კვირის ამბები

უცნობი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

30.10.2014 • 6213
უცნობი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

ჩირუხი, სარიჩაირი, თხილვანა, შუამთა, ბეშუმი – ეს აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე იაილების სახელწოდებებია. იაილები ზაფხულის საძოვრებია. ყოველი წლის მაისში, ზემო აჭარაში მცხოვრებნი, ძირითადად ასაკოვანი ქალები, საკუთარ სახლებს ტოვებენ და საქონელი სამი თვით იაილებში მიჰყავთ. მათ მემთეურებსაც უწოდებენ. მოგზაურობა აჭარის იაილებში ჩირუხიდან დავიწყეთ. შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე საძოვრებამდე სამარშრუტო ტაქსით მივედით. ჩირუხიდან ბეშუმამდე გზა, 36 კილომეტრი კი, ფეხით დავფარეთ.

ჩირუხში ასვლა ჩვეულებრივი, ხაზის მიკროავტობუსითაა შესაძლებელი. მარშრუტს სოფელ შუბნამდე მიჰყავხარ, შუბნიდან კი ტრანსპორტის გამოცვლა მოგიწევს. ზაფხულობით სამარშრუტო ტაქსი იაილებში დღეში ორჯერ მიდის. აკლიმატიზაციას თუ ძნელად გადიხარ, რეკომენდებულია პირველ დღეს ჩირუხში დაბანაკდე. პატარა გორაზე კარგი საკემპინგე ადგილია, სადაც კოცონის დანთება და კარვის გაშლაა შესაძლებელი.

ჩირუხი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი 25/08/2014

ჩირუხიდან გზა სარიჩაირის იაილებისკენ მიდის. იმისათვის, რომ სარიჩაირის იაილებში გადახვიდე, მაღალი მთა უნდა გადაიარო. ორი კილომეტრის სიგრძის ციცაბო ფერდობის ავლას, საშუალოდ, ერთი საათი სჭირდება. მთის გადავლის შემდეგ ორიოდე კილომეტრში სარიჩაირის იაილები იწყება.   სარიჩაირის იაილა რამდენიმე კილომეტრზეა გაშლილი. საიჩაირიდან გზა სოფელ ბაკი-ბაკოში გადადის.

ჩვენი ტურისტული მარშრუტი სოფელში გავლას არ ითვალისწინებდა, ხიხანის ციხის ძირში ორკილომეტრიანი მოკლე გზით უნდა გადავსულიყავით. ეს გზა ტყეზე გადის. თუმცა ადგილობრივებთან შეხვედრამ გეგმები შეგვიცვალა. როგორც გვითხრეს, მოკლე გზა, მომრავლებული მგლების გამო, არც თუ ისე უსაფრთხო იყო. გვირჩიეს სოფელ ბაკოში ჩასვლა და იქიდან ხიხანის ციხეზე გადასვლა.

მარშრუტი დაგრძელდა. სოფელში ჩასულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ღამდებოდა, წვიმა იწყებოდა და ციხემდე მისასვლელად კიდევ ხუთი კილომეტრი გვქონდა დარჩენილი. ამიტომ მანქანა დავიქირავეთ. იმისათვის, რომ ხიხანის ციხეზე მოხვდე, სასაზღვრო პოლიციაში კონტროლი უნდა გაიარო. ციხე თურქეთ-საქართველოს საზღვართან ახლოსაა. ციხიდან 1800 მეტრში ქართული საგუშაგოა. თუ ტურისტს პირადობის მოწმობა არ აქვს, ეს გარკვეულ დაბრკოლებას შეუქმნის და შესაძლოა ხიხანის ციხეზე ვერ შევიდეს. ჩვენი საბუთები შეამოწმეს და უპრობლემოდ გაგვიშვეს. ღამე ხიხანის ციხის ძირას, საკემპინგე ადგილას გავათიეთ. წვიმა და სეტყვა ერთდროულად წამოვიდა. ვერც კარვის გაშლა მოვასწარით, ვერც კოცონის დანთება. დილას ხიხანის ციხე დავლაშქრეთ და გეზი შუამთისკენ ავიღეთ.

შუამთამდე მისვლამდე თხილვანის იაილები უნდა გაიარო. ულამაზესი გზა მთებში გადის. გზად ერთი ტბა შეგვხვდა, გველებით სავსე. ისე გავერთეთ იმის ცქერით, როგორ ცურავდნენ გველები ტბაში, რომ ფოტოების გადაღება გვიან მოვიფიქრეთ. შუამთაში ორი ულამაზესი ტბა დაგვხვდა და ძალიან კარგი მასპინძლები. სახლში შეგვიპატიჟეს, ტელეფონები დავმუხტეთ, მაწვნით გაგვიმასპინძლდენენ და თეთრობის უღელტეხილს შევუყევით.

ზღვის დონიდან 2 330 მეტრზე ასვლას 40 წუთზე ნაკლები დრო მოვანდომეთ. მთაზე ასვლის შემდეგ კი დავიწყეთ დაშვება ბეშუმისკენ. ციცაბო აღმართს ციცაბო დაღმართი მოჰყვა. დაახლოებით სამი კილომეტრი გზა ფერდობზე ეშვება და ბოლოს ბეშუმში ჩადიხარ.

ხედი თეთრობიდან

თუ დრო გაქვს, მარშრუტი ოთხდღიანია, მაგრამ ვინაიდან დრო არ გვქონდა, რამდენიმე მთაზე ასვლა გამოვტოვეთ, ასევე ვერ ვნახეთ მწვანე ტბა, რომელიც ბეშუმთან ახლოსაა. გზა არ არის რთული. ჯგუფში, რომელიც ოთხი ადამიანისგან შედგებოდა, გამოცდილ მოლაშქრეებთან ერთად დამწყებიც იყო, რომელმაც გამოცდილებზე უკეთ იარა.

„ამ ლაშქრობაში გამოვცადე ჩემი თავი, თან ვტკბებოდი იმით, რასაც ვნახულობდი, რასაც ვხედავდი. ყველას ვურჩევ იმოგზაუროს, სიამოვნებისთვის, თუნდაც უნდა იმოგზაურონ იმისათვის, რომ ნახონ სად ცხოვრობენ. ეს ლაშქრობა საუკეთესო იყო ექსტრემისთვის, საკუთარი შესაძლებლობის გამოცდისთვის,“ – ამბობს ქეთი კაკალაძე, რომელიც პირველად იყო ლაშქრობაში.

მარშრუტი ჩირუხი-სარიჩაირი-ხიხანის ციხე-შუამთა-თეთრობი-ბეშუმი მხატვარმა ბექა ბოლქვაძემ შეიმუშავა. მოლაშქრე ამბობს, რომ ეს საუკეთესო გზაა მაღალმთიანი აჭარის გასაცნობად.

„ორი წლის წინ ერთი გერმანელი ტურისტი მყავდა, რომელმაც მითხრა ზემო აჭარა უნდა მომატაროო. არ ვიცოდი როგორ უნდა მეჩვენებინა. დავიწყე რუკით ძებნა,  რომელ მარშრუტზე დავმდგარიყავი, ალპურში მევლო თუ ტყით მევლო, თავისთავად ტყით გამიძნელდებოდა  და დავიწყე ალპურში მარშრუტების ძებნა. მერე დავხაზე ეს გზა და უკვე რამდენჯერმე გავიარე სხვადასხვა ჯგუფთან ერთად. იმდენად კარგი ტურისტული გზა არის, თუკი მარკირება მოხდება, სამომავლოდ ზემო აჭარისთვის იქნება კარგი,“ – ამბობს ბექა.

ლაშქრობას სამი დღე დასჭირდა. ჯამში 36 კილომეტრი ვიარეთ ფეხით. იმ შემთხვევაში, თუ ამ გზის გავლას გადაწყვეტთ, გირჩევთ გამოცდილი მოლაშქრე გაიყოლოთ თან. სხვა შემთხვევაში, არამარკირებული გზების გამო, მოგზაურობა გაგირთულდებათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: