კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

„არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები“ – ინტერვიუ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან

05.07.2016 • 2433
„არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები“ – ინტერვიუ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან

პაატა ჯალაღონია დღემდე მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ურთიერთობა კი ამ ორ სტრუქტურას შორის უფლებამოსილების ოთხ წელიწადში ბევრჯერ გართულდა. მიუხედავად ამისა, წინასწარი მონაცემების მიხედვით, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, პაატა ჯალაღონიას, ასარჩევად საჭირო 11 მხარდამჭერი ჰყავს. რას შეცვლის უსკოს მუშაობაში არჩევის შემთხვევაში და გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებებს – ამ და სხვა კითხვებზე მან „ბათუმელებს“ უპასუხა.

ბატონო პაატა, რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე, რას ეტყვით დეპუტატებს და საზოგადოების იმ ნაწილს, რომლისთვისაც სულერთი არ არის ვინ იქნება უსკოს თავმჯდომარე?

რთულია საკუთარ თავზე ისაუბრო. 1999 წლიდან თითქმის ყველა არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით, როგორც საუბნო საოლქო, ასევე უმაღლესი საარჩევნო კომისიის დონეზე. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ამ კუთხით. ამასთანავე გამოცდილება გამაჩნია საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო პროცედურების კუთხით, ვკითხულობდი ტრენინგებს და სემინარებს. გარდა ამისა, ვფიქრობ, ასვე მნიშვნელოვანია ის, რომ არ ვარ არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრი, არ მქონია პრეტენზია და სურვილი ვყოფილიყავი პოლიტიკურად აქტიური. შესაბამისად ვაკმაყოფილებ ყველა იმ მოთხოვნას და სტანდარტს, რაც აუცილებელია უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის.

თუმცა ზოგიერთი ამბობს, ობიექტური ვერ იქნება, მაინც ხაბაძის გუნდის წარმომადგენელიაო. რას იტყვით ამაზე?

მე ვარ საჯარო მოხელე ხაბაძის აპარატში. მაგრამ რას ნიშნავს ობიექტური ვერ იქნებაო?! ვფიქრობ, საზოგადოების მხრიდან ზედმეტად გაპოლიტიზებულია უსკოს თამჯდომარის კანდიდატურა. დიახ, ის არის მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს უსკოს კომისია და არა მხოლოდ თავმჯდომარე.

თუ გახდებით უსკოს თავმჯდომარე, რას შეცვლით უსკოს მუშაობაში?

რამდენიმე მიმართულებაა, რის შეცვლასაც ვგეგმავ, ეს არის თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც ინსტიტუციის ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში. ბევრს ვსაუბრობთ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციებზე, თუმცა რა ფუნქციას ასრულებს ეს დაწესებულება, ამ მხრივ ინფორმაციის ნაკლებობაა. ხშირია პოლიტიკური კუთხით ამ ორგანოს მოხსენიება. იგივე საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის კუთხით, მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო საზოგადოებისათვის: თუ რას წარმოადგენს ეს დაწესებულება და შიგნით რა ხდება, როგორ იმართება. საჭიროა როგორც უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების, ასევე აპარატის ცნობიერების ამაღლება. ამით არანაირად არ მინდა იმის თქმა, რომ იქ არაპროფესიონალები მუშაობენ, პირიქით, თუმცა მუდმივი ზრუნვა, განახლება, განვითარებაა საჭირო, მითუმეტეს როდესაც ხშირად იცვლება საარჩევნო კანონმდებლობა.

უმაღლესი საარჩევნო კომისია უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონში ერთგვარ განათლების ცენტრად, რომელიც ნებისმიერ მსურველს მიაწვდის დროულ სწორ ინფორმაციას საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო პროცედურებზე. ვისაც აქვს იმის სურივილი, რომ მომავალში იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე, მიიღოს სერტიფიკატი, უნდა ჰქონდეს რეგიონში ამ ტიპის ინფორმაციის თუნდაც ახსნა-განმარტებების კანონმდებლობის კუთხით მიღების შესაძლებლობა. ეს არის ის, რისი შეცვლაც, ვფიქრობ, აუცილებელია უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 12 წელი არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდი. შესაბამისი ფონდების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მოძიება დაგვეხმარება როგორც უმაღლესი საარჩევნო კომისიის განახლებაში, ასევე ცენტრად ჩამოყალიბებაში. ამ ორგანიზაციების მოძიება რთული არ იქნება.

ყოველთვის იყო აქტუალური კითხვა, რას აკეთებს უსკო მთელი სამი წელი, როცა არ არის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ახლა თქვენ ამბობთ, რომ ეს დრო უსკომ განათლებას უნდა მოახმაროს. მხოლოდ თავის განათლებას თუ ახალ კადრებსაც მოამზადებთ?

დამერწმუნეთ, ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, შეუძლიათ ეს ტვირთი დამატებით იკისრონ. თუკი ეს აუცილებელი არ იქნება, შეიძლება გარედან შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც საარჩევნო პერიოდში იმუშავებენ სწორედ ამ საარჩევნო პროცედურაზე საარჩევნო საკითხების ან ტრენინგების მოწყობის კუთხით. არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები ისედაც შეუძლებელია და ნამდვილად არ ვგეგმავ არაფერს.

ვიცით, რომ უსკო ცესკოს მიერ შერჩეულ ოლქებსა და ამ ოლქების მიერ შერჩეულ საუბნო კომისიებზე დაყრდნობით ატარებს არჩევნებსკომისიებში ხშირად ხვდებიან პირები, რომლებსაც დისციპლინარული სასჯელები ჰქონდათ საარჩევნო დარღვევების, გადაცდომების გამოამას როგორ შეეწინააღმდეგებით?

უსკო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ვერ შეეწინააღმდეგება, კანონით გაწერილი აქვს ორივეს თავისი ფუნქცია. რაც შეეხება წინააღმდეგობას, არც მიფიქრია ამ კუთხით ჩემი საქმიანობის გაგრძელება სადმე. თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ადმინისტრაციული სახდელები ან ისეთი დარღვევები ჰქონდათ, რის გამოც ისინი არ შეიძლება იყვნენ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება

ამ საკითხზე ნამდვილად მაქვს პოზიცია, მაგრამ რადგანაც მე ვარ ამჟამად უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, საარჩევნო სისტემების რაობაზე, საჭიროებაზე, აუცილებლობაზე საუბრისგან ამჯერად თავს შევიკავებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: