მთავარი,სიახლეები

მთისუბნის ლეგენდები ხიხანსა და თამარზე

13.03.2015 • 8297
მთისუბნის ლეგენდები ხიხანსა და თამარზე

ჩემთვის ამბავი ასე დაიწყო – ბაბუას კარტოფილის მოსაყვანი საყანე მიწა არ ჰყოფნიდა, ამიტომ გადაწყვიტა, სახლიდან სამი კილომეტრის მოშორებით, ტყეში – ლამაზაღელედ წოდებულ ადგილზე კორდი გადაეხნა, სწორედ მაშინ გუთნის კვალს ქვევრის ნამტვრევები ამოჰყვა, ეს ნამტვრევები ბათუმში მუზეუმს გამოუგზავნა შესასწავლად. ბაბუას არ უთქვამს შეისწავლეს თუ არა მის მიერ აღმოჩენილი ქვევრის ფრაგმენტები… მათ შესახებ არც მე ვიცი არაფერი.

აი, რა ამბები ვიცი ჩემი ბაბუასგან, რაც მას, წესით, თავისი ბაბუისგან უნდა ჰქონოდა მოსმენილი.

ამბავი პირველისაიდუმლო მიწისქვეშა გვირაბი

სოფელ მთისუბანში (ჩემი სოფელია და ადრე მას თითქოს ვანი რქმევია), დიდღელის სერზე მიწისქვეშა გვირაბი ყოფილა – ერთგვარი მიწისქვეშა გზა, სადაც ორ ან სამ ადამიანს ერთდროულად წელგამართულს შეეძლო გავლა. მიწისქვეშა გზა იწყებოდა დიდღელის სერიდან, უფრო კონკრეტულად კი ამ ადგილს ყუიახო რქმევია (ახლაც ასე უნდა ეძახდნენ). დაახლოებით ხუთი კილომეტრის სიგრძის მიწისქვეშა გზა, თურმე, ხიხანის ციხეს უკავშირდებოდა. გვირაბის ერთი მონაკვეთი, დასაწყისი საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი ბავშვობაში. მაგრამ მგონი ახლა გვირაბის კვალი მთლიანად წაშლილია. ამ გვირაბის დასაწყისთან ერთ დროს მეც ვმდგარვარ, შიგ ჩავმხტარვარ კიდეც.

ლეგენდის თანახმად, ამ საიდუმლო გვირაბით მტრის შემოსევების დროს ხიხანის ციხეში თავშეფარებული ადამიანები გარესამყაროს უკავშირდებოდნენ, ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში ციხე ამ გზის წყალობით უწყლობას არ განიცდიდა – თავად გვირაბი პირდაპირ მდინარეს უკავშირდებოდა. გვირაბის შესწავლა თითქოს კომუნისტ მეცნიერებს უცდიათ, მაგრამ იქაურობა დიდწილად ამოვსებული დახვედრიათ, ამიტომაც ძიების გაგრძელებაზე ხელი ჩაუქნევიათ.

ამბავი მეორეხიხანის ციხე

ვინც არ იცის, იმათთვის ვიტყვი, რომ ხიხანის ციხე პირდაპირ კლდეზე, არსიანის ქედის ძირში მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, ხიხანის ციხე თავდაპირველად თითქოს ორ კლდეს შორის იყო აგებული და ერთი მიმართულებით ახალციხეში, ადმინისტრაციულ ცენტრს უკავშირდებოდა. ეს გზა თითქოს ასევე საქარავნე გზის ნაწილი ყოფილა, რომელიც ბიზანტიაში გადადიოდა… საუკუნეების განმავლობაში კლდეები ნგრევის შედეგად ერთმანეთში არეულა და ასე ჩამოყალიბებულა არსიანის ქედი. აშენების დროისთვის ციხეს ხიხათა რქმევია. არსიანის ქედს ჩემს სოფელში დღესაც ყველა ხიხათს (რაც თითქოს ძველქართული ტერმინია) ეძახის და არა არსიანის ქედს.

ბაბუას თქმით, ციხე მე-13 საუკუნის დასაწყისში ივანე მე-4 ტბელს აუშენებია. ის ერისთავი ყოფილა. ივანე მეოთხეს თურმე ზედმეტსახელიც ჰქონია – აბუსერი, რაც არაბულ ენაზე „მამაც მამას“ ნიშნავდაო. სწორედ ამ აბუსერის შვილი ყოფილა ცნობილი ვარსკვლავთმრიცხველი ტბელი. ბაბუაჩემი ამბობდა, რომ მისი სახელი არავინ იცის, ამიტომაც არის, რომ მას ყველა აბუსერის ძეს ეძახისო.

სწორედ ხიხანის ციხეში გაუმართია იმ დროისთვის თანამედროვე ობსერვატორია ტბელს. ლეგენდის თანახმად, ტბელის კვლევები გამოუყენებიათ გრიგორიანული კალენდრის შედგენის დროს. მაგრამ მეეჭვება, ზუსტად მახსოვდეს, ბაბუა გრიგორიანულ კალენდარს ამბობდა თუ სხვა კალენდარს.

ტბელ აბუსერისძე ძალიან ცნობილი კაცი ყოფილა მაშინდელ საქართველოში. მერე თითქოს იერუსალიმში წასულა სამუშაოდ და იმავე ტაძარში მოღვაწეობდა, სადაც რუსთაველი. ტბელიც იქ უნდა იყოს გარდაცვლილიო, ამბობდა ბაბუა.

ხიხათის ციხე მთისუბინის, იგივე ვანის ქვით არის აშენებულიო. დღეს ამ ადგილს იასაღს ეძახიან… პირველად მამა-შვილს, ციხის მშენებელ კალატოზებს ხარკამეჩით დაუწყიათ ქვის ზიდვა, მაგრამ კლდესთან აბა რას გააწყობდა ხარკამეჩი და საქმეში სამეფო ჯარი შესულა – იმდენი ჯარისკაცი ჩაუყენებიათ ხუთი კილომეტრის სიგრძეზე, რომ სამშენებლო ქვა ხელიდან ხელში გადაიცემოდა თურმე ციხემდე ასატანად.

იასაღის ქვა, სხვათა შორის, ცემენტს არ იკარებს. ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რადგან ბაბუაჩემის საფლავიც ამ ქვით არის გაკეთებული და მისი საფლავის კეთების დროს ცემენტი მართლაც არაფერში გამოდგა.

როგორც ვთქვი, ამ ამბავში (გარდა ბაბუას საფლავისა) რა არის სინამდვილე და რა ლეგენდა, წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ ერთიცაა, აჭარის მთებში ყველაფერი იმდენად არის თამარ მეფესთან დაკავშირებული, რომ ახლაც კი, ნებისმიერ ბავშვს რომ ჰკითხო, თუ ვისი აშენებულია ხიხანის ციხე, აუცილებლად გიპასუხებს, – რომ თამარ მეფის.

ხიხანის ციხე

ამბავი მესამესამეფო საგანძური

ლეგენდის თანახმად, ხიხანის ციხეში თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, უფრო ზუსტად კი მონღოლების შემოსევის დროს, სახელმწიფოს საგანძური სატახტო ქალაქიდან სწორედ აქ გადაუმალიათ. განძის დაცვაზე პასუხისმგებლობა მაშინდელ ერისთავს – ივანე მე-4 აბუსერს აუღია.

მერე ქვეყნის საქმე ისე წასულა, რომ სამეფო განძის უკან დაბრუნება შეუძლებელი გამხდარა. თუმცა, მოგვიანებით, როცა ხიხანის ციხის საიმედოობაც ეჭვქვეშ დამდგარა (ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს გაუგიათ განძის ადგილსამყოფელი და ხიხანის ციხისთვის ალყა შემოურტყამთ), განძისმცველებს ისღა დარჩენიათ, რომ სამეფო საგანძური ზემოთ აღნიშნული მიწისქვეშა გვირაბით გამოეტანათ მთისუბნის, იგივე ვანის ტყეებში დასამალად.

ბაბუას სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ სამეფო განძი მართლაც ჩემი სოფლის ტყეებშია დამარხული. ის დარწმუნებული იყო, რომ განძის შესახებ ინფორმაცია არსებობდა ქვებზე. რამდენჯერმე, შუაგულ ტყეში, მასთან ერთად დამითვალიერებია მოზრდილ ქვაზე ადამიანის ხელით, უფრო წერაქვით ამოკვეთილი – ნახაზს მიმსგავსებული გამოსახულება. ბაბუა თავის ჯოხს აყოლებდა ამ ხაზებს და ყვებოდა, რომ ეს უნდა იყოს საიდუმლო ნიშნები განძის ადგილმდებარეობის შესახებ.

ბაბუა წუხდა იმაზე, რომ სამეფო განძის მოძებნა სახელმწიფოს სერიოზულად არასოდეს უცდია.

ის თავისუფალ დროს აკვირდებოდა, სწავლობდა და თხრიდა მის მიერ ქვაზე დატანებული ნახაზის მიხედვით წაკითხულ ამბებს.

ისე მოკვდა, არაფერი უპოვია.

ამბავი მეოთხეთამარის საფლავი

თამარ მეფესა და ხიხანის ციხესთან დაკავშირებით მორიგი ლეგენდა თამარ მეფის გარდაცვალებასა და ხიხანში მის დაკრძალვას უკავშირდება. ამბავი იმაზე, რომ თამარის გარდაცვალების შემდეგ შვიდი კუბო გამოასვენეს სასახლიდან და ქვეყნის შვიდი მიმართულებით წაიღეს, ისედაც ყველას აქვს მოსმენილი. ჩემს სოფელში შენახული ლეგენდის მიხედვით კი, ამ ამბის გაგრძელება ხიხანს უკავშირდება: კუბო, რომელშიც თამარი ესვენა, სატახტო ქალაქიდან ყველაზე შორს _ ხიხანის ციხეში ჩაიტანესო დასაკრძალად. ლეგენდა იმით მთავრდება, რომ მცველებმა, რომლებმაც თამარი მიწას მიაბარეს, თავები დაიხოცეს. ამ პროცესს თითქოს პირადად მეთვალყურეობდა მცველების უფროსი, რომელმაც, როგორც კი დარწმუნდა, რომ კუბოს ყველა მხლებელი მხედარი მკვდარი იყო, თავადაც მოიკლა თავი.

დიახ, აი, ამიტომაც არის თამარის საფლავი ყველასთვის უცნობიო.

თამარის დაკრძალვის შესახებ კიდევ რამდენიმე ლეგენდა მაქვს მოსმენილი ბაბუასგან, ცხადია, ისიც ხიხანთან კავშირში: თამარ დედოფალი ხიხანში იმიტომ გადაასვენეს, რომ ეშინოდათ მტერს მისი საფლავი არ წაებილწა. კიდევ უფრო პრაგმატული ლეგენდის მიხედვით კი – თამარს იმდენად ბევრი ძვირფასი ქვა ჩააყოლეს, რომ მისი საფლავის გაძარცვის ეშინოდათ, ამიტომაც გადამალეს.

კიდევ ერთიც და მოვრჩები თამარის საფლავთან დაკავშირებით წლების წინ მოსმენილი ლეგენდების მოყოლას. გასული საუკუნის 70-წლებში ჩემი სოფლის მისასვლელში, რომელსაც მოსამქეთს ეძახდნენ, მიწა ჩამომსკდარა, ჩვეულებრივი მეწყერი ყოფილა. მაშინ გამოჩენილა ქვა, რომელსაც ადამიანის თავის მოყვანილობა ჰქონდა, ოღონდ ცალი ყურით. ეს ქვა საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი. როგორც მახსოვს, მას ეტყობოდა ადამიანის ხელს რომ მიეცა მისთვის ასეთი ფორმა, ან იქნება სულაც ლეგენდების გამო მეჩვენებოდა ასე. როგორც კი ეს ქვა გამოჩნდა, სოფელი აფორიაქდა – თამარი შეიძლება აქ არის დამარხულიო. დაიწყეს კიდეც იქაურობის გადათხრა. მთხრელებს ბევრი დასცინოდა, მაგრამ გულში ყველა ელოდა შედეგს… თამარის საფლავის აღმოჩენას.

რა თქმა უნდა, ვერც ვერაფერი იპოვეს.

დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ ამ ადგილზე, მაგრამ, როგორც მითხრეს, წლების წინ კიდევ ერთ მეწყერი ჩამოწვა და ჰომოსაპიენსს მიმსგავსებული ქვაც თან ჩაიტანა.

ამ ქვასთან ერთად ლეგენდა თამარის საფლავზე ჩემს სოფელში კიდევ ერთხელ დაიმარხა.

მთისუბანი

ჩემი სოფელი აჭარის მთაში ყველაზე მაღლა მდებარეობს. იმის ზევით, როგორც იტყვიან, მამალი აღარ ყივის. ეს სოფელი, აჭარის დანარჩენი სოფლების მსგავსად, 300 წლის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის უკიდურესად განაპირა ნაწილი იყო. შეიძლება გარესამყაროსგან იზოლირებული, „გეოგრაფიიდან ამოგდებული“ საზოგადოება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას ამ ლეგენდებში ხედავდა, ამისათვის კი ყველაზე კარგი „მასალა“ თამარ მეფე იყო. იქნებ სწორედ ამიტომ უკავშირდება ზემო აჭარაში ყველაფერი მის სახელს?! ვინ იცის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მთისუბანი, ხედი ხიხანის ციხიდან. ფოტო: ბექა ბოლქვაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: