კვირის ამბები

ალი ფაშა თავდგირიძე

24.08.2015 • 4301
ალი ფაშა თავდგირიძე

 

 

ალი თავდგირიძე თავდაპირველად სტამბულში, სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ოსმალეთის არმიაში მსახურობდა. მოგვიანებით სახლში, ქობულეთში დაბრუნდა და გრიგოლ გურიელს დაუახლოვდა. ერთის მხრივ გურიელებთან მეგობრობდა,  მეორეს მხრივ კი, თუ ზაქარია ჭიჭინაძეს დავუჯერებთ, ღალატისთვის ემზადებოდა. ალი თავდგირიძის სახლში ღამეს ათევდნენ ყაჩაღები, რომლებიც გურიიდან გოგო-ბიჭებს იტაცებდნენ და შემდეგ ტყვედ ჰყიდდნენ ოსმალეთში.  

 

ალი-ფაშა იყო მამუკა თავდგირიძის შთამომავალი. გურიის ერისთავებსა და ქობულეთში გაძლიერებულ თავდგირიძეებს შორის დაძაბულობა სწორედ ამ კაცს მიეწერება. მამუკა თავდგირიძე სამი საუკუნის წინ ქობულეთს მართავდა და ოსმალებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. გურიელებმა საიდუმლო თათბირი გამართეს, თავს დავეცეთ თავდგირიძეს, ქობულეთი ჩამოვართვათ და გურიას შემოვუერთოთო. თუმცა ერისთავებს უღალატეს და მათი განზრახვა თავდგირიძეს შეატყობინეს. ქობულეთის მმართველმა თავს ახალციხეში გაქცევით უშველა. ჩავიდა ახალციხის ფაშასთან და დახმარება სთხოვა.

 

თავდგირიძის პირობით, თუ ფაშა დაეხმარებოდა, ის ისლამს მიიღებდა და იზრუნებდა ისლამი ქობულეთშიც მომძლავრებულიყო. ახალციხის ფაშა დასთანხმა მამუკა თავდგირიძის წინადადებას, მძევლად კი მისი შვილი მაქსიმე დაიტოვა. მამუკა თავდგირიძემ ქობულეთის ბეგობა მიიღო. ბეგი გახდა მისი შვილიც და შემდგომ შვილიშვილებიც. წლების მანძილზე ცდილობდნენ თავდგირიძეები ფაშის ტიტული მიეღოთ, თუმცა ეს მხოლოდ ალი თავდგირიძემ შეძლო, რომელიც ისტორიას ალი-ფაშა თავდგირიძის სახელით შემორჩა. ის აჭარაში ერთ-ერთ სასტიკ მმართველად ითვლებოდა.

 

ალი-ფაშამ ის შეძლო, რაც მანამდე ვერც ერთმა მისმა წინაპარმა ვერ მოახერხა. ოსმალეთის სულთნისგან ფაშის წოდება მიიღო. წყაროების მიხედვით ამაში დიდი როლი დედამისმა შეასრულა. დინდინ ხანუმი – ალის დედა, ძლიერი და გაბედული ქალი ყოფილა. ომშიც კი იბრძოდა თურმე. სულთნის კარამდე ჩასულა და შვილისთვის ფაშას ტიტულის ბოძება უთხოვია. მას შემდეგ, რაც ალი თავდგირიძემ ტიტული მიიღო, კიდევ უფრო სასტიკი და დაუნდობელი გახდა.

„ალი-ფაშა იყო დიდი მექრთამე და უსამართლო. ანდაზაც იყო აჭარაში გავრცელებული: „ალი-ფაშას სამართალი ფულით იყიდებოდაო“, – ასე ახასიათებს ზაქარია ჭიჭინაძე თავის ნაშრომში მას.

 

რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დროს ალი-ფაშამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 1877 წელს გრიგოლ გურიელი აჭარის მმართველ ბეგებთან მოლაპარაკებას აწარმოებდდა. გურიელი ბეგებს სთხოვდა რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ბრძოლა არ გაემართათ. მათ შორის იყო ალი-ფაშაც. გურიელი სთხოვდა ალი-ფაშას, დაფიქრებულიყო და რუსეთის მხარეს გადასულიყო. თუ ასე მოიქცეოდა პატივი და დიდება არ მოაკლდებოდა. და არც ხალხი დაიღუპებოდა უაზრო ბრძოლაში.

 

სხვადასხვა ცნობის მიხედვით, ალი ფაშას ძალიანაც კი უნდოდა რუსეთის მხარეს გადასვლა და იმათი ჩინ-მენდლების მიღება, მაგრამ ოსმალო მმართველებს ვერ დააღწია თავი. ერთის მხრივ რუს გენერლებს წერილებს წერდა, მეორეს მხრივ კი ოსმალო მმართველებს ერთგულებას ეფიცებოდა. ოსმალებმა შეიტყვეს ალი-ფაშას ორგულობა და სტამბოლში გაისტუმრეს დროებით. სწორედ ამ პერიოდში ქობულეთში გავრცელდა ხალხური ლექსი:

 

ხვანთქარი და რუსი ჩხუბობს,

იგივ არის ორივ ეშვი

ალი-ფაშამ გვიღალატა

აგვიყვანა კვირიკეში.

თვითონ ფულები აიღო,

ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში

მასაც კაი არ დამართეს

ბაწრით ჩაითრიეს გემში,

მისი ყვირილი გვესმოდა,

სუფსის გაღმა, ბაილეთში.

 

ფოტო: ზაქარია ჭიჭინაძის წიგნის თავდგირიძიანთ გვარის ღალატი და ალი ფაშა თავდგირიძე გარეკანი

ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც ალი-ფაშას ორგულობის შესახებ შეიტყვეს, ოსმალებმა გემზე აიყვანეს, ორი კილო ოქრო გაადნეს, პირში ჩაასხეს და ისე იძიეს შური. თუმცა, სხვა წყაროების ცნობით, ეს ფაქტი სინამდვილეს არ უნდა შეესაბამებოდეს. ომის შემდგომ ალი-ფაშა ჯერ ბათუმში, შემდეგ ქობულეთში დაბრუნდა და მუჰაჯირობის მსურველებს უწყობდა ხელს სამშობლოდან გადახვეწაში.

ზაქარია ჭიჭინაძის მიხედვით, ალი-ფაშა ხალხში დადიოდა და აფრთხილებდა: „აქ არ დარჩეთ ხალხო, თორემ იცოდეთ, რომ მუსლიმობა აქ ცუდ დღეში ჩავარდება. ყველას გაგაქართველებენ, ჯენეთს თვალით ვეღარ ნახავთ. მე გაფრთხილებთ როგორც მუსლიმანი, რომ თავს უშველოთ. აქ, საქართველოში ცხოვრებას ოსმალში დაღუპვა უნდა არჩიოთ“.

 

ალი-ფაშა თავდგირიძე მიუხედავად მისი სისასტიკისა და უსამართლობისა ხალხში მაინც დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ხალხი უსმენდა. სწორედ ამ ფაქტორის გამო მას ხალხი ენდო.

 

როგორც კი ალი-ფაშამ დაინახა ხალხის ნდობა, უკან სტამბულში დაბრუნდა, სულთნის წინაშე წარსდგა და უთხრა, მთელს ჩემს მხარეს ოსმალეთში გადმოსახლება სურს და ამ საქმეში დაგვეხმარეთო. სულთანმა ამის გამო ალი-ფაშა დააჯილდოვა და უკან საქართველოში გამოუშვა.

 

ალი-ფაშა დაბრუნდა საქართველოში და ქობულეთში ხალხის მომზადება დაიწყო ოსმალეთში გადასასახლებლად. მუჰაჯირობის ტალღა კახაბერსა და მარადიდსაც გადასწვდა. ხალხი სახლებს, ქონებას ჩალის ფასად ჰყიდდა და ოსმალეთში მიდიოდა უკეთესი ცხოვრების იმედით.

 

ოსმალეთში გადასახლდა თავად ალი-ფაშაც. მას იმ ღვაწლისთვის, რაც ოსმალეთის იმპერიისთვის გაიღო, პენსია დაუნიშნეს და ქალაქ სამსუნის მახლობლად დაასახლეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა კიდეც.

გადაბეჭდვის წესი