კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა

29 სტადიონი ხელოვნური საფარის გარეშე

03.07.2016 • 2689
29 სტადიონი ხელოვნური საფარის გარეშე

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სპორტული მოედნები ავარიულ მდგომარეობაშია და შეკეთებას საჭიროებს. დაზიანებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს პრობლემას სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის არარსებობა უქმნის, ბავშვები აქ მხოლოდ მაშინ თამაშობენ, როდესაც წყლის გუბეებს მზე ამოაშრობს.

სპორტულ მინიმოედნებს, რომლებიც სოფლის ცენტრებსა და სკოლების გვერდითაა მოწყობილი, ძირითადად, ხელოვნური საფარი არ აქვთ.

სპორტული მინიმოედანი ქედის სოფლებში: ტაკიძეებში, გოგიაშვილებში, დანდალოში, ხარაულაში, ცხმორისში, გეგელიძეებში, ვარჯანისში, წონიარისში, ზესოფელში… სულ 30 სოფელშია მოწყობილი. მათი უმრავლესობა 2005-2006 წლებშია აშენებული. მოედნის კონსტრუქცია თითქმის ყველგან ერთნაირია, რამდენიმე კვადრატზე მოწყობილ სტადიონებს დამცავ კედლებად თითქმის ერთ მეტრ სიმაღლეზე ხის ძელები, შემდეგ კი ლითონის მავთული აქვს გარშემორტყმული. 30 მოედნიდან ხელოვნური საფარი აქ მხოლოდ დაბა ქედაში არსებულ სპორტულ მოედანს აქვს.

ხელოვნური საფარის გარეშე არსებულ მოედნებზე თამაში მხოლოდ კარგი ამინდის დროსაა შესაძლებელი, რადგან საფარის გარეშე დარჩენილ მოედანზე წვიმის დროს წყალი გუბდება და ტალახდება. გარდა ამისა, მსგავს მოედნებზე იზრდება ჯანმრთელობის რისკები ბავშვებისთვის. პრობლემაა ისიც, რომ ათეული წლის წინ აშენებულ სტადიონებზე მოწყობილი ხის ძელები ალაგ-ალაგ ჩამტვრეულია და დღეს იმ დანიშნულებას ვეღარ ასრულებს, რისთვისაც მოეწყო.

მწყობრიდან გამოსულია და შეკეთებას საჭიროებს სოფელ პირველ მასში არსებული სპორტული მოედანიც, აქ ხის ძელებიც დამპალია და მავთულიც დაზიანებულია ალაგ-ალაგ, მოედანს, ისევე როგორც სხვა სოფლებში, არც აქ აქვს ხელოვნური საფარი. ანალოგიურად საფარის გარეშეა სოფელ კვაშტაში არსებული მოედანიც. გასარემონტებელია სოფელ ძენწმანში, ზედა ბზუბზუსა და სხვა სოფლებში არსებული მოედნებიც.

ქედის გამგეობაში განმარტავენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით გამგეობა წელს ხუთ მოედანს არემონტებს, სოფელ ცხომორისის ცენტრში კი ახლის მშენებლობა მიმდინარეობს, მოედნის ასაშენებლად აქ 17 699 ლარი დაიხარჯება.

„სოფელ დოლოგანში არსებული მოედნის რემონტზე 5 167 ლარი, ოქტომბერში – 13 265, ზვარეს ცენტრში მოწყობილ მოედნის რემონტზე – 13 960, დანდალოში – 11 684 და წონიარისის მოედნის რემონტზე 10 134 ლარი დაიხარჯება,“ – ამბობს ქედის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი გივი დევაძე.

სარემონტო სამუშაოებზე გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი მოედნის საყრდენი კედლის მზა ბეტონით ჩამოსხმას მოხმარდება.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტული მოედნები ავარიულ მდგომარეობაშია, დღემდე არც ერთი მათგანი არ გაურემონტებიათ. ადგლობრივ ხელისუფლებას დღემდე არც ხელოვნური საფარის მოწყობაზე უფიქრია.

ამის მიუხედავად ქედის გამგებელი დავით დუმბაძე მაინც წინამორბედ ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ სტადიონები იმდროინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყოველგვარი გათვლების გარეშე გააკეთა. მისი თქმით, სოფლებში მოედნების მოწყობამდე არავის უფიქრია, იყო თუ არა ამის საჭიროება და არც ის გაუთვლიათ, ნაძვის ძელისგან გაკეთებული დამცავი კედელი მალე რომ დაზიანდებოდა.

სპორტული მოედანი სოფელ კვაშტაში

სპორტული მოედანი სოფელ კვაშტაში

„ისეთი სპორტული მოედნის რემონტზე, როგორიც სოფელ მეძიბნაში, სოფლის თავშია მოწყობილი და იქ ბურთი დღემდე არავის უთამაშია, საუბარი არ არის. ხოლო ისეთი მოედნები, როგორიცაა სოფლებში: აგარაში, ვაიოში, კვაშტაში, სადაც ბავშვები აქტიურად იყენებენ და თამაშობენ, დაგეგმილი გვაქვს გავარემონტოთ, მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ორი მოედნის ხელოვნური საფარით უზრუნველყოფა და ათამდე მოედნის გარემონტება. სარემონტო სამუშაოები დაწყებულია რიგ სოფლებში. ეტაპობრივად ის მოედნები გარემონტდება, რომლებიც გამოყენებადია. ვფიქრობ, მომავლისთვის სოფლების სტადიონების პრობლემა სრულიად მოგვარდება.

რაც შეეხება ნაძვის ძელებს, რომლითაც მინისტადიონებს აწყობდნენ, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ნაძვის ძელი 3-4 წელიწადში ლპება, რაც დამატებით პრობლემას ქმნის. ვფიქრობთ, სადაც ძელებია გაკეთებული და ამ დროისთვის დაზიანებულია, იქ ბეტონის კედელი მოვაწყოთ, ან სხვა მყარი ნაწილით ჩავანაცვლოთ ძელები, წაბლის მასალა მყარი და უფრო გამძლეა, მაგრამ ვერ მოვაწყობთ, რადგან ძვირია. ამ დროისთვის სოფელ დოლოგანში ბეტონს ვაწყობთ ძელების ნაცვლად. რაც შეეხება ხელოვნური საფარის მოწყობას, ჯერ ის ფუფუნება არ გვაქვს, ყველა ხელოვნური საფარით დავფაროთ“, – ამბობს დავით დუმბაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ქედის გამგებელი იმედოვნებს, რომ სოფლებში ბავშვებს მალე ხელოვნურსაფარიანი მოედნები ექნებათ, ხელოვნური საფარის მოწყობა არც ახალი მოედნის ხარჯთაღრიცხვაშია გაწერილი და არც იმ მოედნების სარემონტო სამუშაოებში, რაზეც ქედის გამგეობის ბიუჯეტიდან 54 210 ლარია გაწერილი [მთლიანობაში ხუთი მოედნის გასარემონტებლად].

გივი დევაძის თქმით, დაბაში არსებული სპორტული მოედნის ხელოვნური საფარით დაფარვა გამგეობას რამდენიმე წლის წინ დაახლოებით 30 000 ლარი დაუჯდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: