კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ბათუმი, აბაშიძის №48 – გალაკტიონი, სტალინი და ეროვნული საბჭო ერთ მისამართზე

27.06.2016 • 5989
ბათუმი, აბაშიძის №48 – გალაკტიონი, სტალინი და ეროვნული საბჭო ერთ მისამართზე

ბათუმში, აბაშიძის №48-ში სახლი ფასადით გამოდის ქუჩაზე, შიდა ეზოში კი რამდენიმე შენობა მდებარეობს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს, თუმცა შენობა ბათუმის ერთ-ერთ უძველეს ქუჩაზე, რომელსაც მე-20 საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირს უწოდებდნენ, ისტორიულია.

საზოგადოება „ბათომის” დამფუძნებელი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ამ სახლს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი სახელები უკავშირდება: საქართველოს ეროვნული საბჭოს, სტალინისა და გალაკტიონ ტაბიძის.

აბაშიძის №48-ში ამჟამად რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. აქვე მდებარეობს გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციის ოფისი და სტუდია „იალონი”, სადაც საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე მუშაობს.

შოთა ამბობს, რომ აბაშიძის №48-ის შესახებ ჩანიშვნას ჯერ გალაკტიონ ტაბიძის ჩანაწერებში წააწყდა შემთხვევით, ძიების პროცესში კი უკვე სხვა ამბებიც გამოჩნდა, რომელიც, ასევე, ამ სახლს უკავშირდება.

შოთა გუჯაბიძე

შოთა გუჯაბიძე

„ლიტერატურის მუზეუმმა გააკეთა ვებგვერდი გალაკტიონზე, სადაც ყველა ინფორმაციაა გამოქვეყნებული, მისი ჩანაწერები, წიგნაკები…

ამ ვებგვერდის დათვალიერებისას შემთხვევით ვიპოვე გალაკტიონის ჩანაწერი: „ბათუმი, სტალინის №48, თამარი“.

ბუნებრივია, გამიჩნდა ინტერესი, რას უკავშირდებოდა ეს ჩანაწერი და დავიწყე თამარის ძებნა იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. გალაკტიონს ჩანაწერი გაკეთებული აქვს 1957 წელს, აღმოჩნდა, რომ ამ მისამართზე მაშინ ცხოვრობდა 27 ოჯახი და მათ შორს იყო მხოლოდ ერთი თამარი, მაშინდელი „დომკომი“.

მქონდა იმედი, რომ ეს ჩანაწერი: თამარი, ბათუმი, ზღვა, გალაკტიონი… რაღაც რომანტიკულ ისტორიასთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც მთლად ასე იყო საქმე“, – ამბობს შოთა. იგი ვარაუდობს, რომ გალაკტიონს აბაშიძის №48-ში სახლმმართველი თამარი შესაძლოა საბინაო საკითხის მოსაწესრიგებლად დასჭირვებოდა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.

„გალაკტიონს, რომელიც ამ დროს უკვე პოეტი აკადემიკოსი იყო, შეიძლება „ინტურისტშიც“ ეცხოვრა, ამიტომაც ეს ჩანაწერი მაინც ბუნდოვანია, მაგრამ აქ ჩნდება კიდევ ერთი ადამიანი, გაბრიელ ივანეს ჩანგიშვილი, უბნის მეამბოხე და სკანდალისტი. იმავე გვერდზე აქვს ჩანიშნული გალაკტიონს მისი სახელი და გვარიც.

ამ ამბავში იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ აბაშიძის №48 საჯარო ბიბლიოთეკის წინ მდებარეობს, სადაც გალაკტიონს მოუწყობდნენ შეხვედრებს“, – ამბობს შოთა.

ბათუმი, მემედ აბაშიძის №48

ბათუმში, აბაშიძის №48-ში გალაკტიონის კვალის ძიებისას შოთამ ამ სახლში იმ ადამიანის კვალიც იპოვა, რომლის სახელსაც ატარებდა მაშინ მემედ აბაშიძის გამზირი.

№48-ში მდებარე სახლი იოსებ სტალინზეც ინახავს მოგონებას. 1901 წელს ქარხნის მუშა იოსებ ჯუღაშვილი სწორედ ამ შენობაში მართავდა არალეგალურ შეხვედრებს.

„თამარის ძებნისას გავიგე ეს ამბავიც. თამარის შვილმა მიამბო დედამისის მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორ დააკაკუნეს ერთ დღეს მათ კარზე. კართან ხანდაზმული ადამიანი იდგა, რომელსაც შემოსვლა და ოთახის დათვალიერება უთხოვია. მიზეზი რომ ჰკითხეს, ამ ადამიანს უთქვამს, რომ 1901 წელს სწორედ ამ ოთახში ესწრებოდა არალეგალურ შეხვედრებს, რომელსაც სტალინი მართავდა.

ბათუმში, ზოგადად, ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს, რომ აი, იქ იმალებოდა სტალინი, იმან გაქცია… ტყუილისა და სიმართლის გარჩევა ჭირს ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს ადამიანის მონათხრობი, რომელსაც არ გვაქვს უფლება, რომ არ ვენდოთ“, – ამბობს შოთა.

კიდევ ერთი სახელი, რომელიც აბაშიძის №48-თანაა კავშირში, საქართველოში ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას უკავშირდება, როგორიცაა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

„ეს ამბავი იმით დაიწყო, რომ ხელში ჩამივარდა დოკუმენტი, რომელსაც აწერია: ბათომი, ეროვნული საბჭო.

ირაკლი ხვადაგიანის დახმარებით, რომელიც არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრი და მკვლევარი, ვიპოვეთ მისამართი, სადაც მდებარეობდა ბათუმში ეროვნული საბჭო და ეს იყო სწორედ აბაშიძის, მაშინ მარიას გამზირის №48. ეს ამბავიც ამდიდრებს ამ სახლის ისტორიას“, – ამბობს შოთა.

ეროვნული საბჭო ბათომი

შოთა ფიქრობს, რომ შესაძლოა აბაშიძის №48-ის ამბავი ამით არც დასრულდეს.

„ძებნა ისეთი პროცესია, რომ ყოველთვის სადღაც მიჰყავხარ, სხვა რაღაცებს აღმოგაჩენინებს. მე მხიბლავს ეს პროცესი. გადაწყვეტილი მაქვს, აბრა გავაკეთო და სახლზე გავაკრა გალაკტიონის ხელით დაწერილი ეს მისამართი: „ბათუმი, სტალინის №48. თამარი.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: