კვირის ამბები

რატომ აპატია აჭარის ფინანსთა სამინისტრომ კომპანიებს 89 მილიონი ლარი

11.08.2014 • 1688
რატომ აპატია აჭარის ფინანსთა სამინისტრომ კომპანიებს 89 მილიონი ლარი

შპს „ჟასმინი“, შპს „მერსნ ტურიზმი“, „V & T ARGO“, „IItalGeoConstractions & Mini Mmenegementi“, შპს „აგროსერვისცენტრი“ –  ეს ის კომპანიებია, რომლებიც აჭარის მთავრობამ საგადასახადო დავალიანებისგან გაათავისუფლა. საგადასახადო დავალებისგან გაათავისუფლეს ბიზნესმენი ირის ბორჩაშვილიც.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ჟასმინი“ 2011 წელს თურქეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს. შპს „მერსნ ტურიზმი“ კი – უკრაინის მოქალაქეებმა 2011 წელს. ირის ბორჩაშვილის სახელზე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სამედიცინო ცენტრი „მედინა“ და სასტუმრო „პრესიდენტ პლაზა“ იძებნება.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დარიცხული 89 145 700 ლარიდან და მილიონ 552 900 აშშ დოლარიდან ბიუჯეტის შემოსავლებში ჩარიცხულია 312 000 ლარი, რაც დარიცხული თანხის 0,3 პროცენტია. ორ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად, ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის საჯარიმო სანქციების სახით არ იქნა დარიცხული 51 600 ლარი.

ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აჭარის მთავრობის ნებართვით ავტონომიური რესპუბლიკის 29-ე მუხლის საფუძველზე ჩამოაწერა.

„ჩვენ ვცდილობთ კარგი პირობები შევუქმნათ ინვესტორებს, რომლებიც მოდიან მოლაპარაკებებზე. ჩვენ არ გვაწყობს დაჯარიმებული ინვესტორი, შესაბამისად შეჩერებული მშენებლობები. მთავარია, მან საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს არ არის ჩამოწერილი თანხა, ეს გაყინული ფულია და თუ დათქმულ ვადაში პირობას ვერ შეასრულებს ინვესტორი, ჯარიმა ისევ ამოქმედდება, თუ შეასრულებს, აღარ დაჯარიმდება. თვითონაც კმაყოფილი დარჩება და სახელმწიფოც“, – განმარტავს აჭარის ფინანსთა  და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძე.

იურისტ გია ქარცივაძის განმარტებით, „სახელმწიფოს მიდგომა შეიძლება იყოს ინდივიდუალური და თუ მთავრობა ხედავს პერსპექტივას დათმობის შემთხვევაში, შესაძლებელია აპატიოს კიდევაც დამრღვევს, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს მასობრივი სახე. წინასწარ დათქმული პირობა უნდა შესრულდეს“.

აუდიტის 2013 წლის დასკვნის მიხედვით, აჭარის მთავრობა იმ კერძო კომპანიებისგან, რომლებმაც სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს, მათთვის გადაცემულ ქონებას ვერ იბრუნებს. აუდიტორმა უკან დასაბრუნებელი ქონება 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტად შეაფასა.

„აჭარის კურორტების“ 100%-იანი წილი და სააქციო საზოგადოება „მესხეთი“ იმ ქონების ჩამონათვალშია, რომელსაც აჭარის მთავრობა კონტრაქტორისგან პირობების დარღვევის მიუხედავად ვერ იბრუნებს. მიზეზი ქონების იპოთეკით დატვირთვაა. ჩამონათვალში იმ ქონების დიდი ნაწილიც მოხვდა, რომელიც აჭარის მთავრობამ ინვესტორებს გასულ წელს მანდარინის მოსავლის ათვისების პირობით გადასცა.

აჭარაში ციტრუსის შემფუთავი, დამახარისხებელი და ტარის წარმოების საწარმოების მოწყობის მიზნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე მილიონ 682 400 ღირებულების ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საკუთრებაში კერძო და იურიდიულ პირებს გადასცეს. ამასთან დაკავშირებით ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა 19 პირთან, ხოლო ორ შემთხვევაში „არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო“ მყიდველის მხრიდან უარის გამო ნასყიდობის ხელშეკრულებები არ გაფორმებულა.

აუდიტორის ინფორმაციით, ვალდებულებები შესრულებულია მხოლოდ ექვს შემთხვევაში, დაგვიანებით შესრულდა ხუთ შემთხვევაში, ხოლო რვა შემთხვევაში საერთოდ არ შესრულდა.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ „პირველ შემთხვევაში საუბარი ეხება ადრე გაცემულ ქონებას, როცა კანონი აუქციონით გაცემულ ქონებაზე პირობების ვერ შესრულების შემთხვევაში მის უკან დაბრუნებას არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება ციტრუსის დაბინავების მოტივირებისთვის გადაცემულ ქონებას, დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იმ ინვესტორებთან ხელშეკრულებების მოშლის მიზნით, რომლებმაც დადებული პირობა ვერ შეასრულეს“.

სახელმწიფო აუდიტორი დასკვნაში განმარტავს, რომ აჭარის მთავრობამ ამ საკითხში წინა წლების გამოცდილება და რეკომენდაციები არც 2013 წელს გაითვალისწინა და ამ კატეგორიის ხელშეკრულებები ისევ გააფორმა.

„ახლა სახელმწიფო უფრო ნაკლებად რისკავს, რადგან კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც პირობების ვერშესრულების შემთხვევაში სახელმწიფო ქონების უკან დაბრუნების უფლებას იტოვებს“, – განმარტავს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე  იონა წითელაძე.

სახელმწიფო აუდიტორი ნასყიდობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების არასათანადო კონტროლზეც საუბრობს:

შპს „Eსცო-Gეორგია“-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 2013 წლის 10 ივლისს დაიწყო, თუმცა აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის (2013 წლის იანვრიდან დეკემბრამდე) გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არ მიუღიათ.

ინდმეწარმე „ბესარიონ მანენიშვილთან“ კი ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა 2013 წლის პირველი ნოემბრით იყო დათარიღებული. პირობების შესრულების დადასტურების მოთხოვნით სამინისტრომ ინდმეწარმეს წერილობით 2013 წლის 25 ოქტომბერს მიმართა. აუდიტის მიმდინარეობისთვის სამინისტროს პასუხი არ მიუღია.

თამარის დასახლებაში ორი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების მიუხედავად, მთავრობამ ბინები მობინადრეებს არ გადასცა. ამის გამო 2014 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით დაცვის მომსახურებისთვის 51 600 ლარი დაიხარჯა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: