კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

რატომ ეწევიან საჯარო მოხელეები სიგარეტს ტუალეტებში

27.05.2016 • 3408
რატომ ეწევიან საჯარო მოხელეები სიგარეტს ტუალეტებში

ოთხსართულიან შენობაში, სადაც აჭარის სამინისტროებია განთავსებული, თითქმის ყველა სართულზე წააწყდებით გაფრთხილებას – „მოწევა აკრძალულია“. ნიშნების სიმრავლის მიუხედავად, სამი სამინისტროს დერეფნებსა და საპირფარეშოებში საჯარო მოხელეები სიგარეტს ეწევიან. ბათუმის მერიის შენობაში კი ე.წ. „მოსაწევი კუთხე“ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან, ჰოლშია მოწყობილი.

დადგენილი წესის მიხედვით, საჯარო მოხელეები ღია სივრცეში, ამოსასვლელი კიბეების კუთხეში უნდა ეწეოდნენ, სადაც ერთი სანაგვე ურნა და საყვავილე დგას. თუმცა მწეველ საჯარო მოხელეებს სართულების ჩამოვლას დერეფნის ბოლოში ფანჯრებთან ან სამინისტროების ტუალეტებში მოწევა ურჩევნიათ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელიც სწორედ ასე იქცევა.

`მესამე სართულზე გვაქვს სპეციალური მოსაწევი, მაგრამ ზოგჯერ აქაც ვეწევით“, – გვეუბნება გიორგი მიქელაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მისი აზრით, ყველა მოწევაზე ხუთი სართულის ჩავლა და ღია სივრცეში გასვლა არასასიამოვნოა. სიგარეტის მოსაწევად დერეფნის ბოლოსკენ მოემართებიან პაატა ბერიძე და ირაკლი ფილიაც. თუმცა, როცა „ბათუმელების“ სტუმრობის მიზეზს იგებენ, სიგარეტის ღერს აღარ უკიდებენ და კაბინეტში ბრუნდებიან.

ის, რომ შენობაში „მოწევა აკრძალულია“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმაც იციან. თუმცა რუბენ დუმბაძეც, რომელიც სამინისტროს მთავარი სპეციალისტია, დერეფნის ბოლოსკენ მიემართება. ხელში სიგარეტის ღერი უჭირავს, თუმცა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მოწევას არ აპირებდა. „ისე მიჭირავს ხელში. ძირითადად ქვემოთ ჩავდივარ, პირველ სართულზე და იქ ვეწევი“, – გვეუბნება ის.

სამინისტროს ტუალეტები მოსაწევ ადგილებად რომ არის გამოყენებული, ეს ღია კარებიდანაც ჩანს. ფერფლი და სიგარეტის ნამწვი ყველგან ყრია, როგორც ქალების, ასევე კაცების ტუალეტებში.

ანალოგიური ვითარებაა ჯანდაცვის სამინისტროშიც. მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე ამბობს, რომ ურჩი თანამშრომლების მიმართ სამინისტრო სანქციებსაც იყენებს, რომელიც მეტ-ნაკლებად ამართლებს: „მოწევაზე დავაწესეთ სასჯელები, პრემიას აღარ ვუწერდით იმ თანამშრომლებს, რომლებიც კანონს არღვევდნენ.“ მისი თქმით, ყველაზე ხშირად სამინისტროს აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ისჯებიან, რადგან ისინი სიგარეტის მოწევაზე უარს არც კაბინეტში ამბობენ.

„მიმაჩნია, რომ მკაცრად უნდა იყოს დაცული კანონი და ადმინისტრაციული დასჯის მეთოდებიც უნდა გამოვიყენოთ“, – ეს ლევან გორგილაძის აზრია. ასევე, მისი აზრით, შეუძლებელია კანონის შესრულება, რომელიც არ რეგულირდება და არ მოწმდება:

„სამართლებრივი აქტი უნდა იყოს შესრულებადი. თუ მეათე სართულზე მუშაობ და არ გაქვს მოწევის შესაძლებლობა, მწეველი აუცილებლად დაარღვევს კანონს. კანონი კრძალავს საპირფარეშოს გამოყენებას მოსაწევ ადგილად, ამიტომ, ადმინისტრაციულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ სპეციალური მოსაწევი კუთხეების მოწყობა“.

სტანდარტის მიხედვით, მოსაწევი კუთხე აუცილებლად უნდა იყოს ღია სივრცეში ან ფანჯარასთან, არ უნდა გადიოდეს სხვა ოთახში და არ უნდა იყოს საკვები, დასასვენებელი ოთახის გვერდით ან საპირფარეშოში. ეს ნორმები, ფაქტობრივად, იგნორირებულია ბათუმის მერიაში, სადაც მწეველები დახურულ ჰოლში, საკრებულოს თავმჯდომარის ოთახის გვერდით ეწევიან.

„დღეში სამ კოლოფ სიგარეტს ვეწევი, ერთი სიგარეტის მოწევას მინიმუმ ხუთი წუთი ხომ სჭირდება, ეს რომ 60 ღერზე გავამრავლოთ, გამოდის ხუთი საათი წინ და უკან სირბილს უნდა მოვანდომო, რომ მოვწიო“, – გვეუბნება საკრებულოს წევრი, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე, დიმიტრი დარჩია.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ არღვევს კანონს და სხვა, არამწეველი ადამიანების უფლებებს, დიმიტრი დარჩია მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულებებში სიგარეტის მოწევის აკრძალვით, მისი, როგორც მწეველის, უფლებაც დარღვეულია.

„მე ჩემს კაბინეტში მოწევის უფლებას ვაძლევ ყველას, მათ შორის მოქალაქეებსაც“, – გვეუბნება ის. მისი აზრით, ამის გამო მას არც ჯარიმა უნდა ეკუთვნოდეს, `ამის კონტროლი მაინც არც ერთ დაწესებულებაში არ ხდება.“

მერიის თანამშრომელს ნუკრი დეკანაძეს სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე უდევს. „ვინმე რომ მოვა, მივაწოდებ მოსაწევად“, – ამბობს ის და დასძენს, რომ მოსაწევად კაბინეტის გვერდით, ფანჯარასთან გადის.

„მართლა ეგ გაინტერესებთ, ვინ სად ეწევა სიგარეტს?“ – გვეუბნება მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც დერეფანში ასევე სიგარეტით ხელში მოდის. თუმცა შემდეგ დასძენს, რომ მეორე სართულზე „რაღაც საქმეზეა ამოსული“ და სიგარეტს მხოლოდ ეზოში ეწევა.

საკრებულოს წევრი თენგიზ აფხაზავა მიიჩნევს, რომ სიგარეტის მოწევა ადმინისტრაციულ შენობაში უნდა აიკრძალოს. თუმცა კანონი ამას ისედაც კრძალავს. „ჩემი ოთახი ნაკურთხია“, – გვეუბნება ის და კედელზე მიწებებულ ჯვრიან სტიკერს გვაჩვენებს: – „აქვეა ხატების კუთხეც. ესეც რომ არ ყოფილიყო, სიგარეტის მოწევის უფლებას აქ არავის ვაძლევ.“

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოში არსებობს 2007 წლის 5 მარტის ბრძანება, რომლის მიხედვით ჩამოთვლილია ის ადგილები, სადაც სიგარეტის მოწევა აკრძალულია. მათ შორისაა ჰიგიენური წერტილები, კიბის უჯრედები, მოსაცდელი ოთახები, მცირე ზომის დახურული კონსტრუქციები და ა.შ. ბრძანებაში მითითებული არ არის ადგილი, სადაც მოწევა დაშვებულია.

170516-1233(002)პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, საკრებულოს თავმჯდომარეს თამბაქოს კონტროლის წესების დარღვევის გამო რომელიმე პირის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმი შეედგინოს ან ინფორმაცია სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის მიეწოდებინოს.
`მოსაწევი ადგილების განსაზღვრას ადმინისტრაციულ შენობაში ან თამბაქოს კონტროლს კანონი თვითმმართველობას არ ავალდებულებს“, – გვეუბნებიან მერიის პრესსამსახურში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში კი ამბობენ, რომ სწორედაც პირიქით – იურისტ პაატა დიასამიძის განმარტებით, შენობაში თამბაქოს მოხმარების წესი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელებმა ბრძანებით უნდა განსაზღვრონ:

„თუ მოსაწევი სივრცეები ბრძანებით არ გამოიყოფა, მაშინ შენობაში მოწევა საერთოდ იკრძალება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ხელმძღვანელმა პირებმა უნდა გამოწერონ სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც იგზავნება სამართალდამცავ ორგანოში, რათა მოხდეს ამ ოქმის სასამართლოში წარდგენა“.

„თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის“ მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში, სადაც მოსაწევი ადგილის გამოყოფის საშუალება არ არის, მოწევა იკრძალება. პირველ შემთხვევაში კანონის დამრღვევი 5 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი – 50 ლარით.

`თამბაქოს კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონის მიხედვით, დაწესებულებების ხელმძღვანელი ვალდებულია „შეიმუშავოს და დაამტკიცოს თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში მოქმედი წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სათანადო ზომების მიღება“.

იურისტ პაატა დიასამიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი კანონი ირღვევა და ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელი კანონდარღვევაზე არ რეაგირებს, ამით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: