კვირის ამბები,კვირის ამბები

სად დასაქმდებიან ბათუმელი სტუდენტები

15.06.2016 • 1481
სად დასაქმდებიან ბათუმელი სტუდენტები

200 ბათუმელ სტუდენტს ქალაქის მერია ერთი თვის მანძილზე დაასაქმებს. თითოეული, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, 400 ლარს მიიღებს. პროგრამაში მოსახვედრად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 20 ივნისამდე გაგრძელდება. სად დასაქმდებიან სტუდენტები? 

“სტუდენტური საზაფხულო დასაქმების” პროგრამის ბიუჯეტი წელს 85 000 ლარია. ამ პროგრამას ბათუმის მერია უკვე შვიდი წელია ახორციელებს და წლების განმავლობაში იცვლებოდა როგორც ბენეფიციართა კრიტერიუმები, ისე სამუშაოთა სახეობები.
წელს პროგრამის ფარგლებში 200 სტუდენტი დასაქმდება, ამ რიცხვზე მერიაში შარშანდელი სტატისტიკის შედეგად შეჯერდნენ. როგორც მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელი ია შალამბერიძე ამბობს, 2015 წელს კონკურსი არ ჩატარებულა, მათთან სულ 250 განაცხადი შევიდა და ყველა დააკმაყოფილეს. თუმცა, როგორც მონიტორინგის საფუძველზე დადგინდა, დასაქმებულ სტუდენტთაგან რამდენიმემ არ შეასრულა სამუშაო – ანაზღაურებაც მხოლოდ 235-მა სტუდენტმა მიიღო.
სტუდენტები წელსაც მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმდებიან.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში გვითხრეს, მათ ბაზრის კვლევა ჩაატარეს და განსაზღვრულია, თუ სად რამდენი რესურსია საჭირო. თუმცა, მუნიციპალურ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ეს საკითხი ჯერ მათთან არ არის დაზუსტებული.
შპს “ავტოტრანსპორტის” დირექტორი პაატა დუმბაძე ამბობს, რომ მერია თავად ანაწილებს სტუდენტებს აიპიებსა და შპს-ებში, ამიტომ წელს რამდენ სტუდენტს მიიღებენ ზუსტად – ჯერ არ იციან. “როგორც წესი, სტუდენტების თითქმის ნახევარი ჩვენთან მოდის. შარშან 50-ზე მეტი სტუდენტი იყო ჩვენთან, ძირითადად კონტროლის ჯგუფში, ასევე საგზაო მოძრაობის კონტროლის განყოფილებაში. “ბათუმველოში” დავასაქმეთ უცხო ენის მცოდნე სტუდენტები, ექსპლუატაცია-საოპერაციო განყოფილებაშიც, სადაც ავტობუსების გრაფიკების შედგენა-გაშვება ევალებოდათ”.
კითხვაზე, თუ რა რესურსი სჭირდება ამ ეტაპზე მათ ორგანიზაციას, პაატა დუმბაძე პასუხობს: “ჩვენ გვაქვს მერიის მიერ დამტკიცებული საშტატო ერთეული იმისთვის, რომ ნორმალურად ვიფუნქციონიროთ. ეს ერთთვიანი დასაქმება იმ სტუდენტებისთვისაა, რომლებიც იღებენ პრაქტიკას და გამოცდილებას, ვიდრე ჩვენთვის”.
მისივე თქმით, ყველაზე ეფექტურად სტუდენტების რესურსს მარკეტინგის განყოფილებაში იყენებენ, სადაც სპეციალურად შედგენილი კითხვარით, სტუდენტები კვლევებს/გამოკითხვებს ატარებენ. “თუ კვლევა ორ თვეში უნდა გაგვეკეთებინა, სტუდენტების ჭარბი რაოდენობა გვეხმარება იმაში, რომ ეს პროცესი უფრო ადრე დავასრულოთ,” – ამბობს პაატა დუმბაძე.

კიდევ ერთი ორგანიზაცია, სადაც ზაფხულში სტუდენტები დასაქმდებიან, ბათუმის ბოტანიკური ბაღია, რომელიც ასევე ყოველ წელს მონაწილეობს ამ პროგრამაში.
|ჩვენ მზად ვართ, ჩავრთოთ სტუდენტები, მაგრამ, ჯერჯერობით, არ გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია, არც მერიიდან და არც უნივერსიტეტიდან. სტუდენტები, ძირითადად, მცენარეთა მოვლა-პატრონობით სამუშაოებს ასრულებენ ჩვენთან”, – ამბობს ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე ბიძინა ფერცელიძე.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჯერ არ იციან ასეთი სამუშაოებისთვის რამდენი სტუდენტი სჭირდებათ. “ჩვენთან ახალი ხელმძღვანელობაც არის, ამიტომ შარშანდელი მონაცემებით ვერ გიპასუხებთ ამ საკითხზე,” – ამბობს ბიძინა ფერცელიძე.
“წელს იყო ლაპარაკი, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი არ არის გადაწყვეტილი,” – ამბობს ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი ჯონი საბაშვილი. აქ სტუდენტები, ძირითადად, საორგანიზაციო საკითხებში ეხმარებიან პერსონალს – სტუმრების დახვედრა, გაცილება, კულისებში საკონცერტო რეკვიზიტების ჩაბარება და ა.შ. წელს ცენტრში სტუდენტების საჭირო რაოდენობა იმ ღონისძიებების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რაც ზაფხულში უნდა ჩატარდეს. თუ ბევრი ღონისძიება გვექნება, 10 სტუდენტის რესურსი არაფერია ჩვენთვის გამოსაყენებლად, – ამბობს ჯონი საბაშვილი.

ბათუმის დელფინარიუმში კი გვითხრეს, რომ წელს ისინი 20 სტუდენტის დასაქმებას გეგმავენ: “მოთხოვნა გვაქვს 20 სტუდენტზე, ივლისში – 10 და აგვისტოში – 10. ძირითადად კაპედილერის პოზიციებზე. ტურისტული ნაკადი დიდია მთელი დღის განმავლობაში, მათ ევალებათ სტუმრებისთვის ადგილების მითითება და ა.შ.” – ამბობს დელფინარიუმის დირექტორი დავით ლეკვეიშვილი.
გარდა ამისა, სტუდენტები ასევე დასაქმდებიან ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში, შპს “წყალკანალში”, “სანდასუფთავებაში”, ასევე მერიის სპორტულ განყოფილებაში და სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში (ყინულის სასახლეში).
პროგრამით მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებული სტუდენტები ისარგებლებენ. მსგავსი პროგრამები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის არ მუშაობს. „ერთი პერიოდი პროგრამაში ხვდებოდნენ არა მარტო ბათუმში დასახლებული, არამედ ბათუმში ვინც სწავლობდნენ ის პირებიც, ეს ძალიან დიდი კონტინგენტი იყო. ბოლო ორი წელია მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებს ვიღებთ – არ არის მოზღვავებული ტალღა,” – განმარტავს სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძე.
პროგრამაში შესაძლოა მოხვდნენ ის სტუდენტებიც, რომლებიც ბათუმში არიან რეგისტრირებული, მაგრამ სხვა ქალაქებში სწავლობენ. პრიორიტეტი სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს მიკუთვნებულ, მზრუნველობამოკლებულ სტუდენტებს მიენიჭებათ, ასევე სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან გარდაცვლილად გამოცხადებულის, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის შვილები არიან; სტუდენტებს, რომლებიც აქტიურ მოხალისეებად იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის მიერ ინიცირებულ პროგრამებში (ეკოლოგიის, გამწვანების, გაწმენდით და სხვა მოხალისეობრივ აქტივობებში) და ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, რომელთა საშუალო ქულა 81-ს შედგენს.
ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართვის მსურველთა 40 განცხადებაა შესული. ია შალამბერიძე: “ზოგმა ხარვეზით შემოიტანა განაცხადი. თუ პრობლემები ექნებათ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და კონტინგენტი არ შეივსება, არ გამოვრიცხავთ, რომ ვადა გადაიწიოს”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: