კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

რამდენი უნდა დავიკლოთ თვეში? – 7 შეკითხვა უსაფრთხო დიეტაზე

03.06.2016 • 26368
რამდენი უნდა დავიკლოთ თვეში? – 7 შეკითხვა უსაფრთხო დიეტაზე

თვეში რამდენი კილოგრამის დაკლებაა უსაფრთხო ჯამრთელობისთვის და რა არის წონის ნელი კლების უპირატესობა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ენდოკრინოლოგს, მედიცინის დოქტორს, ლაშა უჩავას ესაუბრა.

  • არაერთი დიეტაა ცნობილი, რომელიც სწრაფ შედეგს და თვეში 10 და 20 კილოგრამის დაკლებასაც კი ჰპირდება ადამიანს. თვეში რამდენი კილოგრამის დაკლება მიიჩნევა ნორმად და რამდენის დაკლება სცდება დასაშვებ ნორმას, რამდენის დაკლებაა საშიში ჯანმრთელობისთვის?

დიეტა არის სწორი, დაბალანსებული, ჯანსაღი კვება. ჭარბი წონის დროს წონის 5-დან 7 პროცენტამდე კლება უნდა მოხდეს თვის მანძილზე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ორგანიზმს. ეს ზიანი აისახება არა მხოლოდ ადამიანის გუნება-განწყობაზე, დეპრესიულ მომენტებზე, არამედ, ზოგადად, ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, შეიძლება მოხდეს წნევის სწრაფი ვარდნა, ბრადიკარდია – გულისცემის შენელება. ასევე, ამ დროს ნაღვლის ბუშტში გროვდება ცხიმოვანი ნაერთება, რაც კენჭოვანი დაავადების გაჩენის რისკს აჩენს.

თითქმის ყველა ორგანოზე მოქმედებს სწრაფი კლება უარყოფითად, ფიზიოლოგიური კლებისგან განსხვავებით, როცა ორგანიზმი ადაპტირებულია და მას ზიანს არ ვაყენებთ. აქედან გამომდინარე, სწრაფი კლება არასოდეს არ არის მიზანშეწონილი. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი კლებაც, როდესაც იმაზე მეტს ვიკლებთ, ვიდრე ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური კლების დროს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ცხოვრების წესით ცხოვრობდა მანამდე ადამიანი და შემდგომ როგორ გადაერთო ცხოვრების ახალ, ჯანსაღ წესზე.

  • ანუ, მძიმე წონის მქონე ადამიანები უფრო ბევრს დაიკლებენ?

რა თქმა უნდა. დიდ წონაზე, უკვე ჩამოყალიბებულ სიმსუქნეზე და, უბრალოდ, ჭარბ წონაზე აბსოლუტურად სხვადასხვა კალორაჟის შემცველი დიეტა ინიშნება. შესაძლებელია იყოს მეტი კალორაჟი სიმსუქნით დაავადებულ პაციენტთან და მან უფრო მეტი დაიკლოს, ვიდრე ჭარბწონიანმა პაციენტმა. ეს დამოკიდებულია ჩვენი ცხიმოვანი ქსოვილის მასაზე. რაც უფრო მეტია ცხიმოვანი სხეულის მასა, მით უფრო მალე იკლებს ადამიანი. აქედან გამომდინარე, გასათვალისწინებელია ცხოვრების წესი, თუ სად მუშაობს ადამიანი, როგორი დატვირთვა აქვს, ფიზიკური თუ გონებრივი და ამის მიხედვით უნდა მოხდეს კალორაჟის განსაზღვრა.

  • თუ ადამიანს დასაკლები აქვს 10, 15 ან 25 კილოგრამი, ეს რა პერიოდში შეიძლება მოხდეს ჯანსაღი დიეტის შედეგად ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს?

ეს შეიძლება მოხდეს 4-5 თვის განმავლობაში. ჩვენ ვსაუბრობთ იმ შემთხვევაზე, როცა ადამიანს ნამდვილად სჭირდება წონის დაკლება და, უბრალოდ, მას ამის სურვილი აქვს – ეს განსხვავებული მომენტებია. 4-5 თვეა საჭირო წონის კლებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე არის ქრონიკული მოცემულობა და შემდგომში მას აუცილებლად სჭირდება შენარჩუნება, პროგრამის განსაზღვრა, რომ პაციენტმა წონაში არ მოიმატოს. ბევრი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა ხდებოდეს ნელ-ნელა წონის კლება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს შემდგომ შენარჩუნების პროცესისათვის არის მნიშვნელოვანი. როცა ხანგრძლივად ხდება წონის კლება და ხანგრძლივად იმყოფება პაციენტი დაბალკალორიულ კვებაზე, ხდება კუჭის კუნთოვანი ქსოვილის დაპატარავება, ეს არის კუჭის დაპატარავება ქირურგიის გარეშე. მნიშვნელოვანია ეს პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობდეს, რომ წონისა და მიღებული შედეგის შენარჩუნება არ გაუჭირდეს ადამიანს და, რა თქმა უნდა, ზიანი არ მივაყენოთ ორგანიზმს.

  • თუმცა წონის კორექციის ხანგრძლივი პროცესი აშინებთ ადამიანებს, თითქმის ყველას სურს სწრაფი შედეგი…

კი, ნამდვილად ასეა, ყველას სურს სწრაფი შედეგი, რაც ძალიან ცუდია. რეალურად დაბალი პროცენტი მომართვიანობის არის იმის გამო, რომ პაციენტს აწუხებს წონა ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მომართვიანობის უმრავლეს შემთხვევაში ადამიანებს გარეგნობის შეცვლა სურთ, უნდათ უფრო გამხდარი იყვნენ, რაც არასწორი მიდგომაა – ჭარბი წონა, პირველ რიგში, ქრონიკული დაავადებაა, რომელიც თავის მხრივ, იწვევს ბევრ გართულებას ორგანიზმში. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს კომპლექსურად, იმის მიხედვით, თუ ნივთიერებათა ცვლის რომელი რგოლია დარღვეული ორგანიზმში. ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, სტრესი რომ არ მივაყენოთ ორგანიზმს.

  • რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი წონის კლებისა და შემდგომ შენარჩუნებისათვის? არიან ადამიანები, რომლებიც ბედნიერი არიან მიღწეული შედეგით, თუმცა შემდგომში წონა ბრუნდება.

ფსიქოლოგიური ფაქტორი მნიშვნელოვანია არა მარტო წონის კორექციის, არამედ ნებისმიერი დაავადების დროს. ამ დროს ორგანიზმში გარკვეული ჰორმონალური ცვლილებებიც კი მიმდინარეობს, ჩვენი განწყობის მიხედვით. არსებობს ე.წ. ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც გვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენი გუნება-განწყობა იყოს ამაღლებული. დიეტის დროს როცა ვიმყოფებით უფრო შიმშილზე, ვიდრე დაბალანსებულ კვებაზე, ვითარდება ამ ჰორმონების დეფიციტი, რაც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა ტიპის გართულებას. სწორედ ამიტომაა, რომ კვებაში არ უნდა იყოს მკვეთრი შეზღუდვები და არ უდნა იყოს შიმშილის მომენტი, რომ გუნება-განწყობა არ შეიცვალოს ადამიანის.

  • თქვენი დაკვირვებით, წონის დაკლების შემდეგ რამდენი პროცენტი ახერხებს წონის შენარჩუნებას?

წონის კლების შემდგომ თუ არ გრძელდება ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება, რა თქმა უნდა, პრობლემა იჩენს თავს. დაახლოებით 50 პროცენტი ახერხებს შენარჩუნებას, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ სიმსუქნის მკურნალობას დიეტის კუთხით, ეს ეხება სიმსუქნის მკურნალობას ქირურგიული ჩარევის შედეგადაც კი. მაშინაც კი, როცა ადამიანი იკეთებს ქირურგიულ ოპერაციას, წონის შენარჩუნება არის ძალიან რთული. რეციდივის რისკი არის ძალიან დიდი, რადგან სიმსუქნე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომელსაც მთელი ცხოვრება სჭირდება მკურნალობა. ხშირ შემთხვევაში, ენდოკრინოლოგები ვამბობთ, რომ ჩვენ ყველაზე უკმაყოფილო პაციენტები გვყავს, რადგან თითქმის ყველა ენდოკრინული დაავადება ქრონიკულია.

  • დღეში რამდენჯერ უნდა იკვებოს ადამიანმა და რისგან უნდა შედგებოდეს კვების რაციონი, რომ მოხდეს წონის კლება ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე?

კვების რეჟიმი ადამიანის ცხოვრების რეჟიმზეა დამოკიდებული. რეკომენდაცია არის შემდეგი: აუცილებლად უნდა ვისაუზმოთ დილით, როცა გავიღვიძებთ მაქსიმუმ ერთი საათის განმავლობაში და შემდგომი ყოველი კვება უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან 2,5-3-საათიანი ინტერვალით. დაძინებამდე ბოლო კვება უნდა იყოს მინიმუმ სამი საათით ადრე. აუცილებლად უნდა იყოს შეზღუდული შაქარი და მარილი, ხილი როგორც საკვები, უნდა იყოს გამოტანილი და არა როგორც დესერტი და რაც შეიძლება ბევრი სითხე უნდა მივიღოთ. რაც შეეხება კვების რაციონს, ეს სეზონზეა დამოკიდებული და ახლა ბევრად უფრო ადვილია სწორი კვება, რადგან გვაქვს ახალი ხილი და ბოსტნეული. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: