კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ბატონი ავთანდილის ოთხი წელიწადი

24.06.2016 • 2648
ბატონი ავთანდილის ოთხი წელიწადი

„კინო ქართველების მოგონილია,“ – თქვა ავთანდილ ბერიძემ 2013-ში საავტორო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალზე. შეიძლება ეს ფრაზა არა, მაგრამ არასდროს დაგავიწყდებათ კადრი კინოფესტივალის ცერემონიალის დაწყებამდე, „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, მანანა ქველიაშვილმა რომ გადაიღო – ბატონ ავთანდილს წვიმაში ქოლგით მოაცილებენ… ავთანდილ ბერიძე მეოთხე წელია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა და ისევ აქვს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სურვილი.

„როგორ გითხრათ, ცოცხალი ადამიანია ძალიან და ამიტომ უნდა დარჩეს პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სიძნელეებში იმყოფება უმაღლესი საბჭო ყოველთვის, ბატონი ავთანდილი ყველაფერს ახერხებს, კარგად მიჰყავს სხდომები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი ჯაში, ფრაქციის – „ქართული ოცნება-აჭარა“ თავმჯდომარე. მან ვერ დაგვისახელა „კარგად ჩატარებული სხდომების“ კონკრეტული შედეგი: „მასე ზეპირად არ ვიცი. გადავხედო უნდა მაშინ.“

მიუხედავად იმისა, რომ გარედან უმაღლესი საბჭო ხშირად ფასდებოდა როგორც „მკვდარი“ ან „კომფორტზე ორიენტირებული“ სახელმწიფო ორგანო, ავთანდილ ბერიძის თანაგუნდელები „ცოცხალზე“ აკეთებენ აქცენტს.

„ამ ოთხ წელიწადში ყველამ დაინახა, როგორი ცოცხალი და ფუნქციური ორგანოა უმაღლესი საბჭო. აქამდე საბჭოს არსებობის შესახებ არც კი იცოდნენ“, – ამბობს ალექსანდრე ჩიტიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

„ბათუმელებს“ არ უცდია დაკავშირება თავად ავთანდილ ბერიძესთან, რადგან ის გასული ოთხი წლის განმავლობაში არიდებდა თავს ჟურნალისტებთან კომუნიკაციას.

რისთვის იყო სასარგებლო, როცა მაცივრიანი ჯიპი, ქოლგა ან სასაფლაოებზე სიარული იუმორისტული შოუების თემად იქცა? – კითხვაზე ავთანდილ ბერიძის თანაგუნდელმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა ასე გვიპასუხა: „თუ დააკვირდებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მას ასეთი შეცდომები აღარ დაუშვია. საზოგადოებრივმა აზრმა იქონია გავლენა. ესეც ხომ გასათვალისწინებელია?“

„ბოლო დროს ჟურნალისტებს არც კი ახსოვთ ავთანდილ ბერიძე. როცა მნიშვნელოვან მოვლენებზე ჟურნალისტებს აღარ უჩნდებათ სურვილი ჩაწერონ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კომენტარი, ეს აჩვენებს, რომ მის მიმართ დაკარგულია ნდობა. ყველამ ნათლად დაინახა, რომ უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ეფექტურობა არის ნული და ამაზე პასუხისმგებლობა უწყების თავმჯდომარესაც ეკისრება“, – ფიქრობს ასლან ჭანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. ის კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, როცა აჭარის მაღალმთიანეთში მშენებარე ჰესებით ავთანდილ ბერიძე აქტიურად იყო დაინტერესებული, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა: „შემდეგ მისი რეაქციები იყო ან გაუგებარი, ან საერთოდ არაფერს ამბობდა. ახლა რომც გამოჩნდეს იმ ხეობაში და დაიწყოს პრობლემაზე საუბარი, აღარავინ მოუსმენს“.

„მას შემდეგ, რაც უმრავლესობა დაიშალა, ის კიდევ უფრო ჩაიკეტა. ამან, როგორც ჩანს, ძალიან იმოქმედა მასზე. ეს იყო ალბათ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ის ბოლო ორი წლის განმავლობაში აღარ ჩანდა“, – ასე ხსნის ავთანდილ ბერიძის „პოპულარობის“ კლებას მისი ყოფილი თანაგუნდელი, ფრაქციის – „თავისუფალი დემოკრატები“ ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი. მისი აზრით, ავთანდილ ბერიძე ვერ შედგა როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ის, ძირითადად, ანგარიშვალებული იყო საკუთარ პარტიასთან და არა საზოგადოებასთან: „ის უფრო „ქართული ოცნების~ თავმჯდომარე იყო და არა – მთლიანად უმაღლესი საბჭოს“.

ჩაკეტილობას საყვედურობს ავთანდილ ბერიძეს ეკა თარგამაძეც, დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“: „ვერ ვიხსენებ ვერც ერთ კრიზისულ მომენტს და ასეთი არაერთი იყო უმაღლეს საბჭოში, როცა ავთანდილ ბერიძემ მინიმუმ სცადა ოპოზიციასთან დალაპარაკება. ნაცვლად იმისა, რომ ის უნდა იყოს მოვლენების ეპიცენტრში, გარბის. აშკარად ვერ გაათვიცნობიერა, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ის ჩაკეტილი იყო მედიისთვისაც. გახსოვთ, მას თავდაპირველად ყოველკვირეულად ბრიფინგი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის, რომელმაც ასევე კარიკატურული ხასიათი მიიღო და რომელმაც, სამწუხაროდ, უმაღლესი საბჭოს იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა. მას არ მიუღია მონაწილეობა არც ერთხელ საჯარო დებატებში, სადაც ეყოლებოდა მოპასუხე, ან დაისმებოდა კრიტიკული კითხვები. მხოლოდ იქ მიდიოდა, თუ პერსონალურად მას მიუძღვნიდნენ გადაცემას და მონოლოგის რეჟიმში ისაუბრებდა.“

ერთ-ერთი ბრიფინგის დროს, ავთანდილ ბერიძემ კატეგორიულად მოითხოვა ჟურნალისტებისგან მისთვის მიემართათ, როგორც „ბატონი ავთანდილი“ და არამც და არამც – „ბატონი ავთო“. სამაგიეროდ, მისმა პრესსამსახურმა ნება დართო ნებისმიერს, ავთანდილ ბერიძისთვის ეწოდებიათ VIP [ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა] ეს მას შემდეგ მოხდა, როცა მისი სამსახურებრივი ავტომანქანა ბულვარში, მოძრაობისთვის აკრძალულ ადგილზე გამოჩნდა.

რაზე იყო ორიენტირებული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე? – კითხვაზე ირაკლი ჯაშმა „ქართული ოცნებიდან“ გვითხრა, სამშობლოზე: „ერთგულია ქვეყნის, წინსვლა აინტერესებს ჩვენი კუთხის“. დაახლოებით იგივე პათოსი ჰქონდა ალეკო ჩიტიშვილსაც და როცა კონკრეტული, გაკეთებული საქმის გახსენება ვთხოვეთ, გვითხრა: „მოსახლეობას ზოგჯერ სხვანაირი წარმოდგენა აქვს უმაღლეს საბჭოზე და მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ჩვენი მოვალეობაა, ჩვენი კანონები მოვიყვანოთ შესაბამისობაში საქართველოს კანონებთან. მთავარი ამოცანაა ბიუჯეტის მიღება და ვისაც არ უნდა უნდოდეს ამის დანახვა – ბიუჯეტი გაორმაგებულია“.

ასლან ჭანიძე სამოქალაქო სექტორიდან დეპუტატებს ახსენებს, რომ მათი მთავარი იარაღი პოლიტიკური ტრიბუნაა, რომელიც არ გამოუყენებიათ: „პოლიტიკის კეთების ნაცვლად ამ გუნდმა ავთანდილ ბერიძის მეთაურობით აჩვენა, რომ ორიენტირებული იყო ძალაუფლების მოხვეჭასა და მის შენარჩუნებაზე. ავთანდილ ბერიძის ძალაუფლება „ქართული ოცნების~ წევრებზეც არ ვრცელდებოდა სრულად. გასაგებია, რომ შეიძლება იგივე ავთანდილ ბერიძეს ჰქონდა პროფესიონალიზმის პრობლემა, მაგრამ მეორეა, რამდენად იზრდები და ითვალისწინებ შენიშვნებს, საზოგადოების ხმას. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობამ უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მალევე მიიღო ფორმალური ხასიათი“.

„მისი ქმედებებიდან გამომდინარე, სავარძელზე იყო ორიენტირებული. თავიდან მურმან დუმბაძესთან იყო ასოცირებული, მაგრამ მასაც გაემიჯნა, ოღონდაც თანამდებობა შეენარჩუნებინა“, – ამბობს ეკა თარგამაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან~. დეპუტატი რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას იხსენებს, რომელიც სასამართლომდე მივიდა. აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი კი, ეკა თარგამაძის აზრით, ავთანდილ ბერიძემ ვერც ერთხელ გაბედა: „მე არ მახსენდება მისი კრიტიკული მოსაზრება თუნდაც მთავრობის რომელიმე წევრის საქმიანობაზე, ან ბიუჯეტის შესრულებაზე“.

ოპოზიციონერი სულხან ღლონტი თავმჯდომარის დადებით მხარეზეც – შრომისმოყვარეობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ავთანდილ ბერიძე ყველაზე დიდ დროს ატარებდა სამსახურში და ძალიან პუნქტუალური იყო. ამ კუთხით ყველაზე მაღალი მოსწრება ჰქონდა~.
რა შედეგი მისცა უმაღლეს საბჭოს ამ პუნქტუალობამ? „არ მახსენდება“ – გვიპასუხა დეპუტატმა: „არ ვთვლი ამ თემას ასე მნიშვნელოვნად, რომ ამაზე ვიფიქრო და სერიოზული პასუხები გაგცეთ. ფაქტია, რომ გასული ოთხი წელი ყველაზე მარტივი ეპიზოდი იყო და ეს ყველაფერი მომავალ საბჭოს გამოადგება გამოცდილებად“.

სულხან ღლონტი არ იყო ერთადერთი, ვისაც ავთანდილ ბერიძეზე საუბარი საინტერესოდ არ მოეჩვენა. „აღარ მინდა. თქვით, რომ ინტერვიუ არ მოგეცით“, – გვითხრა, მაგალითად, რესპუბლიკელმა გიორგი მასალკინმა. მან კომენტარი გადაიფიქრა კითხვის -„რომელი ფრაზა დაგამახსოვრდათ ავთანდილ ბერიძის პოლიტიკური შემოქმედებიდან?“ – დასმის შემდეგ.

ვინც დაგვთანხმდა, მათი განწყობაც ასეთი იყო – საუბარი „ქოლგიან კაცზე“? ეგ ხომ უკვე ნანახი კინოა?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: