კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

დისკრიმინაციული ბრძოლა ნარკომომხმარებელთა წინააღმდეგ

16.04.2016 • 1777
დისკრიმინაციული ბრძოლა ნარკომომხმარებელთა წინააღმდეგ

კანონი, რომლისთვისაც პარლამენტარებმა ჯერ ვერ მოიცალეს, ნარკოტიკების მომხმარებლებს, რესოციალიზაციის ნაცვლად, გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. ნარკოტიკის მომხმარებელს სასჯელის შეფარდებისთანავე ერთმევა კონკრეტული უფლებები, მათ შორის: ავტომანქანის მართვის, საჯარო დაწესებულებაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის, საადვოკატო, საექიმო, პედაგოგიური საქმიანობის, ასევე პასიური საარჩევნო (როცა პირი კენჭს იყრის არჩევით თანამდებობაზე) უფლებები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ კანონი „ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ დისკრიმინაციულია.

საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა რამდენიმე ნარკომომხმარებლის სარჩელი ამ კანონმდებლობის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.

„ერთ-ერთი მოსარჩელე სადისტრიბუციო სამსახურში მუშაობდა. მას პირობითი მსჯავრი შეუფარდეს ნარკოტიკის მოხმარების გამო, მაგრამ ჩამოართვეს მართვის მოწმობაც, შესაბამისად, დაკარგა სამსახური. მას 3 წლის განმავლობაში არ ექნება საშუალება ავტომანქანის მართვის უფლება დაიბრუნოს“, – ამბობს ადვოკატი ალექსი შოშიკელაშვილი.

იგი საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ნარკომომხმარებლის ინტერესებს დაიცავს.

მოსარჩელეების ერთი ჯგუფის ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. ამ ორგანიზაციის ადვოკატი გურამ იმნაძე ყურადღებას ამახვილებს კანონის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ნარკომომხმარებელს უფლებებს ავტომატურად ართმევენ: „მოსამართლეს არ აქვს მსჯელობისა და დასაბუთების შესაძლებლობა. ყველა ეს უფლება კონკრეტული ვადით, საკმაოდ ხანგრძლივად ერთმევა ადამიანს. ნარკოტიკის მოხმარებისთვის უფლებები ერთმევა 3 წლის ვადით, ხოლო გავრცელებისთვის – 5 წლით. ჩვენი მოთხოვნაა ანტიკონსტიტუციურად იქნას მიჩნეული ეს ნორმები. ჩვენი აზრით, ინდივიდუალურად უნდა სწავლობდნენ კონკრეტულ შემთხვევას, მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს, კონკრეტული უფლების ჩამორთმევის მიზანშეწონილობა”.

გურამ იმნაძის შეფასებით, გარდა იმისა, რომ კანონი არათანაბარ პირობებში აყენებს ნარკომომხმარებლებს სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით, იგი რესოციალიზაციას უქმნის პრობლემას. მხოლოდ ნარკოტიკის მოხმარებისთვის პირებს იშვიათად ათავსებენ ციხეებში, თუმცა უფლებების ჩამორთმევა ვრცელდება ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც მაშინ, როცა პირს პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.

კანონში „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ განმარტებულია, რომ პრევენციის გარდა, ნარკომომხმარებლისთვის უფლებების ჩამორთმევის მიზანია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ და „ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილება“. საკონსტიტუციო სარჩელში კი ვკითხულობთ:

„ამგვარი ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან არსებობს ნებისმიერი სხვა ტიპის დანაშაულის ჩამდენთა მიმართ. კერძოდ, რომ არ მოხდეს მათ მიერ იმავე, ან სხვა ტიპის დანაშაულის ჩადენა და ამით საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესის ხელყოფა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა, ჰიპოთეტურადაც კი არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების, ან ნარკოტიკული დანაშაულის გავრცელების ხელშეწყობასთან კავშირში. ანუ, პირის მიერ ამ უფლებებით სარგებლობა ავტომატურად არ ზრდის ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის რისკებს”.

მოსარჩელეთა დასაბუთებით, კანონი, რომლითაც ნარკომომხმარებლები კონკრეტული უფლებების მიღმა რჩებიან, დისკრიმინაციულია: „სახელმწიფო განმარტავს, რომ ამას პრევენციის მიზნით აკეთებს, მაგრამ არ შეიძლება საფრთხე მხოლოდ ნარკომომხმარებელში დაინახო. პოტენციური საფრთხე შესაძლოა ბევრ სიტუაციაში არსებობდეს, მაგრამ ჩვენ არ ვთხოვთ ყველას პასუხს. მაგალითად, არავინ ართმევს მართვის მოწმობას ალკოჰოლიკს წინასწარ იმ მიზეზით, რომ საფრთხეა მოსალოდნელი, ასევე თუკი ალკოჰოლური სიმთვრალე დაფიქსირდა, პირს მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევს… არ შეიძლება ადამიანს ჯერ ჩაუდენელი დანაშაულის გამო ჩამოართვა რაღაცის უფლება. ჩადენა კი არა, განზრახვაც კი არ არსებობს და წინასწარ პასუხისმგებლობის წინაშე აყენებ პირს. ეს პრევენცია კი არა, დისკრიმინაციაა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ალექსი შოშიკელაშვილმა.

კანონის შეცვლის აუცილებლობას ხედავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც“. იურისტი გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

„ეს არის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების დარღვევა, რის დაცვასაც „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-16 მუხლი ითვალისწინებს; ასევე ღირსების შემლახავი მოპყრობა, თუმცა უმჯობესია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ“ – ამბობს გიორგი გოცირიძე.

ამ ორგანიზაციას არაერთი ნარკომომხმარებელი მიმართავს დასახმარებლად. გიორგი გოცირიძე ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს: „ერთი კაცი ტაქსისტი იყო, სამსახური დაკარგა ამ მიზეზით, თან სასჯელი მოიხადა და მართვის უფლება ისევ ჩამორთმეული ჰქონდა, რადგან შეზღუდვა სამწლიანია. ასეთი მიდგომით ხშირად შემოსავლების გარეშე რჩება არამხოლოდ ნარკომომხმარებელი, არამედ მისი ოჯახიც. ჩვენი აზრით, სასამართლოს უნდა ჰქონდეს ცალკეული შემთხვევის ინდივიდუალურად განხილვის საშუალება. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს ჩამორთმეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა ვადამდე. თუკი ნარკომომხმარებელს უკვე ჩაუტარდა მკურნალობის კურსი და მისგან, მაგალითად, ავტომანქანის მართვის საფრთხე აღარ არსებობს, სამ ან ხუთ წლამდე ავტომატურად არ უნდა რჩებოდეს მართვის უფლებაჩამორთმეული”.

ბათუმში მომუშავე ადვოკატი ედიშერ მახარაძე სამი ნარკომომხმარებლის ინტერესებს იცავდა სასამართლოში. ისინი ავტომანქანას მაშინ მართავდნენ, როცა მართვის უფლება სასამართლოსგან სამი წლით ჰქონდათ ჩამორთმეული. სამივეს წინააღმდეგ ხელახლა დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა – სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის ბრალდებით, რაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლო არასწორ პრაქტიკას განაგრძობს. „კანონი ამბობს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელს ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ ამ ვითარებაში პირს ჩამოერთმევა მართვის მოწმობა, თუ არ აქვს – ვერ აიღებს სამი წლის განმავლობაში. მანქანის მართვა შესაბამისი მოწმობის გარეშე რეგულირდება ადმინისტრაციული წესით – ითვალისწინებს ჯარიმას. არ შეიძლება პირს ადმინისტრაციული გადაცდომისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრო“, – ამბობს ედიშერ მახარაძე.

„ეს სასამართლო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს“, – მიიჩნევს საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე: _ „მართალია, ავტომანქანის მართვა მოწმობის გარეშე არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაგრამ იგი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რადგან პირს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება. სისხლის სამართლის სანქცია შთანთქავს ადმინისტრაციულს. მაგრამ ეს უნდა იყოს სასამართლოს მსჯელობის საგანი“.

რას ფიქრობენ კანონმდებლები სადავო კანონზე – ამ თემაზე “ბათუმელები” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს დაუკავშირდა. „არ ვიცნობ ჯერ ამ საკონსტიტუციო სარჩელებს, არც მიფიქრია ამ კუთხით, ვერაფერს გეტყვით“, – უთხრა „ბათუმელებს“ პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის წევრმა, შალვა შავგულიძემ. კანონზე სასაუბროდ ვერც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ მოიცალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: