კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება – ბათუმის საკრებულოს ორი წელი

04.06.2016 • 2210
ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება – ბათუმის საკრებულოს ორი წელი

ამ მოწვევის ბათუმის საკრებულოში ისევ ხმაურობს და აკრიტიკებს ოპოზიცია, სახელისუფლებო გუნდი კი ისევ კმაყოფილია. კმაყოფილია გარღვეული ბიუჯეტის, გადათხრილი ქუჩების, ჩაშლილი ტენდერების მიუხედავად, რის გამოც წინა ხელისუფლებით უკმაყოფილო იყო. 2016 წლის 14 ივნისს 2 წელი გავა მას შემდეგ, რაც ბათუმმა ახალი საკრებულო აირჩია.

საარჩევნო პროგრამაში, რომელიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ მმართველობის დროს თვითმმართველობას მხოლოდ სახელად შერჩა თვითმმართველობა: „მას დღემდე არა აქვს თავისი ბიუჯეტის შევსების ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი წყაროები; სოფლების, თემებისა და ქალაქების თვითმმართველობის გაუქმების გამო თვითმმართველობა იმდენად დაშორდა მოსახლეობას, რომ ვეღარ ახერხებს თუნდაც იმ მცირე მომსახურების გაწევას, რისი უფლება და ვალდებულებაც ჯერ კიდევ შემორჩა…“

„ქართული ოცნება“, რომელმაც არჩევნების გზით ხელისუფლება ჩაიბარა, ამომრჩეველს თვითმმართველობების გაძლიერებას ჰპირდებოდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც მოამზადა კანონპროექტი თვითმმართველობის შესახებ. რა შეიცვალა ხელისუფლებაში ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ, შეასრულა თუ არა კოალიციამ დაპირება, შეცვალა თუ არა ის, რითაც უკმაყოფილო იყო? – „ბათუმელებმა“ ამ საკითხის გარკვევაზე გასულ კვირას იმუშავა.

ბიუჯეტი და ახალი, არჩეული მერი

ცვლილება, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ განახორციელა, მოგების გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვებას გულისხმობს. თუმცა, ბათუმის მერიას ფულის დახაჯვის პრობლემა უფრო აქვს, ვიდრე უფულობის. ბიუჯეტის შეუსრულებლობა – დაუხარჯავი მილიონები სერიოზული პრობლემაა, მერიაში კი ამ ყველაფერს ისევ კონტრაქტორების მიერ დაშვებული შეცდომებით ხსნიან. საკრებულოს სახელისუფლო გუნდი, „ნაციონალი“ მერის მიმართ ლოიალური პოლიტიკის გამო საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს საყვედურობდა, მაგრამ ახლა როლები შეცვლილია – გიორგი კირთაძეს ოპოზიციური ფრაქციიდან საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის მიმართ ის პრეტენზიები აქვს, რასაც მანამდე მას უყენებდნენ.

ქონების განკარგვის საკითხი

ძველი მიდგომა შენარჩუნებულია, მაგალითად, ქონების განკარგვის საკითხში: მთავრობა ბათუმის ქონებას ითხოვს, საკრებულო კი აძლევს მთავრობას ამ ქონებას.

საკრებულოს ახლანდელ უმრავლესობას მკაფიო პოზიცია არც მაშინ დაუფიქსირებია, როცა ბათუმელმა ამომრჩეველმა ძველი ბულვარის დასაცავად აქციები გამართა, შექმნა პეტიცია და მთავრობას უთხრა, რომ ინოვაციების ადგილი ბულვარი არ არის.

ექსპერტები ბათუმში არაზომიერ, ქაოსურ მშენებლობებზე საუბრობენ, რაც მათივე აზრით, სამომავლოდ ქალაქს, კონდიცირების გარდა, სხვა უამრავ პრობლემას შეუქმნის. საკრებულოს არჩეული წევრები უმრავლესობიდან ამ საკითხზე არათუ მკვეთრ, არამედ ლოიალურ შეფასებასაც ერიდებიან.

ახერხებს თუ ვერა ხალხის არჩეული საკრებულო სამშენებლო პროცესის კონტროლს? – უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი მიქელაძე ამბობს: „მერიას აქვს არქიტექტურის სამსახური, რომელიც განსაზღვრავს, როგორ, რა და სად უნდა აშენდეს. ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ, რომ არ გვაქვს ქალაქის განაშენიანების გეგმა. ქალაქის დაგეგმარება არ ნიშნავს ფურცელზე გაწერო ამ კვარტალში ხუთსართულიანის აშენება შეიძლება და იმ კვარტალში რვასართულიანის. ეს შრომატევადი პროცესია, რაზეც მერია და საკრებულო ერთობლივად ვმუშაობთ. ჩვენი ფრაქციის წევრი თენგიზ აფხაზავა კი მუშაობს პროგრამაზე, რომელიც დაგვეხმარება ქალაქის დაგეგმარებაზე“.

სანამ საკრებულო ქალაქის განაშენიანების გეგმას დაამტკიცებს, უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ბათუმში მშენებლობები 100%-ით ექვემდებარება იმ რეგულაციებს, რაც უკვე გვაქვს.“

ქალაქის გენგეგმის მომზადება ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. არჩევის შემდეგ კი მან თქვა, რომ ამისთვის დონორების მოძიებაა საჭირო. 2016 წლის მერიის ბიუჯეტში 50 000 ლარი გაითვალისწინეს გენგეგმის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, ისიც „რესპუბლიკელების“ დაჟინებული თხოვნით.

ინფრასტრუქტურა

„საკურორტო სეზონი მოდის, ქალაქი კი გადათხრილია“; „ერთი ქუჩა მერამდენედ გადათხარეს“, – ამ ფრაზებს, როგორც საყვედურს, წინა მერის მიმართ საკრებულოს ახლანდელი უმრავლესობის წევრები არასდროს იშურებდნენ. ახლა კი ამბობენ, რომ ეს პლუსია. ფრაზა – „ხომ ხედავთ, რა დღეშია“, ასე შეცვალეს: „ხომ ხედავთ, როგორ კეთდება“.

საკრებულოს წევრი „კონსერვატორებიდან“ დიმა დარჩია ამომრჩევლისთვის სასარგებლოდ სწორედ საკომუნიკაციო სისტემების რეაბილიტაციის გაგრძელების პროექტს ასახელებს. პროექტი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. დიმა დარჩია „მის გაგრძელებას და უფრო სწრაფად ამუშავებას“ მოქმედი საკრებულოს დამსახურებად მიიჩნევს.

კულტურული მემკვიდრეობა

ეს თემა ხელისუფლების სუსტი წერტილია. მემკვიდრეობის ხელყოფის საკითხი პროტესტის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. იყო შემთხვევები, როცა ძეგლი მთავრობის თანხმობით დაანგრიეს და ისეთი შემთხვევა, როცა ინვესტორმა ძეგლი ნებართვის გარეშე გაანადგურა. ყველა მსგავს შემთხვევაზე საკრებულო ჩუმად არის. მის არც ერთ წევრს, გარდა კობა ჩხეიძისა და მისი ფრაქციის წევრებისა, ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებიათ, მათ შორის არც „რესპუბლიკელ“ ზაურ ახვლედიანს, რომელიც პარალელურად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეა და, შესაბამისად, ძეგლების დაცვა მისი უშუალო მოვალეობაა.

რატომ ვერ გახდა ზაურ ახვლედიანისთვის საკრებულოს ტრიბუნა დამატებითი ბერკეტი ძეგლების დასაცავად? – ის პასუხობს: „მუნიციპალიტეტი ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, თუმცა ვფიქრობ, რომ სააგენტოდან რეალიზებული ვარ. რაც სუბორდინაციას აღემატება, იმას, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებ. რაც შეეხება ძველ ბულვარს, დღემდე მიმაჩნია, რომ იქ არც ისეთ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ისეთი არაფერი ხდებოდა. აქციები კი უფრო პოლიტიზებული იყო, ვიდრე პროფესიონალური. რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას 13-ს, ორჯერ შევიტანე პირადად დოკუმენტაცია პროკურატურაში. უფლებამოსილი ვარ გამოვწერო ჯარიმა. დარღვევებზე ბოლო სამი წლის განმავლობაში 180 000-მდე ლარის ჯარიმა მაქვს გამოწერილი“.

მოსაზრებას, რომ ამ ტიპის დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა ცოტაა, ზაურ ახვლედიანიც იზიარებს. რატომ არ იყენებს საკრებულოს წევრი იმ ბერკეტს, რაც მის პარტიას პარლამენტში აქვს? [კანონპროექტი ჯარიმის ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტში წარსადგენად] – ზაურ ახვლედიანი პასუხობს, რომ ამას შემდეგ შეეცდება.

პროექტები, რაზეც ახლა საკრებულოში მუშაობენ

უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის საკრებულო რამდენიმე პროექტზე მუშაობს, ერთი საკურორტო სეზონისთვის ქალაქის ავტოტრანსპორტისგან განტვირთვას ითვალისწინებს. ასევე მუშაობენ კერძო ბაღებში ვაუჩერიზაციის სისტემის შემოღებაზე.

საკრებულოს ღიაობა

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არაკორექტული იყო და ასევე ხშირად აპროტესტებდა დასმული კითხვის შინაარსს საკრებულოს წინა თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, ის არასდროს ამბობდა უარს ინტერვიუზე. ირაკლი ჭეიშვილი, ანუ მოქმედი თავმჯდომარე ჟურნალისტებისგან თითქმის იზოლირებულია. ის სხდომების შემდეგ კონკრეტულ საკითხზე კომენტარით თუ შემოიფარგლება, ინტერვიუზე მისი დათანხმება რთულია. წინა მოწვევის საკრებულო იყო ერთ-ერთი ორგანო, რომელიც მიღებულ აქტებს საიტზე დროულად აქვეყნებდა. ახლა ასე არ არის. უკვე რამდენიმე თვეა საკრებულო სხდომის ჩანაწერებსაც აღარ აქვეყნებს – ამას ვებგვერდზე რეკონსტრუქციით ხსნიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: