კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

რას აჩვენებენ ტურისტს ბათუმში

13.05.2016 • 3774
რას აჩვენებენ ტურისტს ბათუმში

რას აჩვენებენ ტურისტს ბათუმში, თუ ის ქალაქში სულ რამდენიმე საათით ჩამოვიდა და ქალაქგარეთ გასასვლელად დრო არ რჩება? – ათეულში, რომელიც ტურისტულმა სააგენტოებმა ჩამოთვალეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი სახლები არ შედის. კულტურული მეკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაცია არც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ სარეკლამო ჟურნალებსა და ბროშურებში იძებნება.

ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, ქალაქის ფარგლებს თუ არ გავცდებით, ბათუმში ჩამოსული ტურისტების ინტერესს ყველაზე მეტად ბათუმის ძველი ბულვარი, რომელიც ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ზღვის სანაპიროზე განთავსებული ალისა და ნინოს ქანდაკება იწვევს.

„ექსკურსია ბათუმის შემოგარენში ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობს. მაგალითად, ზღვისპირა პარკი, საოცრებათა მოედანი და ალისა და ნინოს ქანდაკება ყოველთვის განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს. ასევე, რელიგიური-საკულტო ნაგებობები. ინტერესს იწვევს მეჩეთი და მიმდებარე ქუჩები დამახასიათებელი კაფეებით. მოთხოვნადია საბაგირო გზა.

გამოვყოფდი ასევე ძველ ბათუმსა და საჭაშნიკოებს, სადაც შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია. რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, ძველ ბათუმში ტური თავისთავად მოიცავს კულტურული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების დათვალიერებას, ამ ისტორიის მოყოლას. სამწუხაროდ, ბევრი შენობა დღეს ავარიულ მგომარეობაშია. ბევრი მიშენებულ-დაშენებულია, რაც ღირებულებას უკარგავს და ტურისტებისთვის უკვე ნაკლებად მიმზიდველია,“ – ამბობს „მეტრო თრეველის“ დირექტორი ირაკლი თავართქილაძე.

მისივე ინფორმაციით, თუ ტურისტს მხოლოდ ბათუმის დათვალიერება უნდა და ქალაქის ფარგლებს გარეთ გასასვლელად, მაგალითად, გონიოს ციხის ან ბოტანიკური ბაღის სანახავად დრო არ აქვს, განრიგი ასეთია: ძველი ბულვარი, ძველი ბათუმი, დელფინარიუმი, მუზეუმები, გალერეები, რესტორნები – აჭარული სამზარეულო, ანბანის კოშკი, ევროპის მოედანი, პიაცა, ეკლესიები, მეჩეთი, სინაგოგა და ბათუმის საბაგირო.

გასულ კვირას „ბათუმელებმა“ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მომზადებული სარეკლამო ჟურნალები, ბროშურები და ტურისტული რუკები შეისწავლა. მათში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ან ძეგლის სტატუსის მქონე სახლებს ადგილი არ ეთმობა და არც ფოტოა გამოქვეყენებული. თუ არ ჩავთვლით ერთ ჩანაწერს, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შერწყმის ნახვაა შესაძლებელი.

სარეკლამო ჟურნალებში მოკლე ჩანაწერები ჯერ კიდევ პორტო-ფრანკოდ წოდებული ბათუმის შესახებაც არსებობს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, თუ სად შეიძლება ნახონ ეს შენობები და არ არის გამოქვეყნებული არც ერთი კულტურული მემკვიდრეობის შენობის ფოტო.

სარეკლამო ჟურნალში, რომელიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2016 წელს გამოსცა, ნათქვამია: `საინტერესო ისტორიულმა წარსულმა მნიშვნელოვნად განაპირობა ბათუმის არქიტექტურული სიმდიდრე. ევროპელი არქიტექტორების არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ პორტო-ფრანკოდ წოდებულ პერიოდში…“

ტურისტები ევროპის მოედანზე. თორნიკე თავაძის ფოტო

ტურისტები ევროპის მოედანზე. თორნიკე თავაძის ფოტო

იყენებენ თუ არა გიდები კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც სანახაობას, რომელიც ქალაქის ისტორიასთან არის კავშირში? – გიდი აჩიკო ტოტოჩავა ამბობს, რომ იშვიათად: `სტანდარტული კულტურული ტური უფრო ნაკლებად აინტერესებთ. სახლებს ვაჩვენებ და ვუყვები მათ ისტორიას, მაგალითად, სამშობიაროზე ვეუბნები, რომ როტშილდის სახლი იყო, თურქი ვაჭრის სახლზე ვუყვები ასევე, სადაც ახლა ცვილის ფიგურების მუზეუმია. ვერ გეტვით, რომ დიდი ინტერესია. მე, ძირითადად, ებრაელ ტურისტებთან ვმუშაობ, მათთვის სინაგოგაა მნიშვნელოვანი. რუსები თუ ჩამოვლენ, ესენინზე ვუყვები. არის შემთხვევები, როცა არქიტექტურით ინტერესდებიან, უკითხავთ, როდისაა აშენებული, რა სტილია და ასე შემდეგ. ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით შეთავაზების არსებობა, რადგან ევროპელ ტურისტებს უფრო სიძველეები აინტერესებთ.“

საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე მიიჩნევს, რომ კულტურული მემეკვიდრეობის სტატუსის მატარებელი შენობები შეიძლება იყოს კულტურული ტურის ერთ-ერთი მარშრუტი ბათუმში და თუ ტურისტული სააგენტოები ამ მიმართულებით იმუშავებენ, ეს შეიძლება გახდეს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად:

„ჩვენთან, ძირითადად, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოდიან, ტურისტულ მარშრუტად შეიძლება ვაქციოთ ის ადგილები, სადაც ცხოვრობდნენ ცნობილი ადამიანები. ადგილი, სადაც ესენინი ცხოვრობდა, სადაც ცხოვრობდა მისი სატრფო შაგანე, სადაც დადიოდნენ, ხვდებოდნენ ერთმანეთს. ვუთხრათ ტურისტს, რომ აქ სკოლა იდგა, ამ სკოლაში შაგანე მუშაობდა, აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს და აქ წაუკითხა მან ლექსი შაგანზე. ესენინს ნაყოფიერი ცხოვრება აქვს ბათუმში გატარებული. ასევე შეიძლება გორკზე, ჩეხოვზე, ამ ბოლო დროს გასაგები მიზეზების გამო მათი კვალი იშლება. ამ ხელისუფლებას ვერაფერს გააგებინებ, მაგრამ, ეს შეიძლება ერთ-ერთი ბერკეტი იყოს კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. სტალინი საშინელი ადამიანი იყო, ასე შეაფასა ის მსოფლიოს ცივილიზებულმა საზოგადოებამ, მაგრამ ძალიან დიდია მის მიმართ ინტერესი არამარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროპიდანაც. სტალინზე გამოცემული წიგნი იყო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი. ჩვენ გვქონდა სტალინის სახლი, რომელიც დავანგრიეთ, სადაც ბათუმში ერთად აღებული სხვა მუზეუმებთან შედარებით ყველაზე მეტი ტურისტი იქ მიდიოდა. სტალინის სახლს შეიძლება დაუკავშირო ლითონის ნაკეთობათა საამქრო, რომელსაც უკავშირდება ისტორია, რაც მე ნახევრად ჭორიც კი მგონია. კაპლანის რკინის მასალების ნაკეთობები, მაგალითად, ზღვისპირას გემის დასაბმელი, საყრდენები, რომლებიც დღესაც არის შემორჩენილი. ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში იყო, იყო ასევე ფოსტაში, რკინიგზაში და ასე შემდეგ… თუ როგორ უკავშირდება ეს ისტორიები კაპლანს, რომელმაც ესროლა ლენინს და შეცვალა სამყაროს ბედი.

მნიშვნელოვანია ერთსართულიანი ბათუმი, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა შემორჩენილი. ის მართლა შეიძლება ჩვენი ქალაქის ბრენდი იყოს, თუ ვინმე მოდის, მოდის სიძველის სანახავად და ეს ბათუმისთვის სავიზიტო ბარათია, რადგან ქალაქი როცა გაჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და მზარდი ქალაქი იყო მთელ მსოფლიოში. ბევრ უცხოელთან მქონია ურთიერთობა, თუნდაც ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩამოსულებთან, როცა ბათუმში ჩამოდის მსოფლიოს ინტელექტუალური კინოელიტა და ვიცი, რომ ძველი სახლებით, ბელეტაჟებით, სწორი განაშენიანებით, მწკრივით და რიტმით აღფრთოვანებულები არიან.“

კითხვაზე, ტურისტულ შეთავაზებებს შორის რატომ არ არის აქცენტი კულტურულ მემკვიდრეობაზე? – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უპასუხეს, რომ გიდებს ტურისტული ობიექტების ჩამონათვალში აქვთ ისტორიული სახლების შესახებ ინფორმაცია და დათვალიერებისას მათი აჩვენებენ კიდეც. თუმცა, მართალია ისიც, რომ სარეკლამო მასალებში ისინი ამ დრომდე არ არის შეტანილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: