კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

სახლი სკოლაში კვირაში ხუთი დღე

28.02.2016 • 4056
სახლი სკოლაში კვირაში ხუთი დღე

აქ დღე 07:30 საათზე, დილის ვარჯიშით იწყება. მთელი დღე დაგეგმილია და ხანგრძლივი ზარის ხმაც ამ დღის დაწყებაზე მიანიშნებს. ასე ცხოვრობს 220 ბავშვი კვირაში ხუთი დღე და მიუხედავად იმისა, რომ მშობლებთან ერთად არ არიან, ეს ის ადგილია, სადაც, მათი თქმით, თავს სახლში გრძნობენ.

ავტობუსის გაჩერების წინ ფართო და მაღალი ჭიშკარია. დიდი ასოებით წარწერა გვამცნობს, რომ აქ მდებარეობს სალიბაურის #2 საჯარო სკოლა-პანსიონი. ჭიშკრის მიღმა ვრცელი ხეივანი უნდა გაიარო და სკოლა-პანსიონის ეზოში აღმოჩნდები. ეზოს ერთ მხარეს – სკოლის, მეორე მხარეს კი საცხოვრებელი კორპუსის შენობა დგას. დილის 11 საათზე ეზოში დარაჯისა და რამდენიმე თანამშრომლის გარდა არავინაა, გაკვეთილები მიმდინარეობს და მოსწავლეები კლასებში არიან.

სალიბაურის სკოლა პანსიონი.  თორნიკე თავაძის ფოტო

სალიბაურის სკოლა პანსიონი. თორნიკე თავაძის ფოტო

სალიბაურის #2 საჯარო სკოლასთან არსებული პანსიონი აჭარაში მოქმედ ოთხ სკოლა-პანსიონს შორის ყველაზე დიდია. სკოლაში 300 მოსწავლეა, მათგან 220 საპანსიონო მომსახურებით სარგებლობს, რაც სასწავლო მომსახურების გარდა ღამისთევასა და ოთხჯერად კვებას მოიცავს. ერთი მოსწავლის კვება დღეში 4.35 ლარი ჯდება. მოსწავლეები ორშაბათს დილით მოდიან და პარასკევს საღამოს ოჯახებში ბრუნდებიან. მათ პანსიონის ავტობუსები ემსახურება.

პანსიონში 36 ადამიანია დასაქმებული. 2016 წლის ბიუჯეტი კი 357 000 ლარს შეადგენს. სკოლის დირექტორი, სერგო ხოზრევანიძე ამბობს, რომ პანსიონი ძირითადად სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.

„70 000 ქულაზე ნაკლები უნდა ჰქონდეს ოჯახს. აქ არიან მარტოხელა დედების შვილები, ასევე ბავშვები, რომელთა ოჯახის წევრებიც გადიან ხანგრძლივ მკურნალობას და დევნილები. შემოსულ განცხადებებს განიხილავს კომისია და იღებს გადაწყვეტილებას. გვაქვს სარეზერვო სიებიც და თუ ადგილი თავისუფლდება, მათ ვუკავშირდებით. გვქონია შემთხვევები, როცა სოცმუშაკებს მოუყვანიათ მოსწავლე“, – ამბობს სერგო ხოზრევანიძე.

სკოლა-პანსიონის რეაბილიტაცია 2008 წელს განხორციელდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოყოფილი ბიუჯეტის კორექტირების გამო მხოლოდ სკოლისა და საცხოვრებელი კორპუსის გარემონტება მოხერხდა.

ამ ეტაპზე სკოლას სპორტული დარბაზი არ აქვს. კლუბის შენობაში არსებულ თეატრში კი სიძველისა და სხვა მიზეზებით გაფუჭებული სკამები და სცენის იატაკი სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. თეატრის ჭერს წყლის კვალი ემჩნევა და კედლების საღებავი აქა-იქ ჩამოცვენილია. გასარემონტებელია სკოლის სასადილოც.

კლუბი. თორნიკე თავაძის ფოტო

კლუბი. თორნიკე თავაძის ფოტო

ბიბლიოთეკა. თორნიკე თავაძის ფოტო

ბიბლიოთეკა. თორნიკე თავაძის ფოტო

დირექტორის თქმით, დაახლოებით 2020 წელს დაიწყებენ სპორტული დარბაზისა და კლუბის გარემონტებას.
„რაც აქ ვმუშაობ, სასადილო არ გარემონტებულა და ინვენტარიც, როგორც ხედავთ, ძველია. არც გათბობა გვაქვს“, – ამბობს სასადილოს უფროსი მზარეული ალეკო ზოიძე.

დირექტორის თქმით, სკოლას ფსიქოლოგი არ ჰყავს. კონკურსიც გამოაცხადეს, თუმცა უშედეგოდ. დირექტორის ვარაუდით, ეს დაბალ ანაზღაურებას უკავშირდება. თუმცა სერგო ხოზრევანიძე დასძენს, რომ შტატში ექვსი აღმზრდელი ჰყავთ, რომლებიც უმაღლესი განათლებით ფსიქოლოგები არიან.

პანსიონის აღსაზრდელებს სხვადასხვა მიზეზით უწევთ აქ ცხოვრება და სწავლა. ყველაზე ხშირად სიდუხჭირის გამო მოდიან. სკოლა-პანსიონის დათვალიერებისას დირექტორი ყვება მძიმე ისტორიებს, რომ ერთ-ერთ მოსწავლეს ხშირად ამჩნევდნენ სისხლჩაქცევებს და ამის გამო დაიწყეს მასწავლებლებისა და აღმზრდელების შემოწმება-დაკვირვება: „ერთხელ მასწავლებელმა ხელი წაიღო თავზე, რომ გადაესვა და ბავშვს ისტერიკა დაემართა. ძალიან შეშინებული იყო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მას სახლში დედინაცვალი სცემდა, ღუმელის შესაკეთებელი გაცხელებული რკინა დაერტყა ზურგში. ჩვენ და სოცმუშაკები ჩავერიეთ ამ საქმეში და შემდეგ მოგვარდა პრობლემა – ბავშვის მამა დაშორდა ცოლს“.

დირექტორი ასევე ყვება იმ რთულ სოციალურ და ოჯახურ პირობებზე, რომელშიც აქ მცხოვრები მოსწავლეების ოჯახები არიან. იგი ამბობს, რომ ზოგიერთი მოსწავლის მშობელი შშმ პირია, ზოგიერთს მხოლოდ დედა ჰყავს, რომელიც მთელი დღით სამუშაოდ არის გასული, ზოგიერთს კი სახლში არ აქვს ელემენტარული პირობები, რის გამოც შვილების აქ მოყვანას ამჯობინებს. პანსიონის მოსწავლეთა ნაწილი „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს.

„ახლა, დიდთოვლობაზე, გაკვირვებული ვიყავი, ასპროცენტიანი დასწრება გვქონდა. ბავშვებს რომ ვკითხე, მითხრეს, აქ გვირჩევნია, თბილაო“, – იხსენებს დირექტორი.

იგი დასძენს, რომ მართალია, ოჯახში ცხოვრება კარგია, თუმცა ამ ბავშვებისთვის ეს პანსიონი საუკეთესო გარემოა. დირექტორი პანსიონის დახურვის მცდელობის ფაქტის შესახებაც მოგვიყვა:

„2007 წელს ჩაატარეს ექსპერიმენტი, გამოთვალეს ბიუჯეტი და ყველა ოჯახს დაურიგეს ის თანხა, რაც იხარჯებოდა ერთ ბავშვზე. პროგრამა დაიხურა. მაგრამ ოჯახებმა ეს თანხა არამიზნობრივად დახარჯეს და ბავშვები მაინც მზრუნველობის გარეშე დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები სხვა სკოლებში გადაანაწილეს, მაინც ჩვენთან მოდიოდნენ და იყო ერთი ამბავი, რის შემდეგაც გაგრძელდა პანსიონის მუშაობა“.

სალიბაურის სკოლა პანსიონი.  თორნიკე თავაძის ფოტო

სალიბაურის სკოლა პანსიონი. თორნიკე თავაძის ფოტო

საწოლი ოთახი.  თორნიკე თავაძის ფოტო

საწოლი ოთახი. თორნიკე თავაძის ფოტო

დირექტორთან ინტერვიუს შემდეგ ბავშვებს ვესაუბრები. კითხვაზე, რის შეცვლას, გაუმჯობესებას ისურვებდა პანსიონში, მეცხრეკლასელი თორნიკე დაჟინებით იმეორებს, რომ აქ ყველაფერი ძალიან კომფორტულია და ვერაფერს იხსენებს, რაც აკლია ან რის შეცვლაც უნდა. თუმცა ამატებს, რომ ორი წლის წინ, როცა აქ მოდიოდა, იგივე შეკითხვა რომ დაესვათ მისთვის, აქედან წასვლას ისურვებდა. თორნიკე ამბობს, რომ ახლა, მის ოჯახს ფინანსურადაც რომ არ უჭირდეს, აქედან მაინც არ წავიდოდა, რადგან აქ ყველა პირობა აქვს მიზნების მისაღწევად. თორნიკეს არქიტექტორობა უნდა.

ნასტია და სერგო და-ძმანი არიან. სერგო ამბობს, რომ ბადმინტონის თამაშში უპირობო ლიდერია. დიმას კი ფეხბურთის თამაში ურჩევნია. მიყვება, რომ ორი დღის წინ ფეხბურთის თამაშისას ფეხსაცმელი გაეხა და თან მაჩვენებს. დახეულ ფეხსაცმელში ტერფის ნახევარი მოუჩანს. სამახსოვრო ფოტოების გადაღებისას შეეცადა დახეული ფეხსაცმელი მეორე ფეხით დაეფარა. დიმა ამბობს, რომ „ოცნების ქალაქში~ ცხოვრობს, თან მეკითხება, თუ გამიგია ამ ადგილის შესახებ. მეუბნება, რომ სახლში წასვლა არ უხარია. „აქ ყოფნა მირჩევნია, აქ უკეთ ვარ. ვსწავლობთ, ვთამაშობთ. ბორში არ მიყვარს, მაგრამ სხვა რამეს ვჭამ… სკოლაში ყველაზე მეტად ხატვა მიყვარს და ბურთი, მასწავლებელი სულ ამბობს – არ გახეთქოთო. ორი ბურთი გავხეთქეთ“, – ყვება ის სიცილით.

იმედი, რომელიც მე-11 კლასშია, უკვე ფიქრობს უნივერსიტეტზე. მისი ინტერესის საგანი ეკონომიკაა, ოღონდ უნივერსიტეტის არჩევისას, ფინანსური მდგომარეობა რომ დიდ როლს თამაშობს, ეს აწუხებს. პანსიონში იმედსაც მოსწონს. თუმცა ამბობს, რომ მამისა და უფროსი ძმის როლი ხშირად უთამაშია მათთვის, ვისაც პირველ დღეებში მასავით უჭირდა შეგუება სისტემასთან, რომელსაც დღეს ოჯახად აღიქვამს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: