კვირის ამბები,მთავარი

ვინ არიან პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები რეგიონებში

07.02.2016 • 4082
ვინ არიან პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები რეგიონებში
15 იანვარს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უწყებაში რეორგანიზაციის შესახებ განაცხადა. მინისტრმა მაშინ თქვა, რომ ამას აუცილებლად მოყვებოდა სისტემური ცვლილებები, თუმცა მინისტრის განცხადებიდან ორ კვირაში ირკვევა, რომ ქვეყნის რეგიონებში, ანუ არსებული პოლიციის რეგიონული 10 დეპარტამენტიდან, მხოლოდ სამში – აჭარაში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში შეიცვალა დირექტორი.
ყველაზე ხმაურიანი ცვლილება მაინც აჭარის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა – ამ დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, 30 წლის ბესიკ ამირანაშვილი, შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
აჭარაში გადმოსვლამდე ბესიკ ამირანაშვილი კახეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო. ზოგადი ტენდენციით თუ ვიმსჯელებთ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში პოლიციაში მაღალ თანამდებობზე ინიშნებოდნენ  პირები, რომლებმაც კარიერა კახეთის რეგიონში დაიწყეს. ქართული მედია მაშინდელ შს სამინისტროს საკადრო პოლიტიკას ხშირად უკავშირებდა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს.
თუმცა, ბესიკ ამირანაშვილმა პრემიერის გადადგომის შემდეგ არამხოლოდ შეძლო თანამდებობის შენარჩუნება, არამედ დაწინაურდა კიდეც.
ბესიკ ამირანაშვილი თავისი ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობს – 2014 წლის შემდეგ სესხის სახით ამ ბანკიდან 55 ათასი დოლარი სესხი აქვს აღებული. მინისტრის მოადგილეს ამ თანხით თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, 106 კვადრატული მეტრი ბინა და 40 კვადრატულ მეტრამდე ორი ავტოფარეხი შეუძენია.
კახეთის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის დროს ბესიკ ამირანაშვილის თანამდებობრივი სარგო 96 345 ლარი ანუ თვეში 8 ათასი ლარი იყო.
ბესიკ ამირანაშვილი თანამდებობაზე აჭარაში შეცვალა ასევ 30 წლის ლაშა გოგნიაშვილმა. ლაშა გოგნიაშვილი ბათუმში სამუშაოდ 2015 წელს იმერეთიდან გადმოვიდა, სადაც ის ქუთაისის პოლიციის უფროსი იყო; ბათუმშიც ქალაქის პოლიციის უფროსად დაინიშნა.
2012 წელს ლაშა გოგნიაშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ძალადობაში დაადანაშაულეს. 2012 წლის 24 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ქარელის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა გიორგი ბერუაშვილმა განაცხადა, რომ ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი, სამ თანმხლებ პირთან ერთად, ქუჩაში დახვდა და მისთვის იარაღის ჩადებას ცდილობდა. გიორგი ბერუაშვილი მაშინ ყვებოდა, რომ ლაშა გოგნიაშვილი „დღისით-მზისით გაეკიდა, იარაღი დაუმიზნა და სროლით დაემუქრა“.
ლაშა გოგნიაშვილს 2014 წლისთვის უძრავი ქონების სახით 61 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობი ჰქონდა თბილისში, ხოლო მის მამას – სახლი ქართლის ერთ-ერთ სოფელში. ლაშა გოგნიაშვილს „საქართველოს ბანკიდან“ სესხის სახით 16 ათასი დოლარი აუღია 2011 წელს.
ბოლო ცვლილებებით გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 39 წლის კახა მურადაშვილი დაინიშნა. 2015 წელს ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე კი იმავე რეგიონში პროკურორად მუშაობდა. კახა მურადაშვილმა ამ თანამდებობაზე კობა ცერცვაძე შეცვალა, რომელიც ბოლო დროს სკანდალში გაეხვა – ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალა.
სამეგრელო, ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კვლავაც 35 წლის გურამ (გიგა) ზესაშვილი რჩება. ის სამეგრელოს პოლიციაში პირველ პირად 2014 წლიდან მუშაობს. ზოგადად, გიგა ზესაშვილის კარიერა სამეგრელოსთან არის დაკავშირებული, ის სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ამ რეგიონში 2010 წლიდან მუშაობს.
ინტერნეტგამოცემები გურამ ზესაშვილთან დაკავირებით წერენ, რომ ის თბილისში 2012 წელს მიტინგის დარბევაში მონაწილეობდა. საძიებო სისტემაში გურამ ზესაშვილის სახელისა და გვარის მითითების შემდეგ იძებნება ისეთი ინფორმაციები, რომლებიც მისი მხრიდან სხვადასხვა პირის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება. ამ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისა თუ მისი შედეგების შესახებ ინტერნეტში არაფერი იძებნება.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიგა ზესაშვილს თუ მისი ოჯახის სხვა წევრებს უძრავი ქონება სამეგრელოში არ გააჩნიათ. გიგა ზესაშვილის მეუღლეს ერთი ბინა ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე აქვს დარეგისტრირებული, ხოლო ორი ბინა თბილისში.
რეორგანიზაციის გამოცხადების შემდეგ გადადგომაზე განცხადება დაწერა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის 42 წლის დირექტორმა მერაბ ჩიხლაძემაც. თანამდებობაზე მერაბ ჩიხლაძე განცხადების დაწერიდან ხუთ დღეში დააბრუნეს. მერაბ ჩიხლაძე იმ იშვიათ პოლიციელთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებსაც უძრავი ქონება თბილისში არ გააჩნიათ. იმერეთის პოლიციის უფროსს სამი ერთეული უძრავი ქონება აქვს ქუთაისში.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ისევ 32 წლის თეიმურაზ კალანდაძე რჩება. თეიმურაზ კალანდაძე რეგიონულ დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოქალაქე, ვისაც რეგიონული პოლიცია აკავებდა, ცემაში სდებდა ბრალს. თეიმურაზ კალანდაძისთვის სასტიკი საყვედური აქვს გამოცხადებული გენერალურ ინსპექციას ერთ-ერთი პატიმრის მეუღლესთან რომანის გაბმის გამო. გენინსპექციამ კალანდაძის ირგვლივ მოკვლევა სწორედ ამ ქალის განცხადების საფუძველზე დაიწყო და დაადასტურა კიდეც, რომ ქალი არ იტყუებოდა.
ეს არ იყო ბოლო სკანდალი, რაც თეიმურაზ კალანდაძეს უკავშირდება – გასულ წელს კიდევ ერთი სისხლის სამართლის დამნაშავის 17 წლის დამ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას პოლიციის უფროსი გაუპატიურებით ემუქრებოდა. თეიმურაზ კალანდაძე ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.
თეიმურაზ კალანდაძის ოჯახის წევრები – მამა და და სამართალდამცავ უწყებებში მუშაობენ თანამდებობებზე – მამა გიორგი კალანდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ანტიკორუფციული სააგენტოს მართვისა და კონტროლის განყოფილების უფროსია, ხოლო და – ქეთევან კალანდაძე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობს ინსპექტორად.
ოჯახს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული აქვს თბილისში არსებული სამი ერთეული უძრავი ქონება. უძრავ ქონებას კალანდაძეების ოჯახი მუნიციპალიტეტებშიც ფლობს.
კახეთში პოლიციის ხელმძღვანელი ისევ 35 წლის გიორგი ბუბუნაური იქნება. ეს პოლიციელი კოლეგებს შორის ერთადერთია, ვისაც საკუთარი მობილურის ნომერი პოლიციის ვებგვერდზე აქვს მითითებული და პასუხობს კიდეც სატელეფონო ზარებს. გიორგი ბუბუნაური კახეთში პოლიციის უფროსად მას შემდეგ დაინიშნა, რაც დღევანდელი მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა დატოვა აღნიშნული თანამდებობა.
გიორგი ბუბუნაურის ოჯახი სამ ერთეულ უძრავ ქონებას ფლობს თბილისში _ სახლი, მიწის ნაკვეთი, ავტოფარეხი. გიორგი ბუბუნაურს „საქართველოს ბანკში“ სესხის სახით 10 ათასი ლარი აუღია 2015 წელს.
15 იანვრის რეორგანიზაციის პირობებში შეიცვალა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ივანე ზურაბაშვილს 40 წლის დიმიტრი ზურაბიშვილი ჩაენაცვლა.
დიმიტრი ზურაბიშვილი მანამდე, სამი წლის განმავლობაში, იმავე დეპარტამენტში მუშაობდა დეტექტივების სამმართველოს უფროსად, უფრო ადრე კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში – სხვადასხვა თანამდებობაზე.
თანამდებობები შეინარჩუნეს ქვემო და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა – 37 წლის ლევან კვიციანმა და 42 წლის იაგო საურიმ.
იაგო საური შიდა ქართლში პოლიციის უფროსად 2013-2014 წლებშიც მუშაობდა. მის ხელმძღვანელად ყოფნის დროს დაკავებული მოქალაქეების ცემის ფაქტი დაფიქსირდა. უცნობია, რამდენად უკავშირდებოდა 2014 წელს იაგო საურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა ამ სკანდალებს.
იაგო საურის ოფიციალურად დარეგისტრირებული ქონებრივი მდგომარეობა ასე გამოიყურება – საცხოვრებელი ბინა და საცხოვრებელი სახლი თბილისში. მას, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით არც ერთ ბანკში არ აქვს კრედიტი აღებული.
თავისი კოლეგების უმრავლესობის მსგავსად თბილისშია დაბადებული ლევან კვიციანიც. მას მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა აქვს დედაქალაქში.

გადაბეჭდვის წესი