კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზაფხულისთვის ბათუმში ბრენდული სასტუმროები დაჯავშნილია

27.05.2016 • 2655
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზაფხულისთვის ბათუმში ბრენდული სასტუმროები დაჯავშნილია

სასტუმროების მენეჯერების ინფორმაციით, წელს ბათუმში ყველაზე მეტი დამსვენებელი შვიდ ივნისს ჩამოვა. ამ დღეს ბათუმში ცნობილი ამერიკული ბენდის – Maroon 5 -ის კონცერტია დაგეგმილი. საკურორტო სეზონისთვის ნომრები სხვა დღეებისთვისაც უკვე დაჯავშნილია. რომელი ქვეყნიდანაა უფრო მეტი დაკვეთა – ამ ინფორმაციას სასტუმროები ასაიდუმლოებენ. ტურიზმის დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ ამაზე, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ფლობენ.

სასტუმრო „გალოგრეს“ მენეჯერის ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების მეტი ნაწილი ზაფხულისთვის უკვე დაჯავშნილია. „ზარები ყოველდღიურად შემოდის, სეზონის დასაწყისისთვის შესაძლებელია ნომერი აღარ გვქონდეს თავისუფალი“, – ამბობს ასია ტატევოსიანი. „გალოგრე“ ოცდათოთხმეტნომრიანი სასტუმროა და სამოცდაათი სტუმრის მიღება შეუძლია ერთდროულად.

სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერის ინფორმაციით, ნომრები უკვე დაჯავშნილია „შერატონშიც“, თუმცა არ აკონკრეტებენ დაჯავშნილი ნომრების რაოდენობას.

მენეჯერებისა და ადმინისტრატორების ინფორმაციით, ნომრები ზაფხულისთვის უკვე დაჯავშნილია სასტუმროებში – „რადისონ-ბათუმში“, „ჰილტონში“, ასევე „ინტურისტსა“ და „ლეო გრანდში“.

გასულ წელთან შედარებით დადებით დინამიკაზე საუბრობენ ტურისტულ სააგენტო „არგოტურშიც“. სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ბარბაქაძის თქმით, ამ დროის მონაცემები უფლებას აძლევს თქვას, რომ „სეზონი ტურისტული თვალსაზრისით ცხელი იქნება“.

„ჩვენ უკვე გვაქვს შეკვეთები ექსკურსიებზე და მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია. იმ შეხვედრებითაც თუ ვიმსჯელებთ, რაც ამ ბოლო დროს სასტუმრო „რადისონსა“ და „კოლიზეუმში“ გვქონდა, შეიძლება ითქვას, რომ წელს უფრო მეტი ტურისტი გვეყოლება“, – ამბობს ზურაბ ბარბაქაძე. იმავეს ამბობენ სააგენტო „აჭარატურშიც“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მერი ემირიძის ინფორმაციით, ძირითადად მოთხოვნა მოდის იმ პერიოდებზე, როცა ბათუმში ცნობილი ჯგუფების კონცერტებია დაგეგმილი: „ამ დროს [ცნობილი ჯგუფების კონცერტები] არც ერთ ბრენდულ სასტუმროში არ არის ადგილი. 4 ივნისიდან 8 ივლისამდე გვაქვს პრესტური და ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა ამ დროისთვის თავისუფალი ნომრების პოვნა, სამი ადამიანი გვინდოდა დაგვებინავებინა მაღალი კლასის სასტუმროში და ნომერი ვერ ვნახეთ. დავურეკეთ როგორც მაღალბიუჯეტიანებსა და ბრენდულებს, ასევე დაბალბიუჯეტიანებსაც, რომლებიც არის ნორმალური სასტუმროები.

რაც შეეხება დაბალბიუჯეტიან სასტუმროებს – ამ დღეებში [ივლისის დასაწყისი] იქაც ნომრების ოთხმოცდაათი პროცენტი უკვე დაჯავშნილი ან გაყიდულია. შემდეგი პიკი მოდის ჯაზფესტივალის პერიოდზე. მთლიანად სეზონს თუ გადავხედავთ, უკვე არსებული ჯავშნებისა და გაყიდვების მიხედვით მოთხოვნა არის მაღალი. განსაკუთრებით ეს ეხება ბათუმში არსებულ სასტუმროებს.“

რამდენიმე პატარა სასტუმროში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წელს ისეთი მოთხოვნა არ არის, როგორიც გასულ წელს, ამ დროს იყო.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტების რაოდენობის ზრდას განსაკუთრებით 10 სამიზნე ქვეყნიდან ელოდება (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი).

დეპარტამენტის ცნობით, გარდა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისა, რომლებიც რეგიონის სტუმრებს წელს „ჰით ბათუმის“ ფარგლებში ელით, ტურისტებს საშუალება აქვთ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებით ისარგებლონ, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა. ესენია: მირვეთის ექსტრემალური ველომარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი და ქედა-შუახევის გასტრონომიული მარშრუტები.

სტატიის სათაური რედაქტირებულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: