13254335_10204930862991752_2164670345453739704_n

მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა

შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური და უნიკალური კვლევა, რომელშიც ხუთი ქვეყნის 40 მეცნიერი მონაწილეობდა, დასრულდა. კვლევის ერთ-ერთი მიზანი შავი ზღვის დანაგვიანების შეფასება იყო. კვლევის მონაწილეები ამბობენ, რომ შავი ზღვა, კვლევის ფარგლებში შემოწმებული ლოკაციების მიხედვით – ყველაზე მეტად დაბინძურებული საქართველოშია.

მარინოლიტერი – ასე უწოდებენ ზღვაში სხვადასხვა წარმოშობის ნაგავს. ეს შეიძლება იყოს: პოლიომერიული მასალა, პენოპლასტი, ქაღალდი, ტოტები, ფიჩხები და სხვა ნივთები, რაც მდინარეების ან სხვა გზებით ხვდება ზღვაში და მის ზედაპირზე დაცურავს. კვლევა, რომელიც აქამდე არასდროს ჩატარებულა შავ ზღვაში, 4 ივნისს დასრულდა და როგორც კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, შავი ზღვის დანაგვიანების მაჩვენებელი იმაზე გაცილებით უფრო ცუდია, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ.

„სამწუხაროა, მაგრამ მთლიანად შავ ზღვაში, სადაც ჩვენ ვაწარმოეთ დაკვირვება, ყველაზე დიდი რაოდენობის მარინოლიტერი საქართველოს წყლებში აღინიშნა. ასევე საგულისხმოა ის, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ნაგავი კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორის მიმდებარე წყლებშია,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.


მარინოლიტერი ხილვადი ნაგავია. რაც შეეხება შავი ზღვის „უხილავ“ დაბინძურებას, კვლევის ფარგლებში პოლუტანტებისა [დამაბინძურებელები] და ნუტრიენტების [ორგანული ნივთიერებების] რამდენიმე ასეული კომპონენტის ანალიზიც ჩატარდა, თუმცა კვლევის ეს ნაწილი უფრო დეტალურ შესწავლას საჭიროებს და მათი შედეგები, სხვა მსგავსი სინჯების მსგავსად, ოქტომბრის ბოლოს იქნება ცნობილი.

შავი ზღვის ერთობლივი კვლევა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში „შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესების“ (EMBLAS) პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ევროკავშირის კომისია და გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებდნენ.  კვლევის მონაწილე უნდა ყოფილიყო რუსეთის ფედერაციაც, თუმცა, როგორც არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რუსეთმა უარი განაცხადა მის ეკონომიკურ ზონასა და ტერიტორიულ წყლებში საერთაშორისო ექსპედიციის შესვლაზე. „ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ ჩავსულიყავით და მათთან ერთად გვემუშავა, ამიტომ რუსეთი თავის მონაცემებს თავად დაამატებს და უკვე საკმაოდ ვრცელი სურათი გვექნება,“ – ამბობს ის.

როგორც ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, სლოვაკმა ქიმიკოსმა პიტერ ოსვალდმა „ბათუმელებთან“ აღნიშნა, ექსპედიციის ფარგლებში აღებულ 2000-მდე ორგანულ ნივთიერებას [წამლები, ინდუსტრიული დამაბიძურებელი ნივთიერებები მრეწველობიდან და სხვა] საბერძნეთში გაუკეთდება ანალიზი. მეცნიერთა განმარტებით, ის თანამედროვე ტექნოლოგია, რაც ასეთი დაბალი კონცენტრაციის კვლევებისთვის არის საჭირო, მხოლოდ ევროკავშირშია. მასალის ნაწილი კი საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მოწმდება.

ლაბორატორია რუმინეთის კვლევით გემზე – Mare Nigrum

შავი ზღვის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში ზღვის ძუძუმწოვრების კვლევაც ჩატარდა. წინასწარი შედეგების თანახმად, მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილია, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის წყლებსა და მთლიანად შავი ზღვის აკვატორიაში.

კვლევის ფარგლებში შავი ზღვის დელფინების ფოტოკატალოგი უნდა შეიქმნას. არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ დელფინის ზურგის ფარფლზე არსებული ღარები და ნაჭდევები, მათი ფორმა და მოყვანილობა, ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი, ამიტომ მათი ერთხელ დაფიქსირებით შესაძლებელია მომავალშიც ამოიცნოთ დელფინი.

დელფინებზე დაკვირვება და მათი აღრიცხვა კი ასე ხდება:

„გემის ორივე ბორტზე დგება ორი ადამიანი, რომლებიც სპეციალური ბინოკლებით აკვირდებიან ზღვას და როცა ცალკეულ დელფინს ან გუნდს აღმოაჩენენ, ხდება მათი აღრიცხვა და სახეობრივი ინდეტიფიცირება – თეთრგვერდა დელფინია, ზღვის ღორია თუ აფალინა. მოგეხსენებათ, შავ ზღვაში დელფინის ეს სამი სახეობაა გავრცელებული. ასევე ხდება მათი მიმართულების, სიჩქარისა და ადგილმონაცვლეობის გაანალიზება. ეს ინფორმაცია შედის კომპიუტერში, ხდება ამის განზოგადება მთელს აკვატორიაზე და ვიღებთ რიცხვს, თუ რამდენი ძუძუმწოვარია ამ მომენტისთვის იმ კონკრეტულ აკვატორიაში, ან მთლიანად შავ ზღვაში“, – განმარტავს არჩილ გუჩმანიძე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელს საქართველოს სანაპირო ზოლზე დელფინების გამორიყვის 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ უმეტესობას ისეთივე კლინიკა და პათანატომიური სურათი აქვს, როგორიც 2012 წელს გამორიყლ დელფინებს აღენიშნებოდათ. მაშინ გამორიყული დელფინებისგან აღებული ქსოვილების მასალის ვირუსოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა საქართველოს წყლებში და მთლიანად შავი ზღვის აკვატორიაში მორბილ ვირუსული წარმოშობის დაავადების არსებობა. აქედან გამომდინარე, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საქართველოს წყლებში კვლავ ადგილი ჰქონდეს ვირუსოლოგიური ბუნების დაავადებას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რაც ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, შავი ზღვის ჰიპოქსიაა – ანუ ჟანგბადსმოკლებული ზონების კვლევა. როგორც ცნობილია, შავ ზღვაში კონცენტრირებულია გოგირდწყალბადი, რის გამოც შავი ზღვის 80%-ზე მეტი სიცოცხლეს არის მოკლებული, ანუ მასში არ გვხვდება ცოცხალი ორგანიზმები, სწორედ ამიტომ აუცილებელია დაკვირვება – იზრდება თუ არა გოგირდწყალბადის ფენა შავ ზღვაში და ხდება თუ არა მისი ამოწევა ზედაპირზე.

ამ მიმართულებით ექსპედიციის ფარგლებში ერთი საინტერესო აღმოჩენაც გაკეთდა. მეცნიერებმა 1960 მეტრ სიღრმეზე სპეციალური, სტერილური შპრიცით აიღეს გრუნტის ზედაპირი და დათესეს, საიდანაც ხუთი ფორმის მიკროორგანიზმი ამოითესა. „ეს პატარა სენსაციაცაა, რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ შავი ზღვა არის მოკლებული სიცოცხლეს, რომ მასში არ გვხვდება ცოცხალი ორგანიზმები, მაგრამ ამოვიღეთ ხუთი ფორმა. ეს სინჯები უფრო სიღრმისეული კვლევებისთვის გადავეცით ბაქტერიოფაგის ინსტიტუტს. მალე საზოგადოებას ამ კუთხით ძალიან საინტერესო ფაქტებს მივაწვდით,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მეცნიერების თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რასაც კვლევის პასუხები საზოგადოებას მისცემს – შავი ზღვის დიაგნოზია.

„შავი ზღვის ეკოსისტემა არ არის ისეთი ჯანსაღი, როგორიც გასული საუკუნის 20-30-იან წლებში იყო, აქედან გამომდინარე ჩვენ მუდმივად მის პულსზე უნდა გვეჭიროს ხელი. როცა ხმელეთზე რაღაც ხდება, ის ვიზუალურად შესამჩნევია – მთა მოწყდება, ტყე გაიჩეხება… მაგრამ ზღვაში ეს ყველაფერი არ ჩანს, ხოლო როცა ზღვა გამოავლენს და დაგვანახებს მის პრობლემებს – უკვე ძალიან გვიანი იქნება. სანამ მდგომარეობა ჩიხში შევა, ჩვენ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ რა პრობლემები გვაქვს, განვიხილოთ და შევთანხმდეთ, თუ რა ზომების მიღება შეგვიძლია სიტუაციის შესამსუბუქებლად და მერე უკვე უნდა გადაწყდეს კონკრეტული მკურნალობა,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

შავი ზღვის მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს წყალქვეშ რამდენიმე სადგურზე სპეციალური წყალქვეშა რობოტის საშუალებით ზღვის ფსკერიც გადაიღეს. კადრები ოქტომბრამდე გამოქვეყნდება.

 

ამავე თემაზე: შავი ზღვის სანაპიროს საქართველოში უცხოელი მეცნიერები იკვლევენ 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან