კვირის ამბები,კვირის ამბები

ქალის ცემაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულის საქმე

24.03.2016 • 1422
ქალის ცემაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულის საქმე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს მ.დ.-ს საქმეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ედება ბრალი. ვინაიდან მძიმე ბრალდებებს შორის ერთ-ერთი გაუპატიურებაა, სხდომები დახურულია.

საქმის მასალების მიხედვით, მ.დ-მ ქალს ჯერ თავისუფლება აღუკვეთა, შემდეგ გააუპატიურა, სცემა და ბოლოს გაძარცვა.
ბრალდებული წარდგენილი ბრალდებებიდან მხოლოდ ცემის ფაქტს აღიარებს.

„დანარჩენ ბრალდებებზე პროკურატურის მტკიცებულება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნაა, რომელიც უკანონოა, რადგან იგი ჩვენ მოთხოვნისთანავე არ გადმოგვცეს. კანონის მიხედვით, ასეთი მტკიცებულება ბათილია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მ.დ-ს ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ. მისივე თქმით, ბრალდებულმა და დაზარალებულმა სასამართლოს უთხრეს, რომ მათ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ.

სასამართლომ უკვე მოისმინა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები. გადაწყვეტილებას მოსამართლე დავით მამისეიშვილი რამდენიმე დღეში, მხარეების საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ მიიღებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მ.დ.-ს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: