კვირის ამბები

დიდთოვლობა, მერია და ბათუმელები

03.02.2016 • 2076
დიდთოვლობა, მერია და ბათუმელები

ეკა გოგიბერიძე

ჩემი შვილი, გიორგი, 9 წლისაა და თოვლში გუნდაობა და თამაში ზუსტად ისე უხარია, როგორც ყველა ბავშვს, როგორც მე მიხაროდა ბავშვობაში. ბათუმში მოსულმა დიდმა თოვლმა გიორგი კი გაახარა, მაგრამ დიდი ხნით თოვლში თამაშის უფლება ვერ მივეცი. რომ გაცივდეს, როგორ წავიყვანო ექიმთან ამ უგზოობის დროს?! – ეს იყო კითხვა, რომელიც ამ დღეების მანძილზე მაწუხებდა და არა მარტო მე.

ეკა გოგიბერიძე

ეკა გოგიბერიძე

განცდა, რომ ყველაზე პრობლემურ, რთულ სიტუაციაში სახელმწიფო, ქალაქის მთავრობა ვერ მიცავს მე, როგორც ერთ, სრულიად აპოლიტიკურ მოქალაქეს, არასდროს მტოვებს და ამ დიდთოვლობისას კიდევ უფრო გამიმძაფრდა.

გათოვდა და ქალაქი სრულიად პარალიზებული გახდა: მოყინული გზები, ტრანსპორტის არარსებობა, დღეების მანძილზე გაუტანელი ნაგავი ქალაქის ქუჩებში, დამტრეული ხეები ბათუმის ბულვარში, სახურავებიდან მოწყვეტილი გაყინული თოვლის ზვავები, მაღაზიასთან გაჩენილი პურის რიგები, რაც უკვე 10-15 წელია არ მინახავს… ჩამონათვალი გრძელია და თითქმის ყველა ამ პრობლემას ეშველებოდა, ქალაქის მერიას რომ მოეგვარებინა ერთი მთავარი საკითხი – გაეწმინდა გზა. ამით ქალაქი აირიდებდა პრობლემათა გრძელ ჯაჭვს.

რა თქმა უნდა, მესმის, რომ არ ვცხოვრობთ ისეთ ზონაში, სადაც ხშირად თოვს და ამისთვის საჭირო ტექნიკა არ გვაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს უკვე ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯერზე ასე მოხდება და მოქალაქეების უკმაყოფილებაც გარდაუვალია.

რამდენიმე წლის წინ ვცხოვრობდი შვეიცარიაში, ისეთ ადგილას, სადაც მაისში ამაზე დიდი თოვლი მოდიოდა. იქ, სადაც ხელისუფლება მობილიზებულია, თოვლი ნაკლებ პრობლემებს ქმნის. დიდთოვლობის დროს შეგეძლო ჩვეულებრივი ბოტასით გასულიყავი ქუჩაში ისე, რომ თოვლი არ შეგაწუხებდა. გაწმენდილი იყო ტროტუარები, გზები, თავისუფლად შეიძლებოდა ფეხით და მანქანით გადაადგილება, ნებისმიერი სერვისით სარგებლობა ისე, რომ თოვლიანი პეიზაჟებით დამტკბარიყავი. როცა თოვდა, მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში მოძრაობდა ტექნიკა, რომელიც ქალაქს თოვლისგან წმენდდა და კორპუსთანაც კი გაკვალული მხვდებოდა გზა დილით.

ვიცი პასუხი ამ მაგალითზე, რომ ჩვენ არ ვართ შვეიცარია, რომ საქართველო არ არის ასეთი განვითარებული ქვეყანა და ასე შემდეგ, მაგრამ თუ გვინდა, რომ ევროპული სამყაროს ნაწილი გავხდეთ, სწორედ მაღალი სტანდარტი უნდა ავიღოთ მაგალითად და ვისწავლოთ იმ ქვეყნებისგან, სადაც თოვლი მივარდნილ, ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფელშიც არ ქმნის ასეთ პრობლემებს. არ მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელია.

ჩემი აზრით, მთავარი დასკვნა, რაც მერიამ უნდა გამოიტანოს ამ გაკვეთილიდან, არის ის, რომ აუცილებელია საჭირო ტექნიკის შეძენა, რომ გზის გაწმენდა დროულად იქნეს შესაძლებელი. როცა ასეთი დიდი თოვლი მოდის, მისი გატანაა საჭირო, რადგან თოვლის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყრა, როცა ასეთი ვიწრო გზებია ჩვენთან, არ არის გამოსავალი. ვიცი, რომ ძვირია მსგავსი ტექნიკა, მაგრამ ევროპაში იყიდება მეორადი ტექნიკა, რომლის შეძენაც შეიძლება. თოვლი რომ მოვა, გზის გაწმენდა უნდა დაიწყოს ღამით და არა დილით, როცა გზა უკვე მოყინულია და თოვლიც დევს. ამინდის პროგნოზის ბიურო იმისთვის არსებობს, რომ მთავრობა, მოსახლეობა მოემზადოს ამინდისთვის. გზის გაწმენდა ხსნის ყველანაირ პრობლემას, გზა რომ გაწმენდილი ყოფილიყო, ბულვარში ხეების თოვლისგან დასაფერთხად სამჯერ მეტი ხალხი მივიდოდა, დარწმუნებული ვარ. ამისთვის გვაქვს ფეხსაცმელი, საბედნიეროდ.

მე, პირადად, იმიტომ ვერ მოვახერხე ბულვარში ხეების დასაფერთხად წასვლა, რომ ბარცხანიდან, სადაც ვცხოვრობ, ბულვარში რომ ჩამოვსულიყავი ფეხით, თუ მოვაღწევდი, მეეჭვება ხის დაბერტყვის ფიზიკური ძალა შემრჩენოდა.

ძალიან მახარებს მოხალისეების აქტიურობა, მაგრამ კარგი იქნებოდა მთავრობას დროზე, დიდთოვლობის პირველივე დღესვე ეთხოვა მოსახლეობისთვის დახმარება, თუნდაც ელემენტარული პრობლემების მოგვარებისთვის. არ არის სირცხვილი მოსახლეობას სთხოვო დახმარება, როცა არასაკმარისია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, მოხალისეობის პრაქტიკას ევროპაშიც ხშირად იყენებენ და მოსახლეობა ასეთ დროს მზად არის დასახმარებლად.

და ბოლოს, კლიმატი იცვლება, ეს ფაქტია და ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს. გაწვიმდება და თოვლი გადნება – ამის იმედზე ყოფნა ბათუმში აღარ შეიძლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: