მედეა, მედია და ორი საბჭო



 

ბათუმური სხდომის ჩანაწერები

ბათუმში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. ძლივს ვიჯერებ, რომ გუშინდელი მედიაკონფერენცია წარმატებით და მშვიდობით ჩავიარე. ჯერ კიდევ არ მტოვებს მოუსვენრობის შეგრძნება, შეგრძნება იმის, რომ რაღაც დაგრჩა, როგორც ყოველი მოგზაურობის დროს და იმის, რომ ისევ გეჩქარება. ამჯერად ეს შეგრძნება ფანტომური სულაც არ არის, საბჭოს სხდომაზე მაგვიანდება, საქმის მასალებს ნათიას ვატან, ნათია კუპრაშვილს, საბჭოს თავმჯდომარეა, მისი იქ არყოფნა არ შეიძლება და ველოდები ჩემს რიგს სასტუმროს შესასვლელში, რომ გასაღები ჩავაბარო და ნომერი დავხურო. 

 

თამარ რუხაძე

გამიმართლა, სასტუმროსთან ტაქსი დგას. მძღოლმა არ იცის და ვუხსნი, სად არის ბათუმის “პრესკაფე”, რომელშიც უკვე შეკრებილია მისივე რეგიონის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს თითქმის სრული შემადგენლობა.
გაწუწული შევდივარ და იქვე კუთხეში ვჯდები, ძალიან მალე ვინანებ, რომ სხვა ადგილი არ შევარჩიე, რადგან ღიად დარჩენილი კარიდან შემოსული სველი სიცივე მკლავს. შედეგს უკვე მეორე დილით ვიგრძნობ, როდესაც თბილისში კისერგაშეშებული გავიღვიძებ.

 

თედოს შეუცვლია სკამებისა და მაგიდების განლაგება და “პრესკაფე” ახლა სრულიად სხვაგვარად გამოიყურება (თედო ჯორბენაძე გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტი და “პრესკაფეს” მასპინძელია). კედელთან და ოთახის შუაგულში ერთმანეთის პირისპირ ჩაუმწკრივებია მაგიდები და სკამები. ამ ორ რიგს პროექტორის მოცისფრო შუქი ჭრის და ერთმანეთისგან აშორებს ორ საბჭოს – ქარტიის საბჭოსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს.

 

როდესაც ამ სხდომის მზადებას ვიწყებდით მე და დათო კლდიაშვილი (დათო ქარტიის მდივანია და ის რომ არა, ვერც ერთი განხილვა ვერ დაიგეგმებოდა და გაიმართებოდა), ვფიქრობდი, რომ ის გამორჩეულად საინტერესო იქნებოდა, თუმცა ნამდვილად არ ველოდი, რომ ბათუმის “პრესკაფეში” აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც კი დამხვდებოდა; არც იმას ველოდი, რომ მედეა ვასაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ ტელეფონში ემუქრებოდა ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს, სწორედ ამ სხდომის დაწყების წინ აღიარებდა, რომ არასწორი იყო მისი საქციელი, ქარტიის მუხლებს და მათ განმარტებებს ზედმიწევნით შეისწავლიდა და პუნქტობრივად დაიწყებდა ფილმის განხილვას; და, რა თქმა უნდა, არ ველოდი, რომ თავსხმა წვიმის მიუხედავად “პრესკაფე” გაივსებოდა.

 

11 საათია, განმცხადებელი მოსულია და მოუთმენლად ელოდება დაწყებას, საბჭოს რამდენიმე წევრი არ ჩანს, ვნერვიულობთ, ვრეკავთ, ბათუმში წყალდიდობაა და ჟურნალისტებს ბევრი საქმე აქვთ, ვიცით, მაგრამ სხდომის გახსნას კვორუმი სჭირდება და სხვაგვარად მისი დაწყება წარმოუდგენელია. ჯაბაც არ მოსულა ჯერ.
როგორც იქნა, ვიწყებთ. რაც ქარტიაში ვარ, ასეთი ინტერესი არ მახსოვს, არც ასეთი ცხარე და სრულყოფილი სხდომა მახსენდება. სრულყოფილი იმით, რომ ორივე მხარე მოსულია და ორივე მხარე მზადაა, საკუთარი სიმართლე დაიცვას. ერთ მხარეს საჯარო პირია, უმაღლესი საბჭოს არჩეული წევრი, რომელსაც, თითქმის ყველა ჩემი კოლეგა და მათ შორის მეც მწვავედ ვაკრიტიკებდით, მის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც ვითხოვდით; მეორე მხარეს ჩემთვის ძალიან საყვარელი და პატივსაცემი ჟურნალისტი, ჯაბა ანანიძე, რომელიც, ვფიქრობ, დიდ საქმეს აკეთებს აჭარაში, გადაუჭარბებლად დიდს.
სადღაც მიხარია კიდეც, რომ საბჭოს წევრი არ ვარ და დღეს არ დავდგები დილემის წინაშე. და კიდევ უფრო უკეთ ვხვდები, რა ძალისხმევა სჭირდება იმას, რომ იყო ქარტიის საბჭოს წევრი და ზოგჯერ შენთვის ძალიან პატივსაცემ კოლეგას დაუდგინო ეთიკური პრინციპის დარღვევა, დაინახო და თვალი არ აარიდო, ხმამაღლა თქვა კიდეც და ეს მოახერხო ისე, რომ სწორად გაგიგონ.

 

მედეა ვასაძე კარგად მომზადებული მომეჩვენა, დროდადრო ისიც და საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეც ემოციებს ყვებოდნენ, განსაკუთრებით, ქარტიის საბჭოს წევრების მწვავე და პირდაპირ შეკითხვებზე რეაგირებდნენ ასე. მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ საბჭოს წევრების შეკითხვები ჯაბასა და ირმას მიმართ (ირმა ზოიძე ჯაბა ანანიძის პროდიუსერია და მედეა ვასაძეს პრეტენზიები მის მიმართაც აქვს) ისეთივე მწვავე და პირდაპირი იყო.

 

“ტელეარხ 25”-ის ეთერში გასული საგამოძიებო ფილმი “უმაღლესი კომფორტით” მისხალ-მისხალ გაირჩა. ვიცი, როდესაც ღია განხილვა დასრულდება, საბჭო კიდევ რამდენიმე საათი იჯდება დახურულ კარს მიღმა და ალბათ კიდევ მისხალ-მისხალ გაივლის ფილმს და განმცხადებელ-მოპასუხის არგუმენტებსაც. ქარტიის საქმის განხილვის წესის თანახმად, ამ მსჯელობას უკვე საბჭოს წევრებისა და მდივნის მეტი ვერავინ მოისმენს, ჩვენ ყველა მოვისმენთ მხოლოდ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებამდე ვინ იცის, როგორ მიდის ქარტიის საბჭო.

 

მე მაქვს ჩემი მოსაზრება, თუმცა ძალიან არ მინდა, რომ საბჭომ ჯაბას თუნდაც მცირე შეცდომა დაუდგინოს, მეშინია, რომ მისი მოწინააღმდეგეები ამას დაიხვევენ და მერე, როგორც ჯაბას, ისე მისი კოლეგების წინააღმდეგ გამოიყენებენ. მეორე მხრივ, თუკი საბჭო იპოვის რაიმე გადაცდომას, რა უნდა ქნას? დათვური სამსახური გაუწიოს მეგობარს? მეგობარსაც და სხვა კოლეგებსაც, რომელთაც შეეძლებათ დაიჯერონ, რომ კონტექსტი და ვითარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმართლე და რომ სიკეთისა და თავისუფალი მედიის გაძლიერების სახელით, ამ სიმართლეს შეიძლება, გვერდი ავუაროთ.
მედეა ვასაძე ჯაბასა და ირმას ქარტიის რამდენიმე: პირველი, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპების დარღვევაში ედავება.

 

პირველი ამბობს, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია; მესამე – ჟურნალისტმა მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა გადასცეს ინფორმაცია, რომელთა წყარო დადასტურებულია; არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია. მეოთხე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა ინფორმაციის, დოკუმენტების ან ფოტოების მოსაპოვებლად მხოლოდ კეთილსინდისიერი მეთოდები უნდა გამოიყენოს. მეთერთმეტე ამათ შორის ყველაზე მძიმეა- ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება.

 

თუკი პირველი შეიძლება სიჩქარით ან უყურადღებობით, უნებლიეთ შემოგერღვეს, მეთერთმეტე ამ შემთხვევითობას გამორიცხავს – ის გულისხმობს ჟურნალისტის ან რედაქტორის მიზანმიმართულ საქციელს, რომლის უკანაც დგას მოტივი. ფაქტის განზრახ დამახინჯების მოტივი კი ყველანაირი შეიძლება იყოს, გარდა პროფესიულისა.
საბჭომ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ პირველი მუხლი დაირღვა ფილმით, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში.

მგონია, რომ ყველა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, რაღაცნაირად, საკუთარ თავზე მაღლა დადგა -მედეა ვასაძეც, ჯაბაც, ირმაც, ქარტიის საბჭოც და სხდომის მოსასმენად მოსული საზოგადოებაც, რადგან ყველა მათგანმა გააკეთა ის, რაც იმ მომენტში წარმოუდგენელი ჩანდა: მედეა ვასაძემ შეურაცხყოფის გარეშე შეძლო დაპირისპირებულ ჟურნალისტთან ესაუბრა; ჯაბამ და ირმამ შეძლეს ძველი და ძლიერი წყენა გვერდით გადაედოთ და პროფესიულ საკითხებზე ედავათ; საბჭომ დაივიწყა, ვინ იყო, სად იყო, იმ მომენტში რა უფრო გაეხარდებოდათ და გააძლიერებდათ მის კოლეგებს და თქვა ის, რაც უნდა ეთქვა და აუდიტორიამ, რომელმაც სახლში მშრალად ჯდომას ამჯობინა, ბათუმის დატბორილ ქუჩებში გაეტოპა და ამ ყველაფრის მოწმე გამხდარიყო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ რუხაძე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი