კვირის ამბები,კვირის ამბები

255 ათასი ლარი დაზიანებული ქვაფენილისა და ბოძკინტების აღსადგენად ბათუმში

22.02.2016 • 1819
255 ათასი ლარი დაზიანებული ქვაფენილისა და ბოძკინტების აღსადგენად ბათუმში

ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მონოლითი 2005“ ვალდებულია მიმდინარე წლის ბოლომდე ბათუმში დაზიანებული ქვაფენილები, ბოძკინტები და ტროტუარის ფილები განაახლოს და მოუაროს. ამისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 255 ათასი ლარია გამოყოფილი. მთლიანობაში კომპანიას წლის განმავლობაში ათი ათასი კვადრატული მეტრის შეკეთების ვალდებულება აქვს აღებული. სატენდერო პირობების მიხედვით, გარდა ამოყრილი ქვაფენილების მოწესრიგებისა, კომპანიამ უნდა შეაკეთოს 300 ცალი ე.წ. ბოძკინტი, 200 კი სრულიად ახალი დაამონტაჟოს. ასევე დაგეგმილია 1000 მეტრამდე სიგრძის ბორდიურის შეკეთება.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის გიორგი ბერიძის განმარტებით, დაგეგმილია თოვლისგან დაზიანებული ადგილების აღწერა და შესაბამისი ფოტომასალის შეგროვება:
„აღვწერთ ზოგადად ქუჩებს, თუ სად რა დაზიანებაა და თავისი ფოტომასალით ამ ინფორმაციას მივაწვდით „მონოლითს“, აღნიშნული სამუშაოები რომ შეასრულოს. კომპანია ვალდებულია აღდგენითი სამუშაოები ამ ინფორმაციის მიღებიდან ათ დღეში დაიწყოს“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ განისაზღვრა სატენდერო თანხა, თუკი ჯერ არ იყო აღწერილობითი სამუშაოები დასრულებული? – გიორგი ბერიძე პასუხობს:

„თანხა არის განსაზღვრული პირობითად. მსგავს სამუშაოებს აწარმოებდა ბათუმის პარკინგის სამსახური. დაახლოებითი მონაცემები ამ სამსახურის მუშაობიდან გამომდინარე ავიღეთ“.

გიორგი ბერიძის თქმით, ქვაფენილების მოსაწესრიგებელი სამუშაოების პირველი ეტაპი 22 იანვარს ათ ქუჩაზე დასრულდა. მეორე ეტაპის სამუშაოები კი მიმდინარე კვირისთვის უნდა დასრულდეს.

„ამ წუთებში ქვაფენილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს გორგასლის ქუჩაზე, სადაც ხრეშია მიმოფანტული. მეორე ჯგუფი კი მუშაობს `მაგნოლიის~ წინ, სადაც ამოყრილ ქვაფენილებს ალაგებენ. გარკვეული სამუშაოები ფილებთან დაკავშირებით დასრულდა რუსთაველზე, გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში კი სამუშაოები მიმდინარეობს“.

ზოგიერთ ქუჩაზე დაგებული ქვაფენილი უსწორმასწოროა და ფილებს შორისაც დიდი მანძილია დატოვებული. გიორგი ბერიძის თქმით, ამ ეტაპზე თოვლისგან დაზიანებულ მონაკვეთებს არემონტებენ. მოძრაობა რომ არ შეფერხდეს, ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მარტის თვიდან გეგმავენ:

„ის ქუჩები, სადაც ზედაპირი უსწორმასწოროა, თავიდან არის დასაგები. ამას სჭირდება მშრალი ნიადაგი, უნდა შეიცვალოს გრუნტი, დაიტკეპნოს და იგივე ფილები თავიდან ჩალაგდეს“.

გიორგი ბერიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის პირველი თოვლის შემდეგ 960 კვადრატული მეტრი დაზიანებული მონაკვეთია შეკეთებული. მისივე ინფორმაციით, „დიდთოვლობამ დააზიანა 60-ზე მეტი პატარა ბოძი, აქედან 20 ბოძი დასაწყობებულია, რადგან აღდგენას არ ექვემდებარება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: