კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ახალი პოლიტიკური ბალანსი ბათუმის საკრებულოში

06.04.2016 • 1920
ახალი პოლიტიკური ბალანსი ბათუმის საკრებულოში

მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციისგან დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე განაცხადეს, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციურ ფრაქციებს იმედი მიეცათ, რომ მათი ოცნებაც შეიძლება ახდეს. ისინი ვარაუდობენ, რომ კონკრეტულ საკითხებზე კენჭიყრისას შესაძლოა დაფიქსირდეს კონფიგურაცია: 14 ხმა („რესპუბლიკელების“ ჩათვლით) 11 ხმის წინააღმდეგ – ზუსტად ამდენი წევრი ჰყავს სახელისუფლებო გუნდს საკრებულოში.

მივდივართ, მაგრამ ვრჩებით, – დაახლოებით ასეთი იყო „რესპუბლიკელების“ პათოსი მას შემდეგ, რაც მათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გარეშე მონაწილეობაზე განაცხადეს. პერემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარემ და „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ პარტია აცნობიერებს ამორჩეველთან პასუხისმგებლობას, რის გამოც ის არჩევნებამდე კოალიციურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას; რესპუბლიკელი მინისტრები, სხვა რესპუბლიკელ თანამდებობის პირებთან ერთად, პოსტებზე დარჩებიან: „არჩევნებამდე ერთად მივალთ“. დავით უსუფაშვილმა ისიც დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკელები“ „კოალიციურ და კონკურენტულ“ გარემოში გააგრძელებენ მუშაობას.

ძალების მსგავსი გადანაწილების შემდეგ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, თვითმმართველობების საკრებულოებშიც შესაძლოა უმცირესობაში აღმოჩნდეს. ასეა ბათუმის საკრებულოშიც, სადაც გადაწყვეტილებებს ამ დრომდე კოალიცია „ქართული ოცნება“ იღებდა: 25-წევრიან საკრებულოში პარტია „ქართულ ოცნებას“ 11 წევრი ჰყავს, მათგან ორი „კონსერვატორი“. გასულ კვირამდე კოალიციის რიგებში სამი „რესპუბლიკელიც“ იყო.

აქამდე სამი ოპოზიციური ფრაქციის წევრებს ბათუმის საკრებულოში (ფრაქციების სულ ცხრა წევრი და ორი დამოუკიდებელი წევრი ჰყავდთ „პატრიოტთა ალიანსიდან“) გადაწყვეტილების მიღების შანსი არ ჰქონდათ. ახლა იმედი გაუჩნდათ, რომ შესაძლოა ეს რეალობა შეიცვალოს.

`ბევრი გადაწყვეტილება იყო ბათუმის საკრებულოში, რასაც რესპუბლიკელები არ ეთანხმებოდნენ, ეს გადაწყვეტილებები მათთვის პრინციპულად მიუღებელი იყო, თუმცა კოალიციის რეჟიმიდან გამომდინარე უწევდათ კენჭისყრაში მონაწილეობა და ქართული ოცნების პოზიციის მხარდაჭერა. ახლა ისინი კოალიციის რეჟიმში რჩებიან, თუმცა მათთვის პრიორიტეტი იქნება პარტიული გადაწყვეტილებები. ფრაქცია რესპუბლიკელები ბათუმის საკრებულოში პარტიული პრინციპების მომხრედ დარჩებიან და აღარ დაუჭერენ მხარს მათთვის მიუღებელ პოზიციას კოალიციის შენარჩუნების გამო. ეს მათ აღარ დასჭირდებათ. რაც შეეხება ძალთა გადანაწილებას, დღეს საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დადგება დღის წესრიგში, იქნება მხარდაჭერილი ფრაქციებს შორის პრინციპული შეთანხმების შემთხვევაში, რადგან ეს იქნება 14 ხმა – 11 ხმის წინააღმდეგ“, – ამბობს კობა ჩხეიძე, ბათუმის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარე.

კოლეგის მსგავსად ახალ პოლიტიკურ რეალობას იმედიანად ვერ ხვდებიან საკრებულოს სხვა ოპოზიციურ ფრაქციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ეჭვობს, რომ პრინციპული გადაწყვეტილების მიღებისას „ქართული ოცნება“ დამატებით ორ ხმას „პატრიოტთა ალიანსის“ ორი წევრისგან მიიღებს. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ 11 ხმას კიდევ ორი ხმა დაემატება და ოპოზიციას ერთი ხმით მოუგებს.

როგორია მათი ხედვა ახალ პოლიტიკურ რეალობაში? – ამ კითხვაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების პოზიცია უცნობია, მათთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა.

ფრაქცია ქართულ ოცნებაში ორი კონსერვატორია – დიმა დარჩია და თემურ ორაგველიძე. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც, ჯერჯერობით, არ აურჩევიათ ამ პარტიის თავმჯდომარედ, განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა. შესაბამისად, კოალიციაში ჯერ კიდევ შემავალ „კონსერვატორებსა“ და „მრეწველებს“ მოუწევთ თავად გადაწყვიტონ, როგორ მოიქცევიან მომავალში.

„როდესაც ხარ პარტია, უნდა იცოდე, რომ კოალიცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს დაიშალოს. ყველამ მისი გადაწყვეტილება მიიღო და ამაში ცუდი არაფერია. რაც შეეხება ახალ ბალანსს საკრებულოში, მინდა გითხრათ, რომ რესპუბლიკურ პარტიას არ უთქვამს, რომ ოპოზიციაში მიდის, ფაქტია ისიც, რომ რაღაც საკითხებზე მათ ან დაუჭერიათ მხარი, ან არა… შესაძლებელია ეს გაგრძელდეს, ისევ დაუჭირონ მხარი ან არ დაუჭირონ. ჩვენ, კონსერვატორები, ჯერჯერობით, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ ვრჩებით“ – ამბობს დიმა დარჩია.

საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქციაა, რომელსაც ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი გიორგი ცინცქილაძე ხელმძღვანელობს. მას ვერ დავუკავშირდით. ამ ფრაქციის წევრი გიორგი კაკაბაძე კი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ პოლიტიკური ვაჭრობა მათ ფრაქციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ვერ შედგება და „ქართულ ოცნებას“ მათი იმედი ვერასდროს ექნება“.

სინამდვილეში რას შეცვლიან რესპუბლიკელები, უახლოეს სხდომაზე გამოჩნდება. პირველი პრინციპული საკითხი, რომლის კენჭისყრის ეტაპზე ადეკვატურ რეაქციას „კოალიციური დისციპლინისგან“ გათავისუფლებული „რესპუბლიკელებისგან“ ოპოზიცია ელის, 2015 წლის ბიუჯეტის ანგარიშია. „არა მგონია, მისი შესრულებით ვინმე აღფრთოვანებული იყოს, მათ შორის რესპუბლიკელები“, – ამბობს კობა ჩხეიძე.

„რა თქმა უნდა, ვექვემდებარებოდით კოალიციურ პრინციპებს, თუმცა საკრებულოში უფრო პრინციპულები ვიყავით“, – ასეთია საკრებულოს წევრის, ზაურ ახვლედიანის პასუხი, რომელიც ამ პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: