შავკანიანი ბათუმელი – ყადირ გიგინეიშვილი [ფოტოისტორია]

ეს ფოტო, რომელზეც ბათუმში „სობოროს“ ნგრევის სამუშაოებია ასახული, 1932 წელსაა გადაღებული. ფოტოს თუ დააკვირდებით, შავკანიან მამაკაცს შენიშნავთ. სავარაუდოდ იგივე მამაკაცია გამოსახული დაახლოებით იმავე წლებში გადაღებულ კიდევ ერთ ფოტოზე [მარჯვნიდან მეორე]. ორივე ფოტო რეჟისორ შოთა გუჯაბიძის ფოტოკოლექციაში ინახება.

ფოტო შოთა გუჯაბიძის არქივიდან

ფოტოზე, შესაძლოა, ყადირ გიგინეიშვილი იყოს, რომელიც გურიაში გაიზარდა და ბათუმში ცხოვრობდა.

ბათუმელი კახა გიგინეიშვილი ყადირ გიგინეიშვილის შვილიშვილია. იგი ამბობს, რომ ბაბუას მხოლოდ ერთხელ, ბავშვობაში შეხვდა:

„მშობლები განქორწინებული იყვნენ, მე დედასთან ვცხოვრობდი და მხოლოდ ერთხელ შეხვდი მას. დაახლოებით 8-9 წლის ვიქნებოდი, ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდით, როცა მოვიდა შავკანიანი, მაღალი, ტანადი კაცი, ხილით სავსე პარკით და მითხრა, კახა, მე შენი ბაბუა ვარ, ეს ხილი შენ სახლში აიტანეო. სახლში არ ამოსულა. ბავშვი ვიყავი, ვერ ველაპარაკე კარგად, რაზეც გული მწყდება, მართალი გითხრათ.“

როგორ აღმოჩნდა შავკანიანი ბიჭი გიგინეიშვილების ოჯახში, ამის შესახებ კახამ მონათხრობით იცის.

კახა გიგინეიშვილი

„როგორც ვიცი, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში, გურიაში, ჯურუყვეთში, სამი დები, გიგინეიშვილები ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი დის ქმარი მეფის რუსეთის ჯარში მსახურობდა და ომში უნახავს პატარა ბიჭი, რომელიც მკვდარ დედას ეხვეოდა და ყადირ, ყადირო ყვიროდა. შეეცოდა ამას და წამოიყვანა საქართველოშიო. გიგინეიშვილების ოჯახმა გაზარდა, მისცეს გვარი და დაარქვეს მიხეილი, მაგრამ ყადირს ეძახდნენ მთელი ცხოვრება. აი, ეს ლეგენდა თუ ისტორია უკავშირდება ამ ამბავს.

მერე ცხოვრობდა ბათუმში, დაქორწინდა და დაიბადა მამაჩემიც.  მითხრეს, რომ ცირკშიც გამოდიოდა, უზარმაზარი ძალის პატრონი იყო და რკინებს და გირებს ათრევდაო. სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდა ბათუმში, ხან ნაქირავებში, ერთი პერიოდი აღმაშენებლის ქუჩაზე… როგორც ვიცი, ცხოვრებისგან ძალიან გატანჯული კაცი იყო.

კიდევ ერთი პატარა ისტორია თუ ლეგენდაა, რომელიც მას უკავშირდება. წლების მერე, აქ, ბათუმში მოაკითხეს საფრანგეთიდან, მისი ნათესავები იყვნენო, ძალიან მდიდარი ხალხი იყო, უთხრეს, რომ მათი ნათესავია, ძლივს იპოვეს და წამოდი ჩვენთან ერთადო – შესთავაზეს. მას უარი უთქვამს. რამდენად სწორია ეს ამბავი არ ვიცი, მაგრამ ასე მიამბეს.

წლების მერე შემატყობინეს, რომ გარდაიცვალა და წავედით დაკრძალვაზე მე და ჩემი და. როგორც ვიცი, 80 წელზე მეტი ხნის იყო უკვე. მისი კუბო სასაფლაომდე მე მივიტანე, უკანასკნელი პატივი მივაგეთ. ერგეს სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი ფოტო არ დაგვრჩენია სამწუხაროდ. შოთა გუჯაბიძემ მაჩვენა ძველი ფოტოები, ჰგავს, მაგრამ არ შემიძლია თქმა, ის არის თუ არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი.“

სოფელ ჯურუყვეთში, სადაც ყადირ გიგინეიშვილი იზრდებოდა, მისი ამბავი ჯერ კიდევ ახსოვთ. 82 წლის ანზორ გიგინეიშვილი ამბობს, რომ თავადაც კარგად იცნობდა ყადირს, ძლიერი, „ჯანიანი კაცი იყოო“, ამბობს: „საიდან და როგორ არ ვიცი, მაგრამ დებმა გიგინეიშვილებმა იშვილეს და ზრდიდნენ. მერე ბათუმში წავიდა, ერთხელ შევხვდი კიდეც იქ. დალევა უყვარდა, ვაჟკაცი კაცი იყო“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com