კვირის ამბები

ვის და როგორ აჯარიმებენ მდინარეში ავტომანქანის გარეცხვისთვის

16.08.2014 • 1631
ვის და როგორ აჯარიმებენ მდინარეში ავტომანქანის გარეცხვისთვის

 

„ბათუმელებმა“ ბოლო ერთი თვის მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მდინარეებში ავტომანქანების გარეცხვის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა. მანქანის მეპატრონეები არავის დაუჯარიმებია.

 

კანონის აღსრულების მონიტორინგი და დაჯარიმება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციას ევალება. კანონის ამოქმედებიდან დღემდე რამდენი სამართალდარღვევის ფაქტია გამოვლენილი და დაჯარიმდნენ თუ არა კანონდამრღვევები _ ამ კითხვებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მივმართეთ.

 

 

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 1 მარტიდან 27 ივლისის ჩათვლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 583-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამო შედგენილია 187 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,“ _ ნათქვამია დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული წესით განხილულია 113 ფაქტი, აქედან 25 დამრღვევს მოსამართლემ გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო 88-ს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდინარეებში გარეცხვის გამო სამართალდამრღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ ჯამში 4400 ლარი შეადგინა.

 

 

კითხვაზე, რა სიხშირით ხდება პატრულირება დარღვევების გამოსავლენად, დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით „მუდმივად მიმდინარეობს უწყვეტი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და ასევე პატრულირება მიმდინარეობს სხვადასხვა დარღვევის გამოვლენის მიზნით“.

 

 

„ბათუმელები“ დაინტერესდა აპირებს თუ არა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას მოსახლეობის ცნობიერების გაზრდის მიზნით. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

გადაბეჭდვის წესი