კვირის ამბები

ვაზის დაბრუნება

13.06.2015 • 3311
ვაზის დაბრუნება

 

დაახლოებით 300 წელი აჭარაში მოსახლეობა მევენახეობას აღარ მისდევდა. ვაზი გახმა და განადგურდა, ქვევრები კი მიწით ამოივსო და დატყდა. ამის მიუხედავად აჭარაში მეღვინეობას დიდი ტრადიცია აქვს. ამას ის არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს, რომლებიც წლების მანძილზე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე.

 

 

 

ტოპონიმ „აჭარას“ წარმოშობასთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს, მკვლევარები დღემდე ვერ შეჯერდნენ ერთ საერთო ვერსიაზე. ერთ-ერთი ვერსიით სახელწოდება აჭარა სიტყვა „მაჭარადან“ უნდა იყოს წარმოშობილი. მკვლევარ შალვა ვარშანიძის აზრით, ტოპონიმი მაჭარა შეიძლება მეღვინეობასთან, მემაჭრეობასთან იყოს დაკავშირებული. მეღვინეობა-მევენახეობით კი რეგიონში ქვემო აჭარა გამოირჩეოდა. აქ აღმოჩენილი მარნები და ქვევრები სწორედ კარგად განვითარებულ მეღვინეობის ტრადიციაზე მიუთითებს.

 

აჭარაში მეღვინეობა ყველაზე მასშტაბურად ქედაში იყო გავრცელებული. კლდეში ნაკვეთი ძველი საწნახელი დღემდეა შემორჩენილი სოფელ ზუნდაგაში. ორგანყოფილებიანი საწნახელი სოფლის თავზე მდებარე ტყეშია განთავსებული. ერთ განყოფილებაში ყურძენს ყრიდნენ, ჭყლეტდნენ, დაწურვის შემდეგ კი ყურძნის წვენი მეორე განყოფილებაში ჩაედინებოდა. დაწურულ ტკბილს საგანგებოდ მომზადებულ ჭურჭელში აგროვებდნენ და შემდგომ ოჯახებში მიჰქონდათ ქვევრში ჩასასხმელად.

 

ქედაში, სოფელ ბაბუჩოღლებში კლდეში ნაკვეთი საწნახელია, რომელიც ანტიკურ ხანას განეკუთვნება და დაახლოებით ძვ.წ. აღრიცხვით IV-III საუკუნეებით თარიღდება.  ეს ფაქტი ამყარებს იმ აზრს, რომ აჭარაში მეღვინეობას ღრმა ფესვები აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მარადიდს ადრე მარანდიდი ერქვა, ნიშნად იმისა, რომ იქ ღვინის მარნები იყო. აჭარაში სხვადასხვა დროს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვევრები და საწნახლები, ასევე განვითარებულ მეღვინეობის ტრადიციაზე მიუთითებს.

 

მეცხრე-მეათე საუკუნეებში აჭარა „ქართველთა სამეფოში“ შედიოდა შავშეთთან, კოლა-არტაანთან და სხვა პროვინციებთან ერთად. ეს ტერიტორიები ხევად იწოდებოდა, ხოლო მათ მმართველებს ხევისუფლები ერქვათ. აჭარაში ყოველ მეორე-მესამე სოფელს თავისი სამეთვალყურეო ციხე ჰქონდა, რომლის ირგვლივაც საციხისთავოს მოსახლეობა ცხოვრობდა. ციხეს მართავდა ციხისთავი. სწორედ მას ევალებოდა მოსახლეობიდან ხარკის აკრეფა სამეფო კარის თუ ცალკეული ფეოდალებისთვის. ხარკი გლეხებს უნდა გადაეხადათ როგორც ფულადი, ისე ღვინის სახით.

 

სოფელში იყო ერთი ადგილი გამოყოფილი, სადაც იდგმებოდა ე.წ. ბაკანი (ჭურჭელი). გლეხები რიგრიგობით მიდიოდნენ და მასში ღვინოს ასხამდნენ. ბაკანათი – ასე ჰქვია დღემდე მერისის ხეობაში მდებარე სოფელ კუჭულაში ერთ-ერთ უბანს. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც მოსახლეობა ღვინის ხარკად შესაწირად გროვდებოდა.

 

მას შემდეგ, რაც 1453 წელს ოსმალებმა აიღეს კონსტანტინეპოლი, მოგვიანებით კი ბიზანტიის იმპერია, საქართველოს დაპყრობა მხოლოდ დროის საკითხი იყო. მოგვიანებით ასეც მოხდა. აჭარაში ოსმალთა მმართველობის დაწყებამ მხარის კულტურასა და ტრადიციაზე გავლენა იქონია. სარწმუნოებიდან დაწყებული, ტრადიციული ჩვევებით დამთავრებული – ყველაფერი ოსმალური კულტურის გავლენის ქვეშ მოექცა. ეს აისახა ღვინის კულტზეც.

 

აჭარაში საუკუნეების მანძილზე გავრცელებული მევენახეობის ტრადიცია გაქრა. ქვევრები წლობით მოუვლელობისგან დასკდა, ვაზი კი გახმა. მოგზაური თედო სახოკია, რომელმაც აჭარაში მას შემდეგ იმოგზაურა, რაც ის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა, წერს:

 

„ვაზი უზარმაზარ ხეზეა გაშვებული. ღვთის ანაბარა იზრდება სხვა ხეთა შორის. უმეტესობას ნაცარი და ობი აქვს მოდებული და მოსავალს აღარ იძლევა. თუ გამოისხა სადმე, დამწიფდება თუ არა ყურძნად ჭამენ და ჭამის დროსღა მოიგონებენ თავიანთ ქრისტიან წინაპრებს: გურჯობის დროს დაურგავთო. ასეა ზემო აჭარაში”.

 

ზემო აჭარისგან განსხვავებით საუკუნის წინ სხვა ვითარება იყო ქვემო აჭარაში. როგორც სახოკია წერს, ვაზის მოსავალი ქვემო აჭარელი გლეხისთვის ერთგვარი შემოსავლის წყარო ყოფილა. ყურძენი ბათუმის ბაზარში ჩამოჰქონდათ და ერთ ფუთს მანეთად ყიდდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყურძენი მოჰყავდათ, მისგან ღვინოს აღარ ამზადებდნენ. თედო სახოკიამ იმ ადამიანის ვინაობა შემოგვინახა, ვინც საუკუნეების შემდეგ პირველად დააყენა ღვინო აჭარაში.

 

„ქრისტიანობის გადავარდნის შემდეგ, აქაური ყურძენი მგონი პირველად გაწურა და ღვინო დააყენა ქვემო აჭარის უფროსის თანაშემწემ სიმონ იოსელიანმა 1896 წელს. როცა ქედაში გავიარე, მითხრა, ყურძენი სულ იაფად ვიყიდე (ფუთი სამ აბაზად) და 300 კოკა მშვენიერი ღვინო დავაყენეო. ჯერ არავის უცდია აქაური ყურძენი ღვინისთვის გაეწურაო”, – წერს სახოკია. მის მიერვე მოპოვებული მონაცემებით, 1894 წელს ზემო აჭარაში 120 ფუთი ყურძენი დაუკრეფიათ.

 

მიუხედავად იმისა, რომ 300 წლის მანძილზე აჭარაში მცხოვრებთ ღვინის დაყენება აკრძალული ჰქონდათ,  ყურძნის აუდუღარი წვენის დალევა შეეძლოთ. ამ სახის წვენს აჭარაში ხარდალი ერქვა და მას გარკვეული ტექნოლოგიით ამზადებდნენ.  მოზელდნენ მდოგვს, იმით გამოლესავდნენ, როგორც აჭარაში ამბობენ, „გამოფაფავდნენ“ ქვევრს, შიგ ტკბილს ჩაასხამდნენ და თავს დაახურავდნენ. ასე შენახული ტკბილი არ დუღდებოდა და ღვინოდ არ იქცეოდა. ნადიმის დროს სწორედ ამ ტკბილს შეექცეოდნენ ღვინის ნაცვლად. ხარდალს ბევრს არ აკეთებდნენ, რადგან ქვევრს თავს როგორც კი მოხდიდნენ, ტკბილი მაშინვე უნდა ამოეღოთ. ყურძენს იმერულ საწნახელში წურავდნენ, რომელსაც ჯარა ერქვა. წვენისგან აკეთებდნენ ჩურჩხელას, რომელსაც აჭარაში ქუმას ეძახდნენ.

 

აჭარაში შემდეგი ყურძნის ჯიშები იყო გავრცელებული: ადესა, ბუდეშური, ბურძგალა, ბუტკურა, ბროლა, ვანური თეთრი ყურძენი, კლარჯული, მატენაური, მეკრენჩხი, მწვანე, შხუმი, ჩხავერი, ცხენისძუძუ, ჭოდი, ხარისთვალა, ხოფათური, ჯანიში.

 

2015 წლის მაისში, ხელვაჩაურში, სოფელ კაპნისთავში მცხოვრებმა ხასან კახიძემ საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში VI-XI საუკუნეების მარანი აღმოაჩინა. 11 ქვევრი საუკუნეების მანძილზე მიწით იყო ამოვსებული. დღეს აჭარაში მეღვინეობის განვითარებას უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე გასულ საუკუნეებში.

 

გადაბეჭდვის წესი