კვირის ამბები,მთავარი

“ყველაფერი კონტრაქტორების ბრალია” – მაღალბიუჯეტიანი დაკვეთები ტენდერის გარეშე

14.02.2016 • 2110
“ყველაფერი კონტრაქტორების ბრალია” – მაღალბიუჯეტიანი დაკვეთები ტენდერის გარეშე

ისინი აღებულ ვადებულებებს დროულად ვერ ასრულებენ. ხშირად გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას არ იღებენ, რის გამოც ყოველი წლის ყოველი კვარტალის ბიუჯეტი ირღვევა. ამის გამო მთავრობა „იძულებულია“ კონკურენციის პრინციპი დაარღვიოს და პოტენციურ შემსრულებლებს `გამარტივებული შესყიდვა~ გაუფორმოს. შედეგად მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს ხშირად ახალდაფუძნებული კომპანიები, მთავრობის ხელმძღვანელი პირების მეზობლები ან მათთან დაახლოებული პირები იღებენ. მთავრობაში განმარტავენ, რომ ამაში უხერხული და მითუმეტეს საეჭვო, არაფერია.

გასულ წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მილიონამდე ლარის სამუშაოები, გამარტივებული შესყიდვის წესით, ახალდაფუძნებულ კომპანიას, შპს „ბელუს“ დაუკვეთა. შესყიდვის ამ ფორმის გამოყენებას, როცა ღირებულება 5000 ლარს აჭარბებს, კანონმდებლობა ფოსმაჟორულ სიტუაციაში ან მთავრობის შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს. სხვა შემთხვევაში ელექტრონული ტენდერი უნდა გამოცხადდეს. გამარტივებული შესყიდვა ბაზარზე კონკურენციას, ასევე ბიუჯეტში ეკონომიის გაკეთების შესაძლებლობას გამორიცხავს. რაც ზემოთ აღნიშნული სამუშაოს ტენდერით შესყიდვის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. შესყიდვა ქობულეთის სოფლების შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებდა.

შპს „ბელუ“ 2014 წლის მარტში ქობულეთში მხოვრებმა გიგა ცინცაბაძემ დააფუძნა. 2014 წლის ბოლოს ქობულეთის გამგეობამ ახალდაფუძნებულ კომპანიას ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ანდო. გასული წლის ბოლოს კი ამ კომპანიამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან კიდევ ორი, ჯამში მილიონამდე ლარის ღირებულების დაკვეთა მიიღო.
როგორ მოახერხა გამოუცდელმა კომპანიამ გამგეობის ნდობის მოპოვება? – კითხვაზე შპს „`ბელუს“ წარმომადგენელი ელგუჯა ცინცაბაძე პასუხობს: „ადრე სხვა კომპანია გვქონდა. შესაბამისი ტექნიკაც გვაქვს და გამოცდილებაც“. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, ამ კომპანიის ფინანსური მენეჯერი ქობულეთის გამგებლის მოადგილის, ირაკლი ცეცხლაძის ძმა – ბესო ცეცხლაძეა.

ირაკლი ცეცხლაძე განმარტავს, რომ მისი ძმა აუდიტორია და, შესაბამისად, შპს `ბელუს~ მსგავსად შეხება თხუთმეტამდე კომპანიასთან აქვს.

კომპანიასა და დამკვეთს შორის გაფორმებულ ერთ-ერთ ხელშეკრულებაში (2015 წლის 15 აგვისტო) დამკვეთი შესყიდვის ამ ფორმის გამოყენების საფუძვლად `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის #67 და 2015 წლის 3 აპრილის #151 დადგენილებებს ასახელებს. პირველი დადგენილება, რომლითაც გამგეობამ შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელება ახსნა „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“, მუნიციპალიტეტს უფლებამოსილებას ანიჭებს სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს და იქვე განმარტავს, რომ შესყიდვა „პროგრამით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ უნდა განხორციელდეს.

ამ დადგენილებით ყოფილმა პრემიერმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც უკვე ათი წელია ხორციელდება და წლის ბოლოს მომავალი წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხა მტკიცდება, შეიძლებოდა ეფექტურად განხორციელების თვალსაზრისით პრობლემები შექმნოდა და დაქვემდებარებულ უწყებებს ამ თანხის გამარტივებული წესით დახარჯვის უფლება მისცა.

იმავე დადგენილებაში, რომლითაც მუნიციპალიტეტმა ისარგებლა, ნათქვამია, რომ „…თუ პროექტის განსახორციელებლად სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ღირებულება აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“

გამარტივებული ელეტრონული ტენდერი ისე არ არღვევს კონკურენტული გარემოს შექმნის პრინციპს, როგორც გამარტივებული შესყიდვა. მართალია, ასეთ შემთხვევაში ტენდერი მალე უნდა დასრულდეს, მაგრამ მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. ამ შემთხვევაში ქობულეთის გამგეობამ აჭარის მთავრობის თავჯდომარის ნებართვა გამოიყენა. კანონმდებლობა ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს უფლებამოსილებას ანიჭებს, მუნიციპალიტეტს გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მისცეს, თუ თხოვნა დასაბუთებულია. დასაბუთებაში, როგორც წესი, უმეტესად სამუშაოების ეფექტურად განხორციელებაზე წერია.

2015 წლის ოქტომბერში სტიქიის შედეგად ქობულეთის ნაპირსამაგრი საფეხურებიანი ჯებირი დაზიანდა. ამ კედლის აღდგენითი სამუშაოები ქობულეთის გამგეობამ 2015 წლის ივლისში შეისყიდა. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებული კედლის აღსადგენად სამუშაოები მისი დაზიანებიდან ხუთი თვის შემდეგ დაგეგმეს, გამგეობამ გამარტივებული (სამდღიანი) ელექტრონული ტენდერიც კი არ გამოაცხადა და ლოგიკით – „ეს სტიქიას უკავშირდებოდა და უფლება გვქონდა“ პირდაპირი შესყიდვის ფორმა გამოიყენა. სამუშაოები შპს „შარა-გზამშენსაც“ დაუკვეთეს.

ქობულეთის ნაპირდამცავი საფეხურებიანი კედლის აღსადგენად ნახევარმილიონიანი კონტრაქტი `შარა-გზამშენმა~ მიიღო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ `შარა-გზამშენი~ კონკურსით შეარჩიეს. ქობულეთის გამგეობის შესყიდვების განყოფილების უფროსის დავით ვერულიძის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ გამგეობამ კონკურსის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა და კომპანიებმა წინადადებები წარადგინეს. რატომ კონკურსი და არა თუნდაც გამარტივებული ელექტრონული შესყიდვა, რომელიც მხოლოდ სამდღიან ვადას ითვალისწინებს? – ამომწურავი პასუხი ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ.

„შარა-გზამშენი“ 2005 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას გივი შენგელია ფლობს.

შედარებით დაბალბიუჯეტიანი, პირდაპირი დაკვეთა ქობულეთის გამგეობისგან ორჯერ მიიღო შპს „ზომა“-მაც. ამ კომპანიასაც ქობულეთში მცხოვრები ოთარ ზოიძე ფლობს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამარტივებული შესყიდვები

ბოლო წლებში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი დაკვეთა ხელვაჩაურის გამგეობამ კომპანიებს – შპს „აჭარელს“ და შპს „იმპულსი და ინდივიდს“ გაუფორმა. ორივე კომპანიას გამგეობისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის გზების შესაკეთებლად საჭირო მზა ბეტონი უნდა მიეწოდებინა.

შპს `აჭარელს~ 2014 წელს პირდაპირი წესით ორ მილიონზე მეტი ლარის, ხოლო შპს „იმპულსი და ინდივიდს“ მილიონზე მეტი ლარის სამუშაოები დაუკვეთეს.

შპს „აჭარელი“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა და ურეხის დასახლებაში მცხოვრებ ზაზა ძნელაძეს ეკუთვნის. კომპანიასაც თავად ხელმძღვანელობს.

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, ზაზა ძნელაძე გამგებლის ნათესავია, ხოლო შპს „იმპულსი და ინდივიდის“ მფლობელი გია ჯაშიტაშვილი – გამგებლის მეგობარი.

საჯარო რეესტრში მითითებულ ტელეფონის ნომერზე პასუხობენ, რომ ეს არ არის ზაზა ძნელაძის მობილური. კომპანიას არც ვებგვერდი აქვს და არც ფეისბუქგვერდი. შესაბამისად, „ბათუმელებმა“ „აჭარელთან“ დაკავშირება ვერ მოახერხა. `ბათუმელები~ ვერც გია ჯაშიტაშვილს დაუკავშირდა.

თავად ხელვაჩაურის გამგებელი ამ ინფორმაციას უარყოფს. „ეს სიცრუეა, თანაც ჩვენ კომპანიები კონკურსით ავარჩიეთ და ვინც ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა, მას გავუფორმეთ ხელშეკრულება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ტენდერს არ ითვალისწინებს“, – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

ბათუმის მერიის პირდაპირი შესყიდვები

მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის ფესტივალის მსგავსი ტიპის ღონისძიებებს უწყება რამდენიმე თვით ადრე ან ბიუჯეტის დაგეგმვასთან ერთად გეგმავს, ბათუმის მერიამ რეკლამის ფესტივალისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვის მიზნით მაინც გამარტივებული შესყიდვის ფორმა გამოიყენა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობაც მიიღო. სარეკლამო ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 211 000 ლარი დაიხარჯა. კომპანია „ედ ბლექ სი“ კი, რომელსაც სარეკლამო ფესტივალის ანდეს 2015 წლის 12 თებერვალს დააფუძნეს, 2015 წლის სექტემბერში კი კომპანიამ მერიისგან დაკვეთა მიიღო.

კომპანიის 50%-ს ვახტანგ ქავთარაძე, ხოლო დარჩენილ წილებს უკრაინის მოქალაქე მაქსიმ ლაზებნიკი ფლობს. რატომ გამარტივებული შესყიდვით და არა ტენდერით ან კონკურსით? – ეს კითხვა ფესტივალთან მიმართებაში ბევრჯერ დასვეს, თუმცა ამ კითხვაზე ბათუმის მერიისგან არგუმენტირებული პასუხი საზოგადოებას არ მიუღია.

2014 წელს ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პირდაპირი დაკვეთა ბათუმის მერიისგან მუნიციპალურმა ორგანიზაციამ შპს `ბათუმის ავტოტრანსპორტმა~ მიიღო. მგზავრთა იმ კატეგორიის მომსახურებისთვის, რომელთა მგზავრობის საფასურის სუბსიდირებასაც მერია ბიუჯეტიდან ფარავს, „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ხელშეკრულება მილიონ 200 000 ლარზე, შემდეგ კი დამატებით 300 000 ლარზე ერგო.

საქართველოს შესყიდვების სააგენტოში პირ¬დაპირი შესყიდვის პრაქტიკის შესაცვლელად გამოსავალს ეძებენ, მაგალითად, სააგენტოს ხელმძვანელმა გასული წლის ბოლოს გამოსცა ნორმატიული აქტი (#9) და მოითხოვა, რომ გამარტივებული შესყიდვა, თუნდაც მთავრობის ნებართვით, სააგენტოს შეათანხმონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: