კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა

სად გაივლის აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროხაზები

22.05.2016 • 5406
სად გაივლის აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროხაზები

აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. პირველადი მონაცემებით, ბუფერულ ზონაში 50 ოჯახი მოხვდება. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. ამ ხაზით ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთ სისტემაში მოქცევა და თურქეთისთვის მიწოდება იგეგმება.

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი აჭარაში ორ ეტაპად აშენდება. მშენებლობის პირველი ეტაპი რამდენიმე დღეში ხელვაჩაურიდან დაიწყება. გაწერილი გეგმის მიხედვით, ელექტროენერგიის გადამცემი ახალი სისტემა წლის ბოლოსთვის 50 კილომეტრ მანძილზე მოეწყობა, შუახევამდე. მშენებლობის მეორე ეტაპი კი 2017 წელს დაიწყება და ქსელის მშენებლობა შუახევიდან ახალციხემდე გაგრძელდება. მეორე ეტაპზე გადამცემი ხაზი 100 კილომეტრზე განთავსდება.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განმარტავენ, რომ განსახლების გეგმა კორექტირების ფაზაშია [ძველი გეგმით მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი აჭარაში 46 სოფელს გადაკვეთს]. ამ სოფლებიდან შუახევის მუნიციპალიტეტში გაყვანილობა ოთხ სოფელს: ზედაყანს, ბესელაშვილებს, ხიჭაურსა და კლდისუბანს მოიცავდა, ქედის მუნიციპალიტეტში კი 30 სოფელს ეხებოდა: გობრონეთს, გოგიაშვილებს, კოკოტაურს, დანდალოს, ცხმორისს, კვაშტას, წონიარისს, ზესოფელს, აბუქეთას, მოსიაშვილებს, ჯალაბაშვილებს, ვაიოს, ზვარეს, ტიბეთა-კანტაურს, ბალაძეებს, ტაკიძეებს, გულებს, ხუნდუკას, ზენდიდს, ცხემნას, კორომხეთს, პირველ მაისს, კოლოტაურს, მახუნცეთს, ქვედა ბზუბზუს, ბზუბზუს, ნამლისევს, ქოსოფელს, დოლოგანსა და ჭალახმელს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი ხაზს უნდა გადაეკვეთა 12 სოფელი – მაღლაკონი, კაპნისთავი, აჭარისწყალი, ხერთვისი, კიბე, ერგე, ზედა ერგე, ზედა ჯოჭო, ქვემო ჯოჭო, ნიკიტაური, კაპანდიდი და დაბა ხელვაჩაური.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი სულხან ზუმბურიძე ამბობს, რომ ახალი 220-კილოვოლტიანი ხაზი ძველს არ ჩაანაცვლებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი არა მარტო ბათუმისთვის, არამედ მთელი აჭარისთვის. ყველას ახსოვს ალბათ, რამდენიმე წლის წინ განვითარებული მოვლენები, როდესაც ხაზები, რომლებიც ბათუმს კვებავდა, დაზიანდა და ბევრი პრობლემა შეიქმნა. პროექტის დასრულების შემდეგ აჭარის ელექტრომომარაგება იქნება მაღალ დონეზე გამართული და უსაფრთხო. არსებულ ხაზებს დაემატება ახალი, ორჯაჭვა, 220-კილოვოლტიანი ხაზი თავისი ინფრასტრუქტურით, რომელსაც შუახევიჰესი, მომავალში კი კორომხეთჰესი მიუერთდება, რომელიც ქედაში აშენდება. რაც შეეხება აჭარისწყლის ჰესს, ის ცალკე, სხვა ხაზით მიუერთდება სისტემას. ქსელს გამოვიყენებთ შიდა მოხმარებისთვის, ხოლო ელექტროენერგია ექსპორტზე თურქეთში სხვა ხაზებით გავა,“ – განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. „დგ კონსალტინგის~ პროექტით ელექტროგაყვანილობის ქსელს ტენდერში გამარჯვებული კომპანია KEC-ი ააშენებს.

„პროექტის განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკმა 33 მილიონი დოლარი გამოყო, ტენდერი 40 მილიონზე გამოვაცხადეთ, რომელიც ინდურმა კომპანია KEC-მა 33 მილიონით მოიგო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ კომპანიას სხვადასხვა სამუშაოსთვის ქვეკონტრაქტორები ჰყავს დაქირავებული, მათ შორის – ქართული კომპანიები. თუმცა ხაზის მშენებლობის დასრულების ვალდებულება 2018 წლის დასაწყისისთვის ჩვენ წინაშე KEC-ს აქვს აღებული. საკმაოდ კარგი გამოცდილების კომპანიაა – მასთან ერთად 2013 წელს 300 კილომეტრზე 500-კილოვოლტიანი ხაზი ავაშენეთ,“ – ამბობს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი.

წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ბუფერულ ზონაში 50-მდე საცხოვრებელი სახლი ხვდება, ელექტროგაყვანილობის ხაზი კი 1000-ზე მეტი მესაკუთრის მიწის ნაკვეთს გადაკვეთს. ხაზის ასაშენებლად კომპენსაციას მესაკუთრეებს საქართველოს ელექტროსისტემა გადაუხდის. ელექტროსისტემაში განმარტავენ, რომ განსახლების გეგმის კორექტირება ხდება და ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ განსახლება ქედაში ორ ოჯახს, ხელვაჩაურში კი 13 ოჯახს შეეხება. ამდენივე ოჯახს ეხება განსახლება ბათუმში, თუმცა დაზუსტებით რამდენ ოჯახსა და ვის მოუხდება საცხოვრებელი სახლის დატოვება მუნიციპალიტეტებში, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

„მოქალაქეებმა მიწის მესაკუთრეობის ცნობა უნდა წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპენსაციას ვერ მიიღებენ. კომპენსაციის ოდენობას რაც შეეხება, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით დავიქირავეთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია, რომელმაც შეაფასა მიწებისა თუ შენობა-ნაგებობების ღირებულება. მათ მიერ წარმოდგენილი საკომპენსაციო პაკეტი მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ დასამტკიცებლად, ამ დროისთვის მხოლოდ პაკეტის ნაწილია დამტკიცებული,“ – ამბობს სულხან ზუმბურიძე.

ვიდრე ქსელის მშენებლობა დაიწყება, მოსახლეობა სოფლებში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს და ხაზების ადგილმონაცვლეობას ითხოვს. მსგავსი მოთხოვნით აქციები გასულ კვირას ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს მოსახლეობამ გამართა. ადგილობრივების თქმით, თუ ახალი ხაზი გავა, სოფელს პრობლემა შეექმნება. მოსახლეობის მტკიცებით, ქედაში ხაზები საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სოფლის გზებზე უნდა გავიდეს. სოფელი ხაზის ადგილმონაცვლეობას ითხოვს.

მოსახლეობის შეშფოთებას, რომ ახალი ელექტროგაყვანილობის ხაზები პრობლემებს შექმნის, უსაფუძვლოდ მიიჩნევს სულხან ზუმბურიძე. ის ამის დასტურად მთავრობის 336-ე განკარგულებას ასახელებს: „საცხოვრებელი სახლისა თუ შენობა-ნაგებობის განთავსება, ანძის განაპირა მანძილიდან 25 მეტრში არ არის რეკომენდებული, რასაც ვითვალისწინებთ. ჩვენ გვაქვს როგორც 220 კვ-იანი, ასევე 500 კვ-იანი ხაზები და პრობლემა არ შექმნილა. არ მესმის შეშფოთების მიზეზი რა შეიძლება იყოს“.

ელექტროსისტემაში განმარტავენ, რომ თუ ოჯახი თანხის სანაცვლოდ მიწას არ დათმობს, კანონის შესაბამისად იმოქმედებენ; „ჩვენი ამოცანაა, პროექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ავაშენოთ. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ იმაზე მეტ თანხას, რაც კანონითაა დადგენილი, ელექტროსისტემა ვერ გადაიხდის“.

პროექტის მიხედვით, ელექტროგადამცემი ხაზის მინიმუმ 80% სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და სავარგულებზე გავა – ბათუმიდან ახალციხემდე სულ 151 ანძა, 150-600 მეტრი მანძილის დაშორებით მოეწყობა.

ამავე თემაზე:

ბათუმი-ახალციხის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ქონების გამოსყიდვა იწყება

ვინ მიიღებს კომპენსაციას აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო

ვის შეეხება ახალი 220-კილოვოლტიანი ქსელის მშენებლობა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: