კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

როდის დაიცავენ ქვეყანაში მშენებელი მუშების უფლებებს

12.05.2016 • 2867
როდის დაიცავენ ქვეყანაში მშენებელი მუშების უფლებებს

ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე სახლის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა დაიღუპა. ეს უკვე 359-ე უბედური შემთხვევაა ბოლო 10 წლის განმავლობაში მშენებლობიდან ადამიანის ჩამოვარდნის და დაღუპვის. მხოლოდ წელს ბათუმში უკვე სამი ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა მშენებარე კორპუსის სხვადასხვა სართულიდან გადმოვარდნის შედეგად. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არავის აქვს უფლება აკონტროლოს არის თუ არა დაცული შრომის უსაფრთხოების პირობები მშენებლობის დროს. არც დასჯის უფლება აქვს ვინმეს.

„ჩვენ სწორი გზით მივდივართ“, – მიიჩნევს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია იმის მიუხედავად, რომ მის სამსახურს, მშენებელი კომპანიის ნებართვის გარეშე, არ აქვს უსაფრთხოების ნორმების შემოწმების უფლება. დეპარტამენტს არ აქვს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სანქციის გატარების უფლებამოსილება.

მშენებლობებზე ადამიანების დაღუპვის მაჩვენებელი კი მატულობს: „ბევრი დარღვევაა უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატისტიკა საკმაოდ პოზიციტიურია. შემოწმებული კომპანიებიდან 60 პროცენტს ნაწილობრივ შესრულებული აქვს რეკომენდაციები, 30 პროცენტს – სრულად, ხოლო 10 პროცენტს, ეს სადღაც 7 კომპანია გამოდის, არ გაუთვალისწინებია რეკომენდაციები“.

ელზა ჯგერენაიას აზრით, შრომის დაცვის ინსპექცია მართებულად გააუქმეს, რადგან კორუფციის რისკები ძალიან მაღალი იყო და რეალურ კონტროლს ეს მექანიზმი ვერ უზრუნველყოფდა. ამ სფეროში ჩართული პირები კი პირიქით ფიქრობენ. მათი მტკიცებით, მაკონტროლებელი ორგანოს გაუქმება იყო დანაშაული და გაუქმების ნაცვლად, ის უნდა გაეძლიერებინათ.

„მუშა აბსოლუტურად დაუცველია, ელემენტარული ჩაფხუტი და ქამარიც კი არ აქვთ ბევრგან“, – ამბობს აჭარის მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, იაშა გურგენიძე. ის წლებია ამ მიმართულებით მუშაობს. მისი დაკვირვებით, ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, როცა 2006 წელს შრომის დაცვის ინსპექცია გაუქმდა. „მარტო აჭარაში ამჟამად დაახლოებით 7 ათასამდე ადამიანი მუშაობს მშენებლობებზე. ამ ადამიანების დაუცველი შრომა რატომღაც დღემდე არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ. კანონში ყველაფერი შესანიშნავად წერია, მაგრამ არავინ ამოწმებს არის თუ არა სადმე დაცული უსაფრთხოების ნორმები. ელემენტარული ნორმების დაცვას არც ისე ბევრი თანხა სჭირდება, მაგრამ ინვესტორები ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ, რისკავენ, სიხარბე სძლევთ“, – ამბობს იაშა გურგენიძე.

მშენებელი კომპანიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებენ დამსაქმებელთა ასოციაციაშიც. „ბევრი აბრალებს მუშებს, რომ ისინი არ იცავენ დისციპლინას, მაგრამ თუკი დამსაქმებელი მოითხოვს, შეუძლებელია, უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტის დაცვა პრობლემა იყოს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ფუნდამენტური პრინციპების დაუცველობა ხდება უბედური შემთხვევის მიზეზი. ვიდრე სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხი არ დადგება, არავინ ამოწმებს უსაფრთხოების პირობებს“, – გვეუბნება დავით ჭყონია, „დამსაქმებელთა ასოციაციის“ აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე დაწყებულ გამოძიებებს თვალს ადევნებს იაშა გურგენიძეც: „არ გამიგია ვინმე დაეპატიმრებინოთ ამის გამო. აჯარიმებენ 10-12 ათასი ლარით და ისევ გრძელდება მშენებლობა“.

გამოძიება უკვე დაწყებულია კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშის საქმეზე. კომპანიის ხელმძღვანელობა ჯერ გასაუბრებას დაგვპირდა, თუმცა შემდეგ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

გამოძიება არ დასრულებულა, მაგალითად, მიმდინარე წლის 8 თებერვალს „პორტა ბათუმის“ მშენებლობაზე მუშის დაღუპვის საქმეზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

„აქ 200-მდე მუშაა. ბევრი გათავისუფლდა, ან თავისი სურვილით წავიდა, რადგან უსაფრთხოების კუთხით მოთხოვნების შესრულება არ სურს“, – ამბობს თემურ ზანაქიძე, „პორტა ბათუმის“ მშენებლობის უსაფრთხოებაზე ხელმძღვანელი პირი. მისი თქმით, მუშის დაღუპვა მისივე გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. „ხელშეკრულების გაფორმების დროს, მათ დეტალურად ვაცნობთ უსაფრთხოების ინსტრუქციებს. შემდეგ თვეში ორჯერ ვუტარებ ტრენინგებს და დეტალურად ვახსენებ წესებს. თითოეულ ჯგუფს ვაკვირდები ყოველდღიურად, რომ არ იმუშავოს, მაგალითად, ჩაფხუტის, ან შესაბამისი ჟილეტის გარეშე“, – გვიყვება თემურ ზანაქიძე.

რატომ არიდებს თავს ხელისუფლება სანქციების ამოქმედებას იმ მშენებელი კომპანიების მიმართ, ვინც უსაფრთხო შრომის პირობებს არ ქმნის? – ელზა ჯგერენაია, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სანქციები უნდა დაწესდეს, მაგრამ ეტაპობრივად: „ეს არაა დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოზე, დასაქმებულზე ან დამსაქმებელზე – სამივეს ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ. შესაძლოა, მკაცრმა სანქციებმა გარკვეული მშენებლობის შეჩერება და უმუშევრობა გამოიწვიოს. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ ამაზე მსჯელობა პროფესიულ კავშირებთან და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად. აუცილებლად უნდა შემუშავდეს კანონპროექტი ამ კუთხით და ეს წლის ბოლომდე გაკეთდება. ზაფხულის დასაწყისში ამ თემაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მრგვალ მაგიდას მოაწყობს. იქ ვიმსჯელებთ, სანქციების რა მოდელი იქნება ყველაზე ეფექტური“.

კანონის სრული სიმკაცრით ამოქმედების მომხრე არც „დამსაქმებელთა ასოციაციაა“. „კანონმდებლობა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოშია მიღებული. ეს კანონი საკმაოდ მკაცრია და მისი სრულად ამოქმედება დაარტყამს ბაზარს, მაგრამ ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერ მშენებელს მოსთხოვონ მინიმალური პირობების დაკმაყოფილება, მაგალითად, აღჭურვილობის შეძენა, რაც ერთი მუშის შემთხვევაში 200 ლარამდე ჯდება“, – აცხადებს დავით ჭყონია.

რატომ აარიდა თავი, ან რატომ ვერ მოიცალა ხელისუფლებამ დღემდე უსაფრთხო შრომითი ნორმებისთვის, რომლის დაუცველობასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება? – „ასე არ არის, არ აგვირიდებია თავი. უბედური შემთხვევა ყველა ქვეყანაში ხდება და შრომის ინსპექცია არ არის იმის გარანტი, რომ 100 პროცენტით აღმოიფხვრება ასეთი შემთხვევები,“ – ამბობს ელზა ჯგერენაია, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„ჩვენთვის სად სცალიათ პოლიტიკოსებს? ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს და ამას ვეუბნები სხვებსაც. ეთამაშებიან სიკვდილს, სიცოცხლე ყველას გვინდა, მაგრამ ბევრს ჩაქნეული აქვს ხელი ყველაფერზე“, – გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსთან, რომლის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 40 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: