კვირის ამბები,მთავარი

კანონიერი ქურდი ოჯახში სიკვდილის უფლებისთვის სასამართლოში დავობს

08.12.2015 • 2860
კანონიერი ქურდი ოჯახში სიკვდილის უფლებისთვის სასამართლოში დავობს

პატიმარი ტარიელ ფოცხვერია, რომელიც კანონიერი ქურდობის გამო იხდის სასჯელს, საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ბრძანების გაუქმებას და სიცოცხლის ბოლო დღეების გატარებას ოჯახში ითხოვს. პატიმარი, რომელიც სახელმწიფოს სასამართლოში უჩივის, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ, სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული.  მისი ადვოკატი ამბობს, რომ სხვა პატიმრებთან შედარებით ფოცხვერია დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან ის ვერც ოჯახის წევრებთან პაემნით სარგებლობს და ვერც სატელეფონო მომსახურებით.

55 წლის ტარიელ ფოცხვერიას 2009 წელს, პატიმრობაში ყოფნის დროს, ხორხის კიბოს მესამე სტადია დაუდგინდა. პატიმარს ამოკვეთეს ხორხი, სახმო იოგები და კისრის ლიმფური კვანძები, რის შემდეგაც ფოცხვერიამ დაკარგა მეტყველების უნარი. მისი ექიმების ინფორმაციით, დაავადებამ განიცადა პროგრესირება – გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა მარჯვენა ფილტვის კიბო, მეოთხე სტადია.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში მისმა ადვოკატებმა განმარტეს, უკვე მეორე თვეა ტარიელ ფოცხვერიას ყოველდღიურად აქვს სისხლიანი ნახველი, აწუხებს ტკივილი, უჭირს საკვების ღეჭვა და ამის გამო მხოლოდ ფხვიერ საკვებს იღებს.

სასამართლოში მისი წარმომადგენლების მტკიცებით, 2015 წლის აგვისტოში კომპიუტერული კვლევით გამოვლინდა მარჯვენა ფილტვში მეტასტაზური კვანძი,  რომელიც ჩაზრდილია ბრონქის კედელში. სწორედ ამის წყალობით გახდა შესაძლებელი ამ მიდამოში ბიოფსიის გაკეთება (ბრონქოსკოპის მეშვეობით ქსოვილიდან მცირე ნაწილის აღება). ციტოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ მარჯვენა ფილტვის ქსოვილიდან აღებული ბიოლოგიური მასალა არის ხორხის კიბოს მეტასტაზი.

სადავო ნორმა, რომელსაც პატიმარი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარების მოთხოვნაა. სპეციალისტების განმარტებით, ჰისტოლოგიური კვლევისთვის ბიოლოგიური მასალის – ორგანოების ნაწილის აღება შეიძლება ოპერაციის გზით. თუმცა, ექიმები, რომლებიც სასამართლოში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა, ამბობენ, რომ ფოცხვერიას სიცოცხლისთვის ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება სახიფათოა, რადგან ის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ავადმყოფის სასჯელისგან გათავისუფლებისთვის გადამწყვეტი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაა. დავით სერგეენკოს ბრძანების თანახმად, პაციენტის დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს ჰისტომორფოლოგიურად.

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, ექიმი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ ციტოლოგიური კვლევით დადგენილი დიაგნოზი უტყუარია. თუმცა, უტყუარ მტკიცებულებად ამას მოპასუხე მხარე არ მიიჩნევს.

მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმაში არსებული ტერმინი – „დადასტურებული ჰისტომორფოლოგიურად“ დისკრიმინაციულია იმ პატიმრების მიმართ, ვისთვისაც ოპერაციის გაკეთება იმიტომ არის შეუძლებელი, რომ ის დაიღუპება.

ტარიელ ფოცხვერიას შემთხვევაში ციტოლოგიური კვლევა დიაგნოსტიკური სიზუსტით, ჰისტოლოგიური კვლევის ექვივალენტური და სიცოცხლისთვის უსაფრთხოა – განმარტა სასამართლო პროცესზე მაია ნიკოლაიშვილმა, რომელიც მოწმის სტატუსით დაკითხეს.

მაია ნიკოლეიშვილის აზრით, ”ფოცხვერიას იმიტომ არ ათავისუფლებენ, რომ კანონიერი ქურდობის გამოა გასამართლებული“.

ფოცხვერიამ პატიმრობიდან გათავისუფლება და სიცოცხლის ბოლო დღეების გატარება ოჯახში იმ კომისიას სთხოვა, რომელიც ავადმყოფი პატიმრების საქმეებს განიხილავს. (თუ პატიმარი მომაკვდინებელი სენით არის დაავადებული, მას საპატიმრო დაწესებულებიდან ათავისუფლებენ). კომისიის წევრები საქართველოს ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების თანამშრომლები არიან. კომისიას ფოცხვერიამ ბოლოს წელს, აგვისტოში მიმართა, თუმცა მისი მოთხოვნა არ განიხილეს. კომისიის უმოქმედობა პატიმრის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ დაავალდებულა კომისია, ფოცხვერიას განცხადება განეხილა. ეს ასეც მოხდა, მაგრამ კომისიამ პატიმარ ფოცხვერიას განცხადება არ დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, გიორგი გოცირიძემ (ფოცხვერიას ადვოკატი) იშუამდგომლა, რომ საქმეს თან დართვოდა წერილი, რომელიც პარლამენტარ თამარ კორძაიას კომისიის თავმჯდომარემ მისწერა. ამ წერილში, როგორც ადვოკატებმა მოსამართლეებს უთხრეს, კომისიის თავმჯდომარე წერს, რომ მსჯავრდებულს მხოლოდ ციტოლოგიური კვლევა აქვს ჩატარებული და არა ჰისტოლოგიური. პატიმარს გათავისუფლებაზე სწორედ ამის გამო უთხრეს უარი. მოსამართლეებმა ამ კომისიის თავმჯდომარის მიერ თამარ კორძაიასთვის გაგზავნილი ეს წერილი საქმეს დაურთეს.

გაგი მოსიაშვილი ტარიელ ფოცხვერიას იცავს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე საქალაქოში. მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმის განხილვა  ქვეყნის შიდა ინსტანციებში უკვე დასრულდა და მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული.

ფოცხვერია პატიმრობიდან 2013 წელს გათავისუფლდა. გათავისუფლებიდან 6 დღის შემდეგ, ფოცხვერია, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა, ისევ დააკავეს. გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, პატიმრობაში ყოფნის დროს დანაშაულებრივი ქმედების (ციხის ბუნტის მოწყობის მცდელობა) ჩადენაზე წაუყენეს ბრალი.

გაგი მოსიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კანონი პატიმარს აძლევს უფლებას ისარგებლოს ტელეფონით. მას აქვს შვილებისა და შვილიშვილების ნახვის უფლება. ადვოკატების ცნობით, ფოცხვერიამ რამდენჯერმე ითხოვა შვილიშვილების ნახვა, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მას ამის უფლება არ მისცა. ადვოკატის შეფასებით ეს პატიმრის უფლების დარღვევაა.

ფოცხვერიას საქმეთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ “ბათუმელებთან~ განმარტა: `რადგან ფოცხვერიას დიაგნოზი არ არის დადასტურებული შესაბამისი კვლევებით, კომისიამ მიმართა მას, თანხმობა განაცხადოს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომ დადგინდეს მისი მდგომარეობა. შესაბამისად ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ კომისია ხელახლა იმსჯელებს მის საკითხზე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კომისია პირის სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მსჯელობს, როგორც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზემოაღნიშნულ ბრძანებაში მითითებულ დაავადებებთან, ისე დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის თანახმად, საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნისას მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, მსჯავრდებულს უფლება აქვს 30 წუთის ხანგრძლივობით შეხვდეს ახლო ნათესავებს. მიუხედავად ფოცხვერიას ქურდული სამყაროს წევრობისა და საზოგადოებრივი საშიშროებისა, იგი დაუბრკოლებლად ხვდება მეუღლეს სამედიცინო დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან დღემდე, რომელიც განსაზღვრულია მის მომვლელად.“

საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაკითხა მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები, ექიმები. მოსამართლეები ახლა თავად აპირებენ დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ექიმების მოწვევას. სწორედ მათი მოსმენის შემდეგ იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო მიიღოს თუ არა ტარიელ ფოცხვერიას საქმე განსახილველად. თუ საქმეს წარმოებაში მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა იმაზე, რამდენად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: