კვირის ამბები,კვირის ამბები

რატომ უნდა მოვითხოვოთ ეტიკეტირებული პროდუქტი

15.02.2016 • 2540
რატომ უნდა მოვითხოვოთ ეტიკეტირებული პროდუქტი

სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ეტიკეტის გარეშე შეფუთული პროდუქციის გაყიდვა აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნის დაცვას კანონი ბიზნესოპერატორებს წლებია ავალდებულებს, ბევრ სავაჭრო ობიექტში რძის ნაწარმი კვლავ ეტიკეტის გარეშე იყიდება. მომხმარებელი იძულებულია, პროდუქტის შერჩევისას მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ენდოს.

რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ეტიკეტზე მითითებული დასახელება: რძე, არაჟანი, ხაჭო, დო, კარაქი, ყველი და სხვა, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ რძის ნაწარმზე. ხოლო თუ რძის ნაწარმს დამატებული ექნება მცენარეული ცხიმები, მას უნდა გაუკეთდეს შესაბამისი მინაწერი და უნდა აღინიშნოს: კარაქისებრი, არაჟნისებრი, ან კარაქის მსგავსი, არაჟნის მსგავსი პროდუქცია.

ეტიკეტი ისე უნდა იყოს მიმაგრებული პროდუქტზე, რომ არ მოშორდეს, არ წაიშალოს, იყოს ადვილად კითხვადი და შეიცავდეს სრულ ინფორმაციას, თუ რისგან შედგება ესა თუ ის პროდუქტი.

რძისა და რძის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ჰიპერმარკეტებში, სუპერმარკეტებში, მაღაზიებსა და სხვა სარეალიზაციო ობიექტებში დახლზე სარეალიზაციოდ განთავსებულ პროდუქციას ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

გარდა ამისა, ტექნიკური რეგლამენტი მოითხოვს HAჩჩP, ანუ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას იმ მეწარმეებისათვის, რომლებიც ნედლ რძეს თერმულად ამუშავებენ. ეს სისტემა უწყვეტი პროცესია. იგი მოიცავს ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოებას მიკვლევადობის პროცესის დასანერგად.

კახა სოხაძე _ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ 2020 წლამდე საოჯახო ტიპის რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე სურსათის უვნებლობაზე კონტოლი არ განხორციელდება, თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ტექნიკური რეგლამენტი უკვე ავალდებულებს რეალიზატორს გასაყიდ ობიექტში არსებულ შეფუთულ პროდუქტს ეტიკეტი გააჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი ვერ აკმაყოფილებს რეგლამენტით გაწერილ მოთხოვნებს, შეუძლია ნედლი რძე რძის საწარმოში ჩააბაროს და ის დამატებითი დანახარჯები შეამციროს, რაც სჭირდება ყველის საწარმოებლად მაგალითად, ბუნებრივი აირი, შეშა, ყველის დედო, მარილი და აშ. რაც არის საჭირო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამსახურის უფროსი, ილია სირაბიძე აცხადებს, რომ რძისა და ხორცპროდუქტების ხარისხსა და ვარგისიანობაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად არ იქნება წარმოებული და ეტიკეტირებული, მწარმოებელი დაჯარიმდება.

თუ რძეს ან რძის ნაწარმს არ აქვს ეტიკეტი ან ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება პროდუქტის შემადგენლობას, მწარმოებელი ბიზნესოპერატორი პირველად ჯარიმდება 400 ლარით ერთჯერადად, ხოლო მეორე ეტაპზე 1200 ლარით. იგივე მოთხოვნა ვრცელდება რესტორნების, სასტუმროების, კაფეებისა და სხვა სწრაფი კვების ობიექტებზეც.

ქვეყნდება შემოკლებით

სტატია მომზადებულია „რეგიონული მედიის ასოციაციის“ მიერ „ევროპის ფონდის“ დაფინანსებით, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტების ფარგლებში. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატიები არ გამოხატავს ევროპის ფონდის, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: