კვირის ამბები,მთავარი

„პიერ ბათუმი“ ახალი მენეჯმენტით და ძველი სასამართლო პროცესებით

08.05.2016 • 3891
„პიერ ბათუმი“ ახალი მენეჯმენტით და ძველი სასამართლო პროცესებით

„პიერ ბათუმი“ ბულვარში მუშაობას აგრძელებს. პარალელურად გრძელდება სასამართლო პროცესები მერიასა და მოიჯარე კომპანია „BATTUN“-ს შორის, რომელიც მერიის შესაბამისმა სამსახურმა რამდენჯერმე დააჯარიმა. მთავარი პრობლემა პირსია – ზღვაში შეჭრილი ნაგებობა, რომელიც, მერიის განცხადებით, უკანონოდაა აშენებული. დავის პარალელურად „BATTUN“-მა სარესტორნო მომსახურების კუთხით მენეჯმენტი შეცვალა. დღეს ობიექტს ახალი კომპანია მართავს.

„ბათუმის პირსის მესაკუთრე კვლავ „BATTUN“-ია, უბრალოდ, შეიცვალა სარესტორნო მომსახურების მენეჯმენტი, რომელიც მხოლოდ რესტორანს მართავს. სხვა სერვისი რჩება იგივე – მაღაზიები, ჩილიმ ბარი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და სხვა, ყველა ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს. მენეჯმენტის განახლება მხოლოდ სარესტორნო მომსახურების მხრივ გადაწყდა,“ – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მინდია გურგენიძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, გასცა თუ არა „BATTUN“-მა ობიექტი იჯარით? მინდია გურგენიძე პასუხობს, რომ ასეთ რამეს ადგილი არ აქვს. ის უარყოფს ასევე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ობიექტი რამაზ ცეცხლაძეს წლიურად ერთი მილიონის სანაცვლოდ გადაეცა ხუთწლიანი იჯარით: „არანაირი იჯარა და მილიონები, ეს ყველაფერი ჭორია. ერთი წლით, საცდელი დროით გადაეცა… რა იქნება მომავალში, არ ვიცით, ვნახოთ. ჩვენ ვალდებულება გვაქვს მერიასთან, რასაც ვასრულებთ“.

მინდია გურგენიძე ადასტურებს, რომ რესტორანს ამჯერად შპს „პიერ ბათუმი“ მართავს. რეესტრის მონაცემებით, ეს კომპანია 2016 წლის 29 იანვარსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100% წილის მფლობელია რამაზ ცეცხლაძე, რომელმაც „პიერ ბათუმი“ ერთ სამუშაო დღეში დაარეგისტრირა, საქმიანობის საგნად მითითებულია – „სხვადასხვა“.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, რამაზ ცეცხლაძე წილებს ფლობს სხვადასხვა კომპანიაში, მათ შორის: „REPLAYGE“ [100%], „ბაზალტ-ინვესტი-L.T.D.basalt-invest“ [20%], „Georgia Catering“ [50%, თუმცა რეესტრში შეწყვეტილია საქმე, რომლითაც რამაზ ცეცხლაძე დარჩენილი 50%-ის მასზე გადაფორმებას ითხოვს, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ კრების ოქმის მიხედვით, კომპანიის წილის ნახევარი მას თურქეთის მოქალაქე იუკსელ ადაკიმ უსასყიდლოდ გადასცა, ადაკის მინდობილი პირი კი თავად რამაზ ცეცხლაძეა]; რამაზ ცეცხლაძე თავის დროზე წილის 24,4%-ს ფლობდა კომპანიაში, რომელიც დღეს რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც შპს „უშიშროებისა და დაცვის სამსახური ორბი“.

„ბათუმელები“ რამაზ ცეცხლაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ბათუმში არ იმყოფებოდა და მინდია გურგენიძეს დავკავშირდეთ.

მთავარი შეკითხვა უკავშირდებოდა იმას, თუ როგორ აპირებდა ახალი მმართველი ობიექტის მართვას, როცა მერიის ზედამხედველობის სამსახური ბათუმის პირსის დემონტაჟს ითხოვს და ამ მიზნით სააღსრულებო ბიუროსაც კი გადასცა საქმე.

„ეს დავა, რომელიც მერიასთან გვაქვს, ჩვეულებრივად მიმდინარეობს, რამდენიმე პარალელური საქმეა სასამართლოში და ყველა, ფაქტობრივად, პირსის დემონტაჟს უკავშირდება. ჩვენ მოვიგეთ კიდეც უზენაეს სასამართლოში, მაგრამ მერიას ჰქონდა ალბათ რაღაც ხელმოსაჭიდი და ხელახლა შეაბრუნა საქმე სასამართლოში, რაც ჩვენი იურისტების თქმით, უსაფუძვლოა. დარწმუნებული ვართ, ისევ მოვიგებთ სასამართლოს. ეს მერიის მხრიდან დროის გაყვანის მცდელობაა“, – გვითხრა მინდია გურგენიძემ.

ბათუმის პლაჟზე, 35 მეტრი სიგრძის პირსის დემონტაჟზე, რომელიც შპს „BATTUN“-მა 2011 წელს ააშენა, გადაწყვეტილება ბათუმის მერიაში გასულ წელს მიიღეს. მერიაში მაშინ განმარტეს, რომ კომპანიას ერთადერთი შანსი რჩებოდა – მშენებლობა კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა.

მერიაში ამჯერად „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ პირსის მშენებლობა კანონთან შესაბამისობაში არ არის, თუმცა მერიაც სასამართლო გადაწყვეტილებებს ელოდება [სასამართლოს განჩინებით, დღეს პირსის დემონტაჟზე სააღსრულებო წარმოებაც შეჩერებულია]. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ნებართვა არ არის როგორც პირსზე, რომელიც ზღვაში შედის, ასევე იმ ობიექტებზეც, რომლებიც პლაჟზეა.

„პირსის ნაწილში საკასაციო სასამართლო იხილავს, ხოლო მეორე ნაწილში მერიას დაევალა ხელახლა მსჯელობა და ახალი აქტის გამოცემა, თუმცა მერიამ ძველი აქტი დატოვა ძალაში, რაც ამჯერად ისევ პირველ ინსტანციაშია გასაჩივრებული,“ – განაცხადეს მერიის იურიდიულ სამსახურში.

მინდია გურგენიძის თქმით: „მშენებლობაში ნებართვის მისაღებად ხდება პირველი, მეორე და მესამე ეტაპის გავლა. ამ ეტაპებზე მოხდა გადაკვეთა გზების დეპარტამენტთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ნებართვის მიღების კუთხით შეიქმნა პრობლემები, რის გამოც წარმოიქმნა სასამართლო დავა. რამდენჯერმე დავჯარიმდით, გადავიხადეთ, შემდეგ უნდა აღმოფხვრილიყო პრობლემა, მერიამ მიგვითითა, რომ რაღაცები გაგვესწორებინა. ჩვენ მივწერეთ, რომ პრობლემა აღმოფხვრილი იყო – ექსპერტის დასკვნაც კი წარვადგინეთ მერიაში, მაგრამ ეს არ მიიღო მერიამ. მერიას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა უარი ეთქვა ჩვენთვის, მას ნებართვა უნდა გაეცა, მაგრამ არ გასცა და მივმართეთ სასამართლოს. ამჯერად ყველაფერი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“.

პირსის აგება ბათუმის პლაჟზე მერიის ქონების მართვის სამსახურსა და შპს „BATTUN“-ს შორის შეთანხმების მთავარი პირობა იყო. ხელშეკრულება 2010 წელს გააფორმეს. სანაცვლოდ კომპანიამ ბათუმის მერიისგან პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, 7 392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი 29-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო. ამ ადგილზე კომპანიამ სპორტულ-გასართობი კომპლექსი „პიერ ბათუმი“ გახსნა. ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 15 000 ლარის ოდენობით საიჯარო გადასახადსაც ითვალისწინებდა.

პიერ ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო

პიერ ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: