კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

დეტექტივები სარფის საბაჟოდან

05.08.2016 • 5011
დეტექტივები სარფის საბაჟოდან

ისინი ექვსი არიან. მათგან ორის წინაპრები გერმანელები იყვნენ, ოთხის – ბელგიელები. 24-საათიან ცვლაში მუშაობენ და დასვენებისა და კვების წინასწარ განსაზღვრული რაციონი აქვთ. ყველას თავისი სახელი ჰქვია, თუმცა, მათი საჯაროდ დასახელება არ შეიძლება, რადგან მათი სამსახური, ფაქტობრივად, გასაიდუმლოებულია. მათ განსაკუთრებული უნარი აქვთ, ყნოსვით შეუძლიათ იპოვონ ნარკოტიკი.

აჭარის საბაჟო-გამშვებ პუნქტებში უკვე ორი წელია ორი გერმანული ნაგაზი და ოთხი ბელგიური მალინუა მუშაობს მებაჟე-ოფიცრებთან ერთად. მათი მოვალეობაა გარკვეული რისკ-ფაქტორების მქონე ბარგის, მსუბუქი თუ სატვირთო მანქანების შემოწმება ნარკოტიკის არსებობაზე. როგორც კინოლოგიურ სამსახურში ამბობენ, ამ დროის მანძილზე, ძაღლების მეშვეობით, საზღვარზე ნარკოტიკების შემოტანის 20-მდე შემთხვევა აღიკვეთა.

სარფის საბაჟო. თორნიკე თავაძის ფოტო

სარფის საბაჟო. თორნიკე თავაძის ფოტო

შემოსავლების სამსახურის კინოლოგიური სამმართველოს ექვსივე ძაღლი მამრობითი სქესისაა. ყოველი მათგანი 3-4 წლისაა. კინოლოგ-ოფიცრის, დავით თურმანიძის განმარტებით, მსგავსი სამუშაოსთვის ეს ყველაზე კარგი ასაკია ძაღლისთვის. ძაღლები საშუალოდ რვა წლის ასაკამდე მსახურობენ. როგორც კინოლოგიური სამმართველოს თანამშრომლები განმარტავენ, მოსამსახურე ძაღლი შეიძლება იყოს მდედრიც, მაგრამ ამ შემთხვევაში, მუშაობის პერიოდში, მათ ერთმევათ დედობის უფლება, სხვა მხრივ კი არანაირი სხვაობა არ არის მათ შესაძლებლობებში – თუ ლეკვი თავიდანვე აქტიური და მოთამაშეა, ამ საქმისთვის გამოდგება.

კინოლოგიურ სამმართველოში ამბობენ, რომ ძაღლების სახელების დასახელება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება ამ ინფორმაციით ვინმემ მათი კეთილგანწყობა მოიპოვოს.

შემოსავლების სამსახურის კინოლოგიური სამმართველოს ექვსი ძაღლი თავიანთ მეწყვილეებთან – კინოლოგ-ჰენდლერებთან ერთად მუშაობენ. კინოლოგ-ოფიცერი ომარ ქუჩლიშვილი, რომელიც ორი წელია თავის მეწყვილე ძაღლთან ერთად მუშაობს, ამბობს, რომ ცვლის დროს, ისინი მთელი დღის განმავლობაში ერთად არიან: `ჩვენ გვაქვს მოწოდებული რისკები საბაჟოს მხრიდან, დეპარტამენტის მხრიდან, რისკები ჩვენი შეხედულების მიხედვით ბარგზე, მსუბუქ თუ სატვირთო მანქანებზე… დოკუმენტებთან შეხების გარდა, ვასრულებთ იმავე მოვალეობას, რასაც მებაჟეები,“ – ამბობს ის.

კინოლოგიური სამმართველოს ძაღ¬ლები 24-საათიანი ცვლებით მუშაობენ. როგორც დავით თურმანიძე ამბობს, ცვლაში ორი ძაღლი მორიგეობს და ისინი სამ ცვლაში არიან გადანაწილებული, ანუ ყოველ მესამე დღეს უწევთ მორიგეობა. მისივე განმარტებით, ძაღლების სამუშაო გრაფიკი განსხვავდება ადამიანების გრაფიკისგან. „განსაზღვრულია, რომ როცა ძაღლი 10-15 წუთს მუშაობს, მან ერთი საათი მაინც უნდა დაისვენოს, შესაბამისად ხდება დროის გადანაწილება,“ – ამბობს დავითი.

ძაღლები სარფში განთავსებულ სპეციალურ ვოლიერებში ისვენებენ, გამოძახების დროს კი გამოდიან სამუშაოზე. როგორც კინოლოგიურ სამმართველოში განგვიმარტეს, სამუშაო ძაღლების კვების რაციონიც სპეციფიკურია და მათ კვებას ვეტერინარი აკონტროლებს: „გამოკვება ხდება ერთხელ – დილით, ან ზოგიერთი ძაღლის შემთხვევაში, ორჯერ დღეში,“ – ამბობს დავით თურმანიძე.

90-იანი წლების ტელესერიალის ოთხფეხა გმირის – კომისარი რექსისგან განსხვავებით, რომელიც, სიუჟეტის მიხედვით თავის მეწყვილესთან სახლშიც კი რჩებოდა, კინოლოგიური სამმართველოს ძაღლები საბაჟოს ტერიტორიიდან არ გაჰყავთ. ისინი ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კინოლოგიურ ბაზაში არიან დაბინავებულები და მათი გადაყვანა მხოლოდ სხვა საბაჟოზე გამოძახების შემთხვევაშია შესაძლებელი. დავით თურმანიძის განმარტებით, ბათუმის კინოლოგიური დეპარტამენტის ექვსი ნაგაზი ძირითადად სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არის მიმაგრებული. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ისინი ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ბათუმის აეროპორტში, ბათუმის პორტსა და ფოთის პორტშიც კი გადაჰყავთ ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის მცდელობის დასადგენად.

„რა თქმა უნდა, უფრო ეფექტური იქნებოდა, მეტი ძაღლი რომ ყოფილიყო, თუმცა ამ ეტაპზე ეს ყოფნის სხვა საბაჟოებსაც, თუ ცვლის ძაღლები გადაღლილი არიან, სხვა ძაღლები ისვენებენ და სხვა კინოლოგი წაიყვანს მას სატრანსპორტო საშუალებით,“ – განმარტავს დავით თურმანიძე.

დასვენების დღეებში ძაღლები ბაზაზე სპეციალურ წვრთნებს გადიან. ომარ ქუჩლიშვილის თქმით, მათ სასამართლოსგან გადაცემული აქვთ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალების იმიტატორები, რომლებსაც მსუბუქ და სატვირთო ავტომანქანებში მალავენ, რის შემდეგაც ძაღლებს ამუშავებენ სუნის დადგენასა და მათ პოვნაზე: „ამასთან ერთად ხდება შეგუება, რომ მუშა პროცესში ჩვენც ვიყოთ ყოველთვის ძაღლებთან ერთად,“ – ამბობს ის.

სპეციალურად გაწვრთნილი, ნარკოტიკების აღმომჩენი ძაღლები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგიურ დეპარტამენტებს, აშშ-ს ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა ბიუროს (INL) პროგრამის ფარგლებში გადმოეცა. ძაღლები აშშ-ში არიან გაწვრთნილი, რის შემდეგაც მათ ჰენდლერებთან ერთად გაიარეს წვრთნები საქართველოში, რომ ერთმანეთს შეჩვეოდნენ მუშაობის პროცესში. როგორც კინოლოგიური დეპარტამენტის თანამშრომლები ამბობენ, ეს სამსახური ჯერ კიდევ ვითარდება, ისინი სხვა ქვეყნების კინოლოგიურ სამსახურებთან თანამშრომლობენ და სამომავლოდ რამდენიმე ახალი ძაღლის დამატებასაც გეგმავენ.

სარფის საბაჟო. თორნიკე თავაძის ფოტო

სარფის საბაჟო. თორნიკე თავაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: