კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

რა ელის ბათუმს, თუ ისევ ითოვებს

15.02.2016 • 2791
რა ელის ბათუმს, თუ ისევ ითოვებს

„კარგად ვიქნებით, არ ინერვიულოთ”, – ასეთია ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის პასუხი „ბათუმელების” შეკითხვაზე: რას უნდა ველოდოთ, თუ ისევ გათოვდება? ქალაქის მერიასა თუ აჭარის მთავრობაში დიდთოვლობას სტიქიას არქმევენ და ასე ცდილობენ რიგ შეკითხვებს თავი აარიდონ. რაც მთავარია – მაღალჩინოსნების გეგმები, დიდთოვლობის განმეორების შემთხვევაში, ერთმანეთისგან განსხვავებულია.

რატომ ვერ გაიწმინდა ქუჩები თოვლისგან დროულად? – ამ კითხვას არაერთი ბათუმელი სვამდა დიდთოვლობის დროს. ქუჩების თოვლისგან გაწმენდისთვის მოხალისეების პარალელურად საჯარო მოხელეების ჩართვა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით აჭარაში დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეების დახმარებაც გახდა საჭირო. თუმცა, ამ უკანასკნელს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა აჭარის მთავრობამ, რაც თოვა შეწყდა და, შესაბამისად, აქტივისტების მხრიდან ბულვარში ხეების გადარჩენის მცდელობა არაეფექტური გამოდგა.

დიდთოვლობა

დიდთოვლობა


თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს „ბათუმის სანდასუფთავება” ახორციელებდა. აქ გვითხრეს, რომ სამუშაოებისთვის საკმარისი ტექნიკა ჰქონდათ. „საკმარისში” იგულისხმება ნაქირავები ტექნიკა, რადგან ქუჩებში „სანდასუფთავების” მხოლოდ 11 ერთეული ტექნიკა მუშაობდა, ხოლო დამატებით 24 მერიამ კერძო კომპანიებისგან დაიქირავა. „24 საათის განმავლობაში არ გავჩერებულვართ. რაც არ გვყავდა, ვიქირავეთ. ნალექი იმდენი იყო, რომ ტექნიკა ფიზიკურად ვეღარ ასწრებდა მის გაწმენდას. სტიქია იყო ფაქტობრივად, რადგან ქალაქში ნახევარ მეტრზე მეტი თოვლი იყო. მაინცადამაინც ზღვა ხომ არ უნდა გადმოვიდეს და წაგიღოს, ბათუმში მეტი რა უნდა მოხდეს?” – გვითხრა შპს „სანდასუფთავების” დირექტორის მოადგილე ირაკლი თედორაძემ.

ამ უწყებაში, ასევე აჭარის მთავრობაში, თოვლის საწმენდი დამატებითი მოწყობილობის შეძენის აუცილებლობას ვერ ხედავენ. კახა შაშიკაძე, აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტაციულ ერთეულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი:

„ტექნიკის უკმარისობის პრობლემა არ გვქონია. გართულდა მხოლოდ ძველი ბათუმისა და ჭაობის დასახლების ქუჩების გაწმენდა. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან გოგებაშვილამდე ვიწრო ქუჩებია და თან მანქანები არასწორად იყო პარკირებული. ჭაობში კი, თოვლიც რომ არ იყოს, რთულია გადაადგილება იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო”.

სწორედ ამ მიზეზით ჭაობის დასახლებაში, პურიც კი ვერ შეჰქონდათ.

მთავრობისგან განსხვავებით, ტექნიკის შეძენის საჭიროებას ხედავს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი: „მარტში ან აპრილში ვაპირებ გერმანიაში წასვლას, სადაც იქნება ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების გამოფენა-გაყიდვა. ვაპირებ, იქ ჩავიდე სპეციალისტებთან ერთად და შევიძინო ის ტექნიკა და დანამატები, რომლებიც თოვლის გასაწმენდად გამოგვადგება”, – უთხრა „ბათუმელებს” გიორგი ერმაკოვმა. რამდენი ერთეული ტექნიკის შეძენა იგეგმება და რა ფასად? – ქალაქის მერს კითხვაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ აქვს: „ამდენი შეკითხვა ერთად ბევრია… კონკრეტულად რას ვიყიდით, მაგას საკრებულოს მოვახსენებ და ქალაქი დაინახავს”.

დიდთოვლობაზე უკვე გაწეული სამუშაოს ჩასაბარაბელად მერი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა.
რის შეცვლის აუცილებლობა დაინახა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ – ამ თემაზე ირაკლი ჭეიშვილის პასუხს `ბათუმელები~ მთელი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ბათუმის მოსახლეობა დიდთოვლობის დროს სოციალურ ქსელში საუბრობდა, გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა იყო. „მარილს ვყრიდით სისტემატურად. სადაც საჭირო იყო, ყველგან. პუშკინის ქუჩაზე და იქეთ, ჭაობში, სადაც სამი-ოთხი დღე ვერ შევედით, იქ არ დაგვიყრია მხოლოდ”, – უთხრა „ბათუმელებს” ირაკლი თედორაძემ, შპს „ბათუმის სანდასუფთავების” დირექტორის მოადგილემ. აჭარის მთავრობის შტაბის წევრი კახა შაშიკაძე კი ამბობს: „მარილის დაყრა დაგვიანდა და თუკი ისევ იქნება თოვლი, ამას გავაძლიერებთ. თუ სანდასუფთავებას არ ყოფნის ხალხი, დავუმატებთ”.

მერიის ინფორმაციით, თოვლის დროს დაახლოებით 11 105 კგ. ტექნიკური მარილი დაიყარა ბათუმის ქუჩებში. ამჟამად 10 125 კგ-ის მარაგია დარჩენილი. სახელმწიფო შესყიდვა მარილის შესაძენად ამჟამად გამოცხადებული არ არის.

დიდთოვლობის დროს ქალაქში ბევრგან შეხვდებოდით წაქცეულ ხეებს, ჩამოტეხილ ტოტებს. თოვლმა არაერთი ხე გაანადგურა ბათუმის ბულვარშიც. ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ხე-მცენარეების დაახლოებით 10 პროცენტამდე მძიმედ დაზიანდა ან განადგურდა. ხეების გადასარჩენად ქუჩაში გამოსული მოხალისეების ერთი ჯგუფი ამბობდა, რომ მერიას საკმარისი რაოდენობის ჭიგოებიც კი არ ჰქონდა, რომ ადამიანებს ხეები დაეფერთხათ. ბათუმის მერიაში ჭიგოების სიმცირეს უარყოფენ და ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ხეები დაუფერთხაობის გამო არ დაზიანებულა. „უფრო მეტი მოხალისეც რომ ყოფილიყო, ამ მასშტაბს მაინც ვერ გაუმკლავდებოდა. მოხალისეები როგორც კი გამოჩნდნენ, ჩვენ ისევ მოვთხოვეთ სპეციალური ჭიგოები ბოტანიკურ ბაღს და გადმოგვცეს. რაც ჩამოტყდა და დაზიანდა, დაუფერთხაობის გამო არ იყო ეგ. დაფერთხვა არის საჭირო სუსტი და პატარა ხეების და ეს ხეები ჩვენ დავფერთხეთ”, – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა ავთანდილ ტარიელაძემ.

დაუფერთხაობით დაზიანებული დიდი ხეები გამწვანების სამსახურს არ უნახავს. შესაბამისად, არც იმაზე ზრუნავს ვინმე, რომ დიდი ხეების დასაცავად სპეციალური ღონისძიება გატარდეს, თუკი ამის საჭიროება ისევ დადგება. არადა, ბათუმის ბულვარში უზარმაზარი ხეები დაზიანდა.

თუ ბათუმში ისევ მოთოვს, აჭარის მთავრობასა თუ მერიაში უჭირთ პასუხის გაცემა – რა იქნება შეცვლილი მართვის კუთხით, ან რა რესურსი უნდა გაუმჯობესდეს. კახა შაშიკაძე აჭარის მთავრობის აპარატიდან ამბობს, რომ მოხალისეებს თოვლის მოსვლის შემთხვევაში პირდაპირ ძველი ბათუმის ქუჩებში შეიყვანს, ხოლო ირაკლი თედორაძე კონკრეტულს არაფერს გეგმავს: „ჩვენ კი არა, შეერთებული შტატები ჩაიკეტა, სტამბულს, მაგალითად, აეროპორტიც ჩაეკეტა იმის მიუხედავად, რომ ამხელა თოვლი იქ არ ყოფილა”.

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: