კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ინკლუზიური განათლება კეთილსინდისიერი მასწავლებლის იმედად

19.02.2016 • 4174
ინკლუზიური განათლება კეთილსინდისიერი მასწავლებლის იმედად

„ის არის“, – თითით მიმანიშნა პატარა ნიკაზე მასწავლებელმა, რომელსაც ვთხოვე ინკლუზიურ კლასში შევეყვანე, რომ საგაკვეთილო პროცესს დავსწრებოდი. ნიკა ბათუმის #26 სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა. ის წინა მერხთან მარტო ზის, მისი მაგიდა კი ცარიელია, მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილი დაახლოებით 15-20 წუთის დაწყებულია. ნიკას თანატოლები დავალების წერის პროცესში არიან. ჩემი თანმხლები მასწავლებელი მასთან მივიდა და სახატავი რვეული და ფანქრები ამოაღებინა ჩანთიდან. გახარებულმა ნიკამ მასწავლებელს უთხრა, რომ მაკრატელი და ფერადი ფურცლებიც ჰქონდა ჩანთაში.

#26 სკოლაში ახლახან გაიხსნა სპეციალური სწავლების ცენტრი, სადაც 44 მოსწავლეა, მათგან 30 სპეცჯგუფებში სწავლობს, ხოლო 14 მოსწავლე გადანაწილებულია ამავე სკოლის სხვადასხვა კლასში.

პანდუსი ბათუმის #26 სკოლაში

პანდუსი ბათუმის #26 სკოლაში

2006 წლიდან ინკლუზიური განათლება საქართველოს განათლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ხოლო ამ მოდელით სწავლება – ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურზე შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მოვალეობა. კვლევის – „მშობელთა უნივერსიტეტი ინკლუზიური განათლებისთვის“ – მონაცემებით, 2014-2015 სასწავლო წელს ბათუმის 27 საჯარო სკოლაში სულ 204 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლე სწავლობდა.

საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ინკლუზიურ განათლებას განმარტავს, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ამავე კანონის თანახმად, განათლების სამინისტროში არსებულმა მულტიდისციპლინურმა გუნდმა უნდა შეაფასოს მოსწავლე მშობლის ან მასწავლებლის მიმართვის შემდეგ. შეფასების საფუძველზე უნდა დადგინდეს, არის თუ არა მოსწავლე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე – თანატოლებთან შედარებით უჭირს სწავლა და საჭიროა მისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მორგება (მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა). შემდეგ ეს მოსწავლე ასაკის შესაბამის ან მაქსიმუმ ორი წლით დაბალ სასწავლო საფეხურზე ირიცხება მშობლის მიერ შერჩეულ უახლოეს სკოლაში. თავის მხრივ მასწავლებლები ვალდებულნი არიან, შეიმუშავონ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ამ გეგმით ასწავლონ, შეაფასონ მოსწავლე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდისთვის აჭარაში სამი შტატი აქვს გამოყოფილი. როგორც გუნდის ხელმძღვანელი ციალა ტუღუში ამბობს, მათი ერთი თანამშრომელი აღარ მუშაობს და გუნდი პრაქტიკულად ორი თანამშრომლისგან შედგება, რის გამოც ვერ ახდენენ სკოლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და არც იმაზე შეუძლია პასუხი, რამდენად სრულდება ის ინდივიდუალური გეგმები, რომლებიც წლის დასაწყისში იწერება:

„თითქმის ყველა სკოლა ჩართულია ინკლუზიური სწავლების პროცესში, ჩვენ მოვახერხეთ, რომ მათთვის უზრუნველგვეყო სპეცმასწავლებლები, რომელთა ფუნქციაც სხვა მასწავლებლების დახმარებაა. ყველა მასწავლებელი, რომელიც ასწავლის სსსმ მოსწავლეს, კანონით ვალდებულია შეიმუშაოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა ასწავლოს და შეაფასოს ეს მოსწავლე. თავიდან გვქონდა პრობლემები, დღეს მეტწილად მოწესრიგდა ამ გეგმების შემუშავების საკითხი.
თუმცა, რამდენად მუშაობენ მასწავლებლები ამ გეგმით და რამდენად ხარისხიანია ეს პროცესი, ჯერჯერობით მასწავლებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ ამის შემოწმებას. ფაქტობრივად დღეს მხოლოდ ორი ადამიანი ვმუშაობთ, სკოლები კი უამრავია, ბათუმის გარდა რეგიონებშიც, თითქმის მთელ აჭარაში მოგვიწევს სკოლების შემოწმება. ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ ის მოხერხდა, რომ სკოლებისთვის თვითშეფასების კითხვარი შევიმუშავეთ“, – ამბობს ციალა ტუღუში.

ლელა ჯინჭარაძე ქართული ენის სერტიფიცირებული მასწავლებელია ბათუმის #4 საჯარო სკოლაში. როგორც ის ამბობს, წელს პირველად შევიდა ინკლუზიურ კლასში. მეხუთე კლასში ორი სსსმ მოსწავლე ჰყავს. მათთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობს. ის ამბობს, რომ არსებობს რიგი სირთულეები, თუმცა ტრენინგების გავლის შემდეგ ახერხებს ეფექტურად იმუშაოს მთელ კლასთან.

„ამ ბავშვების ინტეგრირება აუცილებელია, თუმცა დიდ სირთულეებს ვაწყდებით… მასწავლებელი ცდილობს სსსმ ბავშვების დონის შესაბამისი დავალება ან ტესტი მისცეს მოსწავლეებს, დაასაქმოს გაკვეთილზე აქტივობებით, რომლებიც მათი განვითარების ზონას შეეფარდება. მათ ვერ მოვთხოვთ იმას, რასაც სხვა ბავშვებს ვთხოვთ. ბუნებრივია, შეფასებას ვაძლევთ“, – ამბობს ლელა ჯინჭარაძე და დასძენს, რომ `სკოლებში მწირია მასალები აქტივობებისთვის და თვალსაჩინოებები, რომლებიც გაკვეთილზე გამოიყენება… თუმცა, სკოლებში არსებულ „რესურსოთახში“ „სპეცმასწავლებელი“ მხოლოდ სსსმ ბავშვებისთვის ატარებს გაკვეთილებს ყველა შესაბამისი თვალსაჩინოების დახმარებით“.

სპეციალური განათლების ცენტრის ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის ბაზაზე გადასვლის შემდეგ, ერთ-ერთმა მოსწავლემ ინკლუზიური კლასის (სადაც ის სწავლობდა მეექვსე სკოლაში) ნაცვლად სპეციალურ კლასში განაგრძო სწავლა. სპეცკლასის მასწავლებლის, მანანა მაჩალაძის განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სასწავლო პროგრამა ვერ დაძლია:
„მასწავლებელი კი ცდილობდა, მაგრამ, რადგან ჩვეულებრივი პროგრამისგან ძალიან შორს იყო ბავშვი, მშობელთან შეთანხმებით ვარჩიეთ, რომ სპეციალურ კლასში სწავლა აჯობებდა მისთვის. კლასი არაფერ შუაშია“.

ციალა ტუღუში ამბობს, რომ შესაძლოა კარგად არ იცნობს ამ საკითხს, მაგრამ, რადგან თითოეული მოსწავლისთვის იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, შეუძლებელია, მუშაობის შემთხვევაში, მოსწავლემ ვერ შეძლოს მისი დაძლევა:
„მგონი ასაკობრივი უფრო იყო ის, რომ ბავშვი ცენტრში უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს. თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად იყო საგაკვეთილო პროცესებში ჩართული. ვიცი, რომ კლასელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა“.

რამდენად ეფექტურია დღეს არსებული ინკლუზიური განათლება და რამდენად ახერხებენ სსსმ მოსწავლეები სკოლებში იმ ცოდნის მიღებას, რაც გათვალისწინებულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით? – ამ კითხვას ციალა ტუღუში ვერ პასუხობს, რადგან საკითხის შესამოწმებლად შესაბამისი მონიტორინგის, შეფასების სისტემა არ არსებობს:

„პროგრესი გვაქვს, ადრე თუ პრობლემები მოსწავლეების მშობლებთანაც გვექმნებოდა, დღეს ეს შესამჩნევად შემცირდა, თავად იმ მშობლებმაც კი, რომლებიც საკუთარ შვილებს მალავდნენ, უფრო აქტიურად დაიწყეს ბავშვების სკოლაში შეყვანა. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, სწავლის პროცესში აღწევს თუ ვერა შედეგს მოსწავლე, ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ მასწავლებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, იქნება მაგალითები, სადაც ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მაგრამ ამის გაკონტროლება მხოლოდ ოჯახსა და სკოლის დირექციას შეუძლია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: