კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

როგორია გერმანული საგანმანათლებლო მოდელი

26.02.2016 • 3046
როგორია გერმანული საგანმანათლებლო მოდელი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 თებერვალს ბიზნესასოციაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს განათლების სისტემაში გერმანული მოდელის გადმოტანას, რომელიც ორიენტირებულია პროფესიული განათლების განვითარებაზე. არის თუ არა პრემიერის განცხადება წინასაარჩევნო და რა სჭირდება ქვეყანას ამ მოდელზე გადასასვლელად? თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა.

ბატონო სიმონ, იქნებ განმარტოთ რა მოდელზეა საუბარი და რამდენად არის საქართველო ამ მოდელზე გადასასვლელად მზად?

არ ვიცი, რა იგულისხმეს, რადგან სხვა რამეზე ისაუბრა პრემიერმა და სხვა რამ თქვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ. პრემიერი ძირითადად საუბრობდა უმაღლესი განათლების მოდელზე, სამინისტროს წარმომადგენლები კი საუბრობდნენ პროფესიულ მოდელზე. რაც მეორდებოდა, იყო ის, რომ უფრო მჭიდრო კავშირი უნდა იყოს დამსაქმებლებსა და განათლების სისტემას შორის, რომელიც ზოგადად გერმანული სისტემის უპირატესობაა. მაგრამ ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ პროფესიული განათლების სისტემიდან, ისიც განსაზღვრავს როგორ არის მოწყობილი სკოლა, უნივერსიტეტი და საზოგადოება, რადგან ამ პროცესში ჩართულები არიან დამსაქმებლებიც ბიზნესასოციაციების მეშვეობით. ჩვენთან შეუძლებელია მხოლოდ გერმანული პროფესიული სისტემის შემოღება იმის გაუთვალისწინებლად, რა განსხვავებული ელემენტები გვაქვს განათლების სისტემაში და რა არის საზოგადოების ინტერესი.

რამდენად რეალურია ამ მოდელზე საუბარი, მაშინ, როცა ჩვენთან სასკოლო სისტემა არ არის ისე მოწყობილი, რომ მოსწავლე დააინტერესოს პროფესიული განათლებით?

მე მგონი რეალური არ არის და ეს ყველამ იცის – ამ [გერმანულ] მოდელს ასე მარტივად ვერ ჩანერგავ განსხვავებულ მოდელში. ამის წარუმატებელი მცდელობები ბევრი იყო, ამერიკელებსაც ძალიან უნდოდათ გერმანული მოდელის გადაღება და არ გამოუვიდათ, რადგან არ მუშაობს ის სხვა ელემენტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ მოდელის გასავითარებლად. რიტორიკა, რომ საერთაშორისო მოდელს ვიღებთ, ხშირად იყენებენ მაშინ, როცა უნდათ რაიმე ადგილობრივ გადაწყვეტილებას მისცენ ლეგიტიმურობა. ამიტომ, არ არის აუცილებელი, რომ მართლა გერმანული მოდელი გადმოიტანონ, შეიძლება რაღაც ინსტრუმენტები ადგილობრივი იყოს და ამას დაერქვას გერმანული, უფრო მაღალი მიმღებლობა რომ იყოს მის მიმართ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არა გარკვეული ინსტრუმენტების გადმოტანაზე, არამედ მთლიან მოდელზე. გერმანიაში დამსაქმებლები, როგორც ვიცით, თვითონ ხარჯავენ ფინანსურ რესურსს დასაქმებული პირის კვალიფიკაციის ამაღლებაში. ქართული ბიზნესი რამდენად არის მზად ამ მოდელის მისაღებად?

საქართველოში შესაძლებელია მსგავსი პროცესის აგება, მაგრამ ცხადია სხვადასხვა სექტორში სხვადასხვა ინტერესი იქნება. მაგალითად, თუ მშენებლობაზე დასაქმებული მყავს ადამიანი, მაგრამ მშენებლობა არ აქვს ნასწავლი, ამ ადამიანის სწავლაში ჩართვა მაშინ ენდომება დამსაქმებელს, თუ ის გააუმჯობესებს საკუთარ ეფექტურობას და რეალური შედეგი ექნება. ასევე, თუ ადამიანმა იცის, რომ მშენებლობაზე მუშაობის დროს გადის სწავლებასაც და მისი შანსები იზრდება, რომ კიდევ დასაქმდეს, მაშინ სწავლაში ჩართვას მისთვის აზრი ექნება. ასეთი პროგრამების განსაზღვრაში დამსაქმებლებიც ერთვებიან ხოლმე, სამშენებლო ასოციაციების მეშვეობით. ასე რომ, ძალიან ბევრია გასაკეთებელი მანამდე, სანამ ამ სისტემის რაიმე ელემენტი შეიძლება ამუშავდეს საქართველოში.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანიაში დასაქმების მაღალი მაჩვენებელია, ჩვენთან კი პირიქით. ჩვენს პირობებში დამსაქმებლებს აქვთ ძალიან დიდი არჩევანი და შეიძლება სამუშაოს მაძიებელს კვალიფიკაციაზე მეტიც მოეთხოვებოდეს.

ჩვენთან პრობლემაა ისიც, რომ არ არსებობს საზღვრები პროფესიასა და საქმიანობას შორის. მე შეიძლება ვმუშაობდე ტაქსისტად, მაგრამ ეს არ იყოს ჩემი პროფესია. რომ გახდე ტაქსისტი, უნდა გქონდეს სპეციალიზებული ცოდნა, რომელიც სხვას არ ექნება. ჩვენთან განსხვავება საქმიანობასა და პროფესიას შორის ძალიან ბუნდოვანია. შესაბამისად, ცოდნა, რომელიც უნდა მისცეს უმაღლესმა თუ პროფესიულმა განათლებამ, ესეც არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ამის გარეშე კი პროფესიული განათლება წარმოუდგენელია.

სახელმწიფომ გარკვეული პროფესიები პრიორიტეტებად გამოაცხადა, მაგრამ ამ მიმართულებებზე მოთხოვნა მაინც არ გაიზარდა, ამ შემთხვევაშიც იგივე ხომ არ იქნება?

თუ ვიცი, რომ ძალიან დიდია სწავლის დანახარჯი და მაინც ვერ ვიმუშავებ ამ პროფესიით, ან არ მაქვს გაცნობიერებული დასაქმების პერსპექტივები, ბუნებრივია, სხვა რამეზე ვაკეთებ არჩევანს. მაგალითად, ადამიანებს კარგად აქვთ წარმოდგენილი პროგრამირების კურსები, მაგრამ საუნივერსიტეტო განათლება ამ მიმართულებაზე ძალიან დიდხანს გრძელდება. რადგან ამ მიმართულებით სამუშაო დღეს არის, ამიტომ პროფესიული კურსები ამ შემთხვევაში უფრო პოპულარულია. სოფლის მეურნეობაზე იყო – არ გვყავს სპეციალისტებიო, მაგრამ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში ძალიან დაბალია, ცოტა დოვლათს ქმნის და რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს ამაში ჩართვა, თუ ის ვერ ხედავს დასაქმების პერსპექტივას.

ზოგიერთი აბიტურიენტი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, მაგრამ ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული რა უნდა ან რა იქნება მომავალში მისთვის უკეთესი. ასეთ სიტუაციაში რა მომავალი აქვს გერმანული მოდელის გადმოტანას?

გერმანიაში ერთ-ერთი გავრცელებული მიდგომაა – სკოლას რომ ამთავრებენ, მაშინვე არ მიდიან უნივერსიტეტში, ბევრს მუშაობენ ან მოგზაურობენ, აკვირდებიან საკუთარ თავს და მისწრაფებებს. ჩვენთან რატომ არ ხდება ასე, – ამის მიზეზები არის კულტურულიც და ეკონომიკურიც. ჩვენთან ვინმემ რომ გადაწყვიტოს მუშაობა სანიტრად, შეიძლება ამის ადგილიც არ იყოს. უმუშევრობა იწვევს იმას, რომ ინტერესი იზრდება უმაღლესის მიმართ.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ რეალური გახდეს გერმანული მოდელის გადმოტანა?

ჯერჯერობით, ეს, უბრალოდ, განაცხადია, არანაირი გეგმა არ არის. შეიძლება ვიღაცა რაღაცას ამუშავებს, მაგრამ სანამ არ ვნახავთ გეგმას, რთულია პროგნოზის გაკეთება. ერთი რამ ვიცით – ზოგადად, გერმანული მოდელის შემოღება შეუძლებელია, ეს ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც დამთავრდა უფასო მიმართულებების დაფინანსება.

ანუ, გერმანულ საგანმანათლებლო მოდელზე საუბარი უფრო წინასაარჩევნო განაცხადია, ვიდრე ბოლომდე გააზრებული?

არ ვიცი, რამდენად გააზრებულია, თუმცა ცხადია, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი, რადგან საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ პროფესიული განათლების განვითარებაზე და იყო პროექტები საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებითაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: