კვირის ამბები

სახლები პარკინგის გარეშე

28.03.2015 • 2240
სახლები პარკინგის გარეშე
„ბათუმი პლაზა“-ს მიმდებარე ტერიტორია

ავტომანქანების საცობებში ხანგრძლივი დგომა, განსაკუთრებით შუადღის საათებში, ბათუმისთვისაც ჩვეულებრივი ნორმა ხდება. სწორედ ასეთ ვითარებაში ახალაშენებულ კორპუსებსა და კომერციულ დაწესებულებებში პარკინგისთვის გამოყოფილი ადგილი კომერციული მიზნებისთვის არის გამოყენებული, მაგალითად, „ბათუმი პლაზაში“ პარკინგის ნაცვლად სავაჭრო ცენტრია განთავსებული, პარკინგს კი უმნიშვნელო ნაწილი აქვს დათმობილი. ავტოსადგომი დაკეტილია LC Waikiki-სა და ყოფილი „დომბიტის“ ტერიტორიაზე აგებულ მრავალბინიან სახლებშიც. ამ სახლის ავტოსადგომის მეთვალყურე ნოდარ გორგაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პარკინგი გაიხსნება, თუმცა მისი მომსახურება მობინადრეებისთვის ფასიანი იქნება.

„უფასო არ იქნება, მაგრამ მცხოვრებლებისთვის შეღავათიანი ფასი დაწესდება. ფასი ჯერ უცნობია, პარკინგის ამოქმედების შემდეგ დაზუსტდება და ალბათ მერიის პარკინგთან შედარებით იაფი იქნება“, – ამბობს ის.

„ბათუმის პლაზას“ დირექტორის, ნათია მეტრეველის განცხადებით, პარკინგი არა მარტო მცხოვრებლებზე, არამედ მთლიან კომპლექსზეა გათვლილი, თუმცა, მინუს სართულზე, ავტოსადგომისთვის საკმაოდ მცირე ფართობი ფუნქციონირებს. სადგომის მეთვალყურე ამბობს, რომ ტერიტორია, რომელიც ამჟამად სავაჭრო ცენტრს უკავია, ავტოპარკინგისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ამ ინფორმაციას ნათია მეტრეველი უარყოფს:

„სავაჭრო ცენტრი კომერციულ ფართობშია განთავსებული, ის არ არის საპარკინგე ნაწილი. რა ფუნქციით დაიტვირთება ფართობი, ამას მეპატრონე წყვეტს“.

ის, რომ მიღება-ჩაბარების დოკუმენტის შემდეგ, მერია ვერ აკონტროლებს პროექტით დამტკიცებულ პარკინგის ტერიტორიას რა მიზნით იყენებს მესაკუთრე, ამას ირაკლი ახალაძეც ადასტურებს.

„იმ შემთხვევაში, თუ ასაშენებენ კორპუსს მანქანებისთვის საჭირო პარკირება არ ექნება, მერიის არქიტექტურის სამსახური მშენებლობაზე ნებართვას არ გასცემს. ანუ პარკინგის ქონა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ახალი მშენებლობის წარმოების დროს. თუმცა მერიის შესაბამისი სამსახური აღარ აკონტროელებს, იყენებს თუ არა მეპატრონე ამ ფართს პარკინგისთვის. ჩვენ ამაზე ზემოქმედების ბერკეტი არ გვაქვს“.

როგორ დატვირთავს დამკვეთი მშენებლობის დსრულების შემდეგ ფართს, ამას ვერც არსებული კანონმდებლობა არეგულირებს:
ირაკლი ახალაძის თქმით, ეს სამართლებრივი საკითხია და საკრებულოს დონეზე უნდა გადაწყდეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი კი ამბობს, რომ ფრაქცია „რესპუბლიკელები“ ბათუმის საკრებულოში მუშაობენ პროექტზე, რომლითაც არა მარტო ავტოსადგომებთან დაკავშირებული დეტალები იქნება კანონში დაკონკრეტებული, არამედ მშენებლობებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი მხარეებიც დაზუსტდება:

„ვაღიარებ, რომ კანონმდებლობაში არსებობს პრობლემა, რაც ქალაქზეც აისახება. პროექტში, რომელსაც ვამზადებთ, საუბარია, მაგალითად, იმაზეც, თუ როგორ უნდა განთავსდეს კონდიციონერები შენობებზე, რომ მშენებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სარეცხის საშრობები შენობაში, როგორ უნდა შეიფუთოს სახლი და ასე შემდეგ. უნდა არსებობდეს ვალდებულება, რომ სახლები იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვისაც“.

ყველა ეს დეტალი, როგორც ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, საკანონმდებლო ნორმაშია მოსაქცევი. „ამ საკითხებს კი სჭირდება საკრებულოს სხდომაზე გატანა და უმრავლესობის მხარდაჭერა“.

კანონმდებლობის მოწესრიგებამდე ირაკლი ახალაძე პასუხისმგებლობას მოქალაქეებს აკისრებს: „თვითონ, მოქალაქეები ქმნიან დისკომფორტს, რადგან არ სარგებლობენ მერიის ფასიანი პარკინგით და ცდილობენ ავტომანქანები ტროტუარებსა ან სკვერების მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერონ, რის გამოც ქუჩები იხერგება და ქალაქის ინფრასტრუქტურაც ზიანდება“.

თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ამ პრობლემის მოგვარება მერიას სწორი ადმინისტრირებით შეუძლია: „იქ, სადაც ამკრძალავი ნიშნებია განთავსებული და მანქანა მაინც დგას, მძღოლები უნდა დაჯარიმდნენ“.

ბათუმში ბოლო ორი თვის განმავლობაში მშენებლობის ნებართვა 70 საცხოვრებელ სახლზე გაიცა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: