამორჩება, მაგრამ თუ გვინდა კიდევ უფრო მასშტაბური კინოფესტივალის გაკეთება, ეს უფრო ძლიერი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე არ გამოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: