კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

გამხდარი და არა მშიერი

25.02.2016 • 28498
გამხდარი და არა მშიერი

როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად და თვეში რამდენი კილოგრამის კლება მიიჩნევა ნორმად – ამ და კვების სწორ რეჟიმთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან” ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ბათუმის ენდოკრინოლოგიური ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ინგა აბესაძემ ისაუბრა. ის ბათუმის ენდოკრინოლოგიურ ცენტრში „სიმსუქნის სკოლას” ხელმძღვანელობს.

  • ქალბატონო ინგა, როგორია თქვენი მეთოდი, რას ასწავლით „სიმსუქნის სკოლაში“?

სიმსუქნე არის ქრონიკული, დაავადება, რომელსაც სჭირდება მუდმივი მართვა.

სიმსუქნესთან ბრძოლის მთავარი პრინციპი არის სწორი კვების შესწავლა. ძირითადად პაციენტები იმყოფებიან ხანმოკლე დიეტებზე, რომლებიც, როგორც წესი, საკმაოდ დაბალკალორიულია და ხანგრძლივად ასეთი დიეტის დაცვა მათ უჭირთ, დაკლების შემდგომ კი წონას ვერ ინარჩუნებენ. ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან საბრძოლველად ჩვენს კლინიკაში შექმნილია „სიმსუქნის სკოლა” და გვაქვს ჭარბ წონასთან ბრძოლის ერთთვიანი, ორთვიანი და სამთვიანი პროგრამები.

პროგრამა იწყება სამდღიანი გაკვეთილით, სადაც პაციენტი ჯგუფში იღებს განათლებას სწორი კვების შესახებ. პირველ რიგში ვიწყებთ სიმსუქნის მიზეზების გამოვლენას. პაციენტების 10-15 პროცენტში სიმსუქნის მიზეზი არის ენდოკრინოლოგიური დარღვევები, მათ შორის ყველაზე ხშირი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება – ჰიპოთირეოზია. ჰორმონალური ფუნქციის მოშლის შემთხვევაში ვიწყებთ მკურნალობას. ასევე ვადგენთ ორგანიზმში იმ ცვლილებებს, რაც უკვე არსებულმა სიმსუქნემ გამოიწვია და მკურნალობას ვიწყებთ.

შემდეგ გაკვეთილზე პაციენტს ვასწავლით, თუ როგორ უნდა იკვებოს, რომელი პროდუქტებია სასარგებლო, რა რაოდენობისა და რომელი საკვები რის შემდეგ უნდა მიირთვას, რადგან თანმიმდევრობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვასწავლით ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების საჭირო რაოდენობის შერჩევას, კალორიების დათვლას. თუმცა ჩვენ პაციენტს არ ესაჭიროება ყოველდღე კალორიების თვლა, უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ პაციენტს გამოუმუშავდეს ჩვევა, როდესაც შედის მაღაზიაში, ისევე როგორც ამოწმებს პროდუქტის ვარგისიანობის ვადას, შეამოწმოს პროდუქტის კალორიულობაც, განსაკუთრებით ცხიმის ოდენობა მასში და იქნებ სულ სხვა, ნაკლებ კალორიულ პროდუქტზე შეაჩეროს არჩევანი.

ეს არის განათლება, რომელიც აუცილებელია მათთვის, ვინც ჭარბ წონას ებრძვის.

მესამე დღეს ვქმნით დღის რეჟიმს პაციენტთან ერთად, ვწერთ დიეტას მისთვის. ეს არ არის მკაცრი და დაბალკალორიული დიეტა და არ ითვალისწინებს საკვების ბოლო მიღებას საღამოს 6 საათზე, რადგან ხშირად პაციენტებს დღის ისეთი რეჟიმი აქვთ, რომ ღამით უწევთ მუშაობა, ან უბრალოდ საკმაოდ გვიან იძინებენ და მათ ვერ განუსაზღვრავ კვების რეჟიმს, რომელიც მთავრდება საღამოს 6 საათზე, ამას ფიზიკურად ვერ შეძლებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვახშამი დღის რაციონის 15% უნდა შეადგენდეს.

ბოლო ეტაპზე ხდება პაციენტისთვის ორკვირიანი კვების რეჟიმის შედგენა, მასთან შეთანხმებით. მაგალითად, თუ პაციენტს არ უყვარს ფაფა და ეს მისთვის ასოცირდება დიეტასთან და დისკომფორტთან, აუცილებელი არ არის მას კვების რეჟიმში ჰქონდეს ფაფა. ემოციურ მდგომარეობას აქვს დიდი მნიშვნელობა ჭარბ წონასთან ბრძოლაში.

დიეტის დანიშვნიდან ორი კვირის შემდეგ პაციენტი ისევ მოდის ჩვენთან, წონაში უნდა იყოს დაკლებული და არ აწუხებდეს შიმშილის შეგრძნება – ეს არის მთავარი.

შიმშილის შეგრძნებას ძირითადად პაციენტები განიცდიან პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი – აღარ.

ვაჯამებთ შედეგებს და ვადგენთ დიეტას შემდეგი 2 კვირისათვის, რამ საკვები არ იყვეს ერთფეროვანი და კლების პროცესი სახალისო იყოს პაციენტისთვის. მსგავსი პროგრამა არის ერთთვიანი, ორთვიანი და სამთვიანი. ერთთვიანი პროგრამა ძირითადად რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აღენიშნება ჭარბი წონა და ესაჭიროება 3-5 კილოგრამის დაკლება და წონის შენარჩუნება. 2 და 3-თვიანი პროგრამა კი გათვალისწინებულია სიმსუქნით დაავადებული პაციენტებისთვის, რომელთაც სჭირდებათ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა და დაკვირვება.

ჩვენი მეთოდი განსხვავდება იმით, რომ ჩვენ ვაძლევთ პაციენტს განათლებას, ვასწავლით მათ სწორად კვებას, კალორიების დათვლას, მაგრამ ამასთანავე არ ვავალებთ თვითონ შეიქმნან კვების რაციონი, არამედ თვითონ ვუდგენთ ინდივიდუალურ კვების რეჟიმს, კონკრეტულად და მარტივად ვაძლევთ მითითებებს და ვზომავთ არა კალორიებით, არამედ კოვზით, ჭიქითა და თეფშით, რაც უფრო მარტივია.

  • რაზეა დამოკიდებული დიეტის შედეგი?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურად დიეტის შექმნას, ანუ კვების რეჟიმის მაქსიმალურად მორგებას პაციენტის სურვილსა და ჩვევაზე, მის გემოვნებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დიეტას ექნება ხანმოკლე ხასიათი და შედეგს ვერ მივაღწევთ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ხანგრძლივად დაკვირვებას, მასთან ხშირ ურთიერთობას, რაც გათვალისწინებულია ჩვენი სკოლის პერიოდში. პაციენტს უწევს ვიზიტი ექიმთან ყოველ ორ კვირაში.

  • ზოგადად, თვეში რამდენი კილოგრამის დაკლება მიიჩნევა ნორმად?

ნორმად ითვლება კვირაში 400-500 გრამიდან 1 კილოგრამამდე წონის კლება, ანუ თვეში 4-5 კილოგრამის კლება არის იდეალური იმის ფონზე, რომ თქვენ არ გაქვთ მუდმივი შიმშილის შეგრძნება, შესაბამისად არ გაქვთ სტრესი, უკეთესად გრძნობთ თავს და დანაყრებული ხართ. თუ ადამიანი იქნება ფიზიკურად აქტიური, უფრო მეტის დაკლებაც შეუძლია, ეს მაინც ინდივიდუალურია. ზოგადად, რაც უფრო მეტი აქვს წონა პაციენტს, უფრო მეტს იკლებს, იკლებენ 7-დან 10 კილოგრამამდეც, მაგრამ 15 და 20 კილოგრამის დაკლება თვეში ძალიან საზიანოა და როგორც წესი, შემდეგ ასევე სწრაფად ხდება წონის მატება.

  • რამდენად არის დამოკიდებული წონაში სწრაფი კლება ასაკზე? რამდენად სწორია მოსაზრება, რომ ახალგაზრდები უფრო სწრაფად იკლებენ, ვიდრე ხანდაზმულები?

ნაწილობრივ ეს ასეა.

უფრო სწორად, ასაკობრივი, ჰორმონალური ცვლილებების გამო, განსაკუთრებით ქალებში 45-50 წლის შემდეგ უფრო სწრაფად ხდება წონაში მატება.

თუმცა წონაში დაკლება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელი უნდა ჩავიქნიოთ.

ყველაზე ხანდაზმული პაციენტი, რომელმაც დაიკლო წონაში, 76 წლის გახლავთ. ის დღეს თავს საუკეთესოდ გრძნობს და წონასაც ინარჩუნებს.

მთავარია სურვილი. თუ ადამიანს უნდა, ექიმის დახმარებით, მოტივაციით და ამ სფეროში განათლების მიღებით, შეძლებს დაკლებას და რაც მთავარია – წონის შენარჩუნებას.

ნებისმიერ ასაკში მთავარია ინდივიდუალურად შერჩეული კვებისა და ფიზიკური დატვირთვის რეჟიმი, პაციენტს არ უნდა ჰქონდეს შიმშილის მუდმივი შეგრძნება, რომ დიეტა გაგრძელდეს, შემდეგ კი ისე ეჩვევა პაციენტი რეჟიმს, რომ ის მისთვის ცხოვრების წესად იქცევა. მთავარია პაციენტს ავუხსნათ, რა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა წონამ და რა საუკეთესო შედეგებს შეიძლება მიაღწიოს, როგორი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა ექნება წონაში დაკლების შემდეგ.

  • ძირითადად რა ხდება ჭარბი წონის მიზეზი?

ჭარბი წონის ძირითადი მიზეზი არის კვებითი ქცევის დარღვევა და დაბალი ფიზიკური აქტივობა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორს. თუ ჩვენს მშობლებს აქვთ მიდრეკილება სიმსუქნისკენ _ როგორც წესი, ჩვენც გვაქვს, მაგრამ გენეტიკური ფაქტორი არ ნიშნავს, რომ ადამიანი წონაში ვერ დაიკლებს, ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებით მიდრეკილების დროს ადამიანმა უნდა ისწავლოს როგორ იკვებოს სწორად.

რა ფიზიკური აქტივობაა რეკომენდებული ჭარბ წონასთან საბრძოლველად?

უნდა გვახსოვდეს, რომ სიმსუქნეს ხშირად თან ახლავს ისეთი დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია, ამიტომ ფიზიკური დატვირთვის ფორმა, ხანგძლივობა და ინტენსივობა ინდივიდუალურად უნდა იქნეს ექიმის მიერ რეკომენდებული.

ჭარბი წონის დროს საუკეთესოა ფეხით სიარული, ასევე ცურვა. ბათუმი, თავისი ზღვისპირა ბულვარითა და პარკით, სასეირნოდ არის იდეალური. სუფთა ჰაერზე სეირნობა, კარგ ამინდში, განწყობაზეც ძალიან კარგად აისახება. წვიმიან ამინდში კი გვაქვს სპორტული დარბაზები, სადაც შეიძლება ცურვით, ჰიდროაერობიკით და სხვა ფიზიკური აქტივობით დავკავდეთ. ყველაზე მთავარი სისტემატიურობაა, ყოველ დღე თუ არა, კვირაში 3-4 ჯერ მაინც აუცილებელია ფიზიკური აქტივობა.

წონაში დასაკლებად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკური დატვირთვის უწყვეტობას. მაგალითად, ფეხით სიარულის დროს 60 წუთის განმავლობაში უწყვეტობას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან საკუთარი ცხიმების წვა მხოლოდ 30-40 წუთის შემდეგ იწყება.

რაც შეეხება დროს, როდის უნდა ვიაროთ ფეხით ან ვივარჯიშოთ: ეს ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს. ეს შეიძლება იყოს დილა, შუადღე, ან საღამო, არა აქვს მნიშვნელობა.

მე პირადად მირჩევნია დილით სუფთა ჰაერზე ვარჯიში, მთელი დღის მანძილზე კარგ გუნებას ვინარჩუნებ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ დილით ორგანიზმს 30 წუთი უნდა აცადოთ გამოღვიძება და შემდეგ დაიწყოთ ფიზიკური დატვირთვა. ასევე, საკვების მიღებიდან მინიმუმ საათ-ნახევარი უნდა გავიდეს, ვიდრე ვარჯიშს თუ ფეხით სიარულს დაიწყებდეთ.

ჯანმრთელობა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: