კვირის ამბები

უსაფრთხოების ნორმები მშენებლობებზე კონტროლს მიღმა

19.07.2016 • 3247
უსაფრთხოების ნორმები მშენებლობებზე კონტროლს მიღმა

„მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით“ – ეს პასუხი წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ ოთხჯერ მოისმინა. ოთხჯერ მშენებლობიდან გადმოვარდა მუშა ბათუმში. ოთხივე დაიღუპა.

ამჟამად მშენებლობაზე ერთი დაშავებული მუშა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი იმ პირის დასჯას ითვალისწინებს, რომელიც მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესებს არღვევს. ბათუმში წელს მშენებლობებზე მუშების დაშავების ან დაღუპვის არც ერთი შემთხვევის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. სახელმწიფოს მშენებლობებზე უსაფრთხოების კონტროლის ნება არა აქვს.

„პაციენტი მკურნალობას გადის რეანიმაციის ზოგად განყოფილებაში და იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე,“ – ამბობს ექიმი გოჩა აბაშიძე ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან. პაციენტი 49 წლის იოსებ შავაძეა, ის 2 ივლისს „DS Group“-ის მშენებლობაზე დაშავდა ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში.
„ზამთარს აქეთ დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა, მანამდე არასდროს უმუშავია მშენებლად, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს, იქვე მუშაობდა სკოლაში, მეურნე იყო სკოლის…“, – გვიყვება დაშავებულის სიძე, ლევან გურგენიძე.

ის ამბობს, რომ მშენებლობაზე მაღალი ანაზღაურება შესთავაზეს და წამოვიდა, ოჯახს მეტი სჭირდებაო. იოსებს ოთხი შვილი ჰყავს.

იოსებ შავაძესთან ერთად, 2 ივლისს ქარგილის, ე.წ. „აპალოვკის“ დასხმის დროს დაშავდა იოსებ გობაძეც. ის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. „ბოლო ათი წელია მუშაობდა მშენებლად, მანამდე მძღოლი იყო. კოლმეურნეობის დროს ჩაის მკრეფავებთან მუშაობდა,“ – გვიყვება გარდაცვლილის სიძე, დათო გელაძე, „თვითნასწავლი იყო, მაგრამ კარგად იცოდა თავისი საქმე, ბევრ უმაღლეს დამთავრებულს ჯობდა. ბოლოს ავარიაში მოყვა, ფეხს იტკიებდა, არავის ბრალი არ იყო, ასე ვთვლი მე… 54 წლის იყო, ვაჟიშვილი შარშან დააქორწინა, გახარებული დადიოდა.“

38 წლის მერაბ ჭაღალიძე ფიროსმანის ქუჩაზე ჩამოვარდა მშენებლობიდან 24 ივნისს. აქ საცხოვრებელ კორპუსს „Real Palace“ აშენებს. კორპუსში, რომლის მეათე სართულიდანაც მერაბი გადმოვარდა, მისმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა მიიღო. მერაბის ძმა უბედური შემთხვევის დროს და ახლაც ამავე მშენებლობაზე განაგრძობს მუშაობას მშენებლად. მას ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

„მე შაქრო ჭაღალიძე ვარ, მერაბი ბიძაშვილია ჩემი, ერთი ბრიგადა ვართ სოფელ ჭალადან, შუახევის რაიონია, გეცოდინებათ… იმ დღეს ერთად ჩამოვედით დასასვენებლად მე-10 სართულზე. მერაბი მოაჯირისკენ წავიდა, იქედან კარგად ჩანდა ყველაფერი და ალბათ, ამიტომ მოუნდა იქ გასვლა, რა ვიცი. მოაჯირს გადააბიჯა, იქ ჩამოჯდომას ცდილობდა, მერე აღარ ვიცი რა მოხდა… 12 წელია ერთად ვმუშაობდით, ყველაზე ფრთხილი და დაკვირვებული მერაბი იყო ჩვენ შორის. ყველას აფრთხილებდა, მაინც მას მოუვიდა ასე… ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მეუღლე და დედ-მამა.“

„რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გამოძიება. შედეგს მე რატომ მეკითხებით? როგორც უყურებთ, გისოსებში არ ვარ. ის თუ მოგიკითხავთ, რა მდგომარეობაში ცხოვრობდა 18 ოჯახი, ვინც მშენებლობის დაწყებამდე იქ ცხოვრობდა? ყოველთვის პრობლემას რატომ ეძებთ…“ – ასე კომპანია „შველას“ წარმომადგენელმა გვიპასუხა, ვისი საკონტაქტო ინფორმაციაც სამშენებლო დაფაზეა გამოკრული და რომელმაც ვინაობა არ დაგვიზუსტა. ბათუმში, „შველას“ მშენებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან მშენებელი მუშა მაისში ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ის 30 წლის იყო. გამოძიება არ დასრულებულა.

კიდევ ერთი მუშა „პორტა ბათუმის“ მშენებლობიდან 8 თებერვალს ჩამოვარდა. მუშა იქაც ადგილზე გარდაიცვალა.

მშენებელი კომპანიების პასუხები იდენტურია. ისინი მუშების დაღუპვაში საკუთარ პასუხისმგებლობას გამორიცხავენ და ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული აქვთ. ამის მიუხედავად, ბათუმის ქუჩებში იოლია ნახო მშენებელი სამშენებლო ჩაფხუტის გარეშე, ან კიდევ მშენებლობა – მოაჯირის გარეშე.

მშენებლობა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

მშენებლობა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

„ამ საკითხზე ახლა ვერ გიპასუხებთ. შემიძლია, დამაჯერებლად გითხრათ, რომ შრომის პირობების მონიტორინგი და მისი უზრუნველყოფა შრომის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. იქ უკვე მოქმედებს შრომის ინსპექცია, ეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოეწყო და კომენტარი მათ უნდა გააკეთონ,“ – გვიპასუხა არჩილ თალაკვაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

მინისტრის მოადგილეს ვკითხეთ, რა სირთულის გამო ვერ სრულდება 240-ე მუხლით დაწყებული გამოძიება? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს, არჩილ თალაკვაძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო არ უნდა დაზარალდეს: „საქართველომ უნდა მოახერხოს რეგულირება იმგვარად, რომ დაცული იყოს დასაქმებულის უფლებები და ისიც, რომ ინვესტორებისთვის იყოს ხელსაყრელი გარემო. ეს ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს.“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს~ კანონით განსაზღვრულ 10 დღის ვადაში არ მოაწოდა ინფორმაცია, რამდენი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მშენებლობებზე უსაფრთოების წესების დარღვევის საფუძვლით, თუმცა ამ უწყებიდან „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისთვის~ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, მშენებლობებზე სულ 691 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა – 212. საერთო სასამართლოებმა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დარღვევაზე სულ 126 საქმე განიხილეს, სადაც პროკურატურას ბრალი 159 პირის წინააღმდეგ ჰქონდა წაყენებული. ამ სტატისტიკაში არ ჩანს, რა შედეგით დასრულდა საქმის განხილვა სასამართლოებში.

სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5-წლამდე, ასევე თანამდებობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე – კანონის ამ შეზღუდვით არ უსარგებლია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბოლო სამი წლის განმავლობაში. „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2014 წლიდან დღემდე სასამართლოს მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის სულ 12 საქმე განუხილავს, თორმეტივეზე გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარა და თორმეტივე შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმით დაუღწევიათ დამრღვევებს თავი სასამართლოსგან. 9 შემთხვევაში საპროცესო გარიგება გაფორმდა და მშენებელ კომპანიების ხელმძღვანელ პირებს პირობითი მსჯავრი შეეფარდათ ჯარიმებთან ერთად. დანარჩენ 3 შემთხვევაში კი სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა [ჯარიმის მინიმალური ოდენობა 1000 ლარია გამოყენებული, მაქსიმალური – 7 ათასი.] მიმდინარე წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მხოლოდ ერთი საქმე განუხილავს მშენებლობების უსაფრთხოების წესების დარღვევაზე.

„სახელმწიფოს მალე ეყოლება ძლიერი და ეფექტური შრომის ინსპექცია“, – ამბობს ელზა ჯგერენაია, ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მას ვკითხეთ, ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი, როცა ადამიანები მშენებლობებზე იღუპებიან. შრომის ინსპექციას ამ ეტაპზე მშენებლების შემოწმება მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუკი მესაკუთრე წერილობით თანხმობას განუცხადებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, უწყებას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის უფლება აქვს.

„ასეა, მაგრამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატისტიკა საკმაოდ პოზიტიურია“, – გვარწმუნებს ელზა ჯგერენაია, „შემოწმებული კომპანიებიდან 60 პროცენტს ნაწილობრივ შესრულებული აქვს რეკომენდაციები, 30 პროცენტს – სრულად, ხოლო 10 პროცენტს, ეს სადღაც 7 კომპანია გამოდის, არ გაუთვალისწინებია რეკომენდაციები. დამსაქმებლების მხრიდან აშკარაა ცნობიერების დაბალი დონე, არ იციან, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, რა სტანდარტით უნდა გამოიყენონ შესაბამისი ტექნიკა და ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანა უფრო ისაა, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია დამსაქმებლებს და მოხდეს პრევენცია. გასაგებია, რომ უბედური შემთხვევების რაოდენობა საგანგაშოა, მაგრამ აუცილებელია მომზადდეს ნორმატიული ბაზა, რის საფუძველზეც შრომის ინსპექცია გახდება ეფექტური და მას ექნება სანქციების გატარების უფლება. ჩვენ მივყვებით გეგმას. მოგეხსენებათ, ეს პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და ჩვენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ. მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზეც, რომელიც შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრებასაც მოიცავს და მას რამდენიმე თვეში შევიტანთ პარლამენტში“.

რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ დღემდე შრომის ინსპექციის ამოქმედება და გრძნობენ თუ არა პარლამენტში პასუხისმგებლობას მშენებლობებზე, რომელზეც უსაფრთოხების უზრუნველყოფის ნება ხელისუფლებას აქამდე არ გაუჩნდა – პარლამენტის ვიცე-სპიკერი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, მანანა კობახიძე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სამართლებრივი ბაზა ამ კუთხით სრულად მოწესრიგებულია:

„ეს არის, პირველ რიგში, შრომის კოდექსი, სადაც პირდაპირ გვაქვს მითითებული 35-ე მუხლი – უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უფლება. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მივიღეთ ახალი შრომის კოდექსი, რომელიც მოწონებული იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ის რეალობა, რომელიც მანამდე იყო. შრომის ახალმა კოდექსმა პირდაპირ უზრუნველყო ჯანსაღი გარემოს შექმნა…“.

მანანა კობახიძეს ვკითხეთ, რას გულისხმობდა „ჯანსაღ გარემოში“, ვუთხარით, რომ ბოლო 6 თვეში მარტო ბათუმში მშენებლობებიდან ჩამოვარდნილი 4 მუშა დაიღუპა. გვითხრა, რომ თუკი აღსრულების პრობლემა არსებობს, ეს საკითხი შესაბამისმა დარგობრივმა კომიტეტმა უნდა გაააქტიუროს: „კანონი გვაქვს, საჭიროა მისი სწორად აღსრულება… გარდა ამისა, ყველა საქმე ინდივიდუალურია. საინტერესოა, თვითონ მსხვერპლმა დაიცვა თუ არა უსაფრთხოების ზომები. იქნებ სწორედ საწარმოს მხრიდან ეს ზომები არ იყო დარღვეული? ყველა საქმე უნდა იქნეს გამოძიებული. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით, მე არ ვარ შრომითი უსაფრთხოების ექსპერტი“.

დარგობრივი კომიტეტი ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის კომიტეტია. მისი ხელმძღვანელი – დიმიტრი ხუნდაძეა. იგი თავდაპირველად კომენტარს დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

კიდევ ერთი უწყება, რომელმაც მშენებლობის უსაფრთხოება უნდა აკონტროლოს, მერიის ზედამხედველობის სამსახურია. წესი არსებობს, თუმცა აქ არ მუშაობს ტექნიკური ჯგუფი ან სპეციალისტი, რომელიც შეამოწმებს, არის თუ არა რეალურად დაცული უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე: „ასეთი ჯგუფი არ გვყავს. მარტო მაშინ ვრეაგირებთ, როცა ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ მშენებლები. ამ შემთხვევაში იწყება ადმინისტრაციული წარმოება და კომპანიას ვაძლევთ გაფრთხილებას. შემდეგი შემოწმების დროს, თუ ანალოგიური მდგომარეობა დაფიქსირდება, 500 ლარით ვაჯარიმებთ ობიექტს. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აღსრულებას მაშინ გადაეცემა საქმე, თუკი ამ დარღვევას სისტემატური ხასიათი აქვს,“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.

მოითხოვა თუ არა ბათუმის მერიამ რომელიმე მშენებელი კომპანიის მშენებლობის შეჩერება იმის გამო, რომ იქ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო? – ირაკლი მოქიას თქმით, ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო, თუმცა რომელი – არ ახსოვს: „DS Group“-ის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნაც გვქონდა გადაცემული აღსრულებაზე, ოღონდ სამშენებლო პროექტის დარღვევის გამო. აღსრულება არ მომხდარა მაინც.“

მშენებლობა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

მშენებლობა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

მერია და აღსრულების ეროვნული ბიურო უკანონოდ მიჩნეული მშენებლობის შეჩერებას რომ ვერ ახერხებს, ამის შესახებ „ბათუმელები“ ადრეც წერდა. ირაკლი მოქია ფიქრობს, რომ კანონი უნდა შეიცვალოს და აღსრულების ბიურო მხოლოდ წერილობითი შეტყობინებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს: „როცა საჭიროა, მაშინვე უნდა ჩაერთოს საქმეში პოლიცია და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაც უნდა იყოს შესაძლებელი“.

გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შრომითი უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოს დამოკიდებულება სიცოცხლის უფლების ხელყოფად შეიძლება შეფასდეს: „სწორედ სახელმწიფოს უმოქმედობა არის ირიბი მონაწილეობა იმ „დანაშაულში“, რომელსაც ჩადის დამსაქმებელი სამუშაოს წარმოებისას. სახელმწიფო ცდილობს დამსაქმებლებს შეუქმნას კომფორტული გარემო, რასაც არაერთი ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება“.

მერია აღიარებს, რომ ვერ აკონტროლებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – კანონს ელოდება, კანონმდებლებმა იციან, რომ კანონი უკვე დაწერილია, შსს-ს უცვლელი გზავნილი აქვს – „მიმდინარეობს ძიება 240-ე მუხლით~. შესაბამისად, გამონაკლისი მშენებელი, თუკი ამ უმოქმედობის მიუხედავად, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, ჯარიმას იხდის და ისევ სამშენებლო პოლიგონს უბრუნდება, სადაც უკვე სხვა ადამიანის სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: