კვირის ამბები,კვირის ამბები

22 წელი დევნილობაში, საცხოვრებლის გარეშე

01.03.2016 • 1604
22 წელი დევნილობაში, საცხოვრებლის გარეშე

41 წლის ერასტი ჯანაშია დევნილია აფხაზეთიდან. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და დამოუკიდებლად ცხოვრება, მისი ახლობლების თქმით, არ შეუძლია. ერასტი ჯანაშია 22 წელია ბათუმში ცხოვრობს, თუმცა სახელმწიფოს, როგორც დევნილისთვის, მისი საცხოვრებელი პირობებისთვის დღემდე არ უზრუნია. ერასტი ჯანაშია დედის გარდაცვალების შემდეგ, მეცხრე წელია დისა და სიძის სახლში ცხოვრობს.

„მამა აფხაზეთის ომში დაგვეღუპა. ომის შემდეგ დედა და ჩემი ძმა ბათუმში, ნაქირავებ ფართობში ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დევნილები იყვნენ, სახელმწიფოს საცხოვრებელი არ მიუცია. მე, ბიცოლასთან ერთად, ყოფილი სასტუმრო „ნარინჯის“ შენობაში ვცხოვრობდი. ჩემს ძმას ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვობიდან აქვს და ძირითადად დედასთან იყო, მაგრამ დედა რომ გარდაიცვალა, სულ მარტო დარჩა და ჩემი ქმრის სახლში მოვიყვანე. ბინა პატარაა, ჩვენი შვილებიც გაიზარდნენ, მალე რძალიც უნდა შემოვიდეს ოჯახში, იქნებ ახლა მაინც იზრუნოს სახელმწიფომ და ერთი პატარა ოთახი გადასცეს ჩემს ძმას საცხოვრებლად“, – ამბობს ერასტი ჯანაშიას და, ვიქტორია.

ვიქტორია ამბობს, რომ მას და მის შვილებს, როგორც დევნილებს, სახელმწიფოსგან საცხოვრებელი არ მიუღიათ. „არც არასდროს მომითხოვია, ერთადერთი ის მინდა, რომ ჩემს ძმას ჰქონდეს თავისი ბინა, რადგან ამ პატარა ბინაში ამდენი ადამიანის ერთად ყოფნა ძალიან ძნელია. თანაც ჩემს ძმას მუდმივი ყურადღება სჭირდება, მარტო ვერ დატოვებ, რადგან გონებრივი პრობლემები აქვს, ხან წყალი რჩება მოშვებული, ხან გაზი, ამიტომ მასზე მეურვეობას ოფიციალურად ვითხოვ და ვიზრუნებ კიდეც, მაგრამ თავისი ოთახი ხომ უნდა ჰქონდეს?“ – ამბობს ვიქტორია.

ერასტი ჯანაშიას საუბარი უჭირს, ამიტომ მის პრობლემებზე მისი და და სიძე საუბრობენ.

„45 ლარს იღებს დევნილის შემწეობას და 100 ლარი აქვს პენსია. ბუნებრივია, ჩემი ცოლის ძმაა და სახლიდან არ გავაგდებ, მაგრამ სახელმწიფოს ხომ აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა? ეს თანხა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა იარსებოს. მას მუდმივად სჭირდება მედიკამენტები და მინიმუმ წელიწადში ერთხელ ათდღიანი მასაჟი. ამის გარეშე შეიძლება საერთოდ ვეღარ შეძლოს გავლა“, – ამბობს მამია დავითაძე.

ერასტი ჯანაშია დასთან და სიძესთან ერთად.

ერასტი ჯანაშია დასთან და სიძესთან ერთად.

მისი თქმით, წელიწადში ერთხელ ის რუსეთში, კრასნოიარსკში მიდის და ცოლის ძმაც ამ ქალაქში მიჰყავს სამკურნალოდ.
„აფხაზეთის ომამდე მშობლებს ამ ქალაქში სამკურნალო წყლებზე დაჰყავდათ და მეც იქ დამყავს. ერთი მასაჟი ქართული ვალუტით რომ ვიანგარიშოთ, 500 ლარი ჯდება. ადრე ვითხოვეთ, რომ სოციალური შემწეობა დაენიშნათ და იქნებ მაშინ მიეცათ ბინა, როგორც სოციალურად დაუცველისთვის, მაგრამ მეუბნებიან, რადგან თქვენთან ცხოვრობს, შემწეობა თქვენ სახელზე უნდა გაფორმდესო. მე არ ვითხოვ სახელმწიფო დახმარებას, მე ვითხოვ, რომ სახელმწიფომ მიხედოს ადამიანს, რომელიც არის დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე“, – ამბობს მამია დავითაძე.

ერასტის და, ვიქტორია ჯანაშია ამბობს, რომ ბინის მიღების თაობაზე განცხადებით რამდენჯერმე მიმართა როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ასევე ბათუმის მერიას, თუმცა შედეგი ვერ მიიღო:

„კი ეკუთვნის ბინა, – მეუბნებიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ. განცხადებას დაწერ, ახლა არ არის მაგის დროო, გვეუბნებიან. აბა, როდის არის? 22 წელი გავიდა და კიდევ რამდენი ხანი უნდა ელოდოს ჩემი ძმა.“

ერასტი ჯანაშია სახლიდან იშვიათად გადის. რომც გავიდეს, შორს წასვლა არ შეუძლია, რადგან შეიძლება გზა აერიოს. ერასტის და და სიძე ამბობენ, რომ ის მთელ დღეებს სახლში ატარებს: „კომპიუტერიც ჰქონდა, ისიც გაუფუჭდა და ასე ზის მთელი დღე დივანზე“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტროს გააჩნია დევნილთა განსახლების კრიტერიუმები და შშმ მქონე პირებს დამატებით ენიჭებათ სამნახევარი ქულა. „თუ ერასტი ჯანაშიას შევსებული აქვს განაცხადი და დადგენილ კრიტერიუმებში ჯდება, რიგითობის მიხედვით მიეცემა ბინა“ – გვეუბნება სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დალი გოგოლაძე. თუმცა, მისივე განმარტებით, სამინისტროს დევნილთა განსახლებაზე ბათუმში ამ ეტაპზე, არც ერთი პროექტი არ აქვს და ბინის შეთავაზება მხოლოდ სხვა რეგიონებში შეუძლიათ:

`შეიძლება მას აქვს კონკრეტული მოთხოვნა, რომ ბინა მიიღოს ბათუმში, მაგრამ ბათუმზე სამინისტროს არც ერთი პროექტი არ აქვს. ბინები გაიცემა ზუგდიდში, ქუთაისში, სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში. გამოსავალი არის ისიც, რომ მოიძიონ ბინა და სამინისტრო შეუძენს“ – ამბობს ის.

მამია დავითაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესახებ აქამდე არ სმენიათ და ქულების საკითხს გადაამოწმებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: