კვირის ამბები

რა ღირს ექთნის შრომა

13.06.2014 • 7174
რა ღირს ექთნის შრომა

საქართველოს ექთნების ასოციაციის ხელმძღვანელის, ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კლინიკაში, ადრინდელ სიტუაციასთან შედარებით, ამ მხრივ მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესდა, საექთნო საქმის ძირითად პრობლემად ისევ დაბალი ანაზღაურება რჩება. „ექთნისა და მისი თანაშემწის ხელფასი მინიმუმ 300 ლარი მაინც უნდა იყოს“, – ამბობს ის.

ქეთევან გარსევანიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში საექთნო საქმე არანაირი კანონმდებლობით არ რეგულირდება, გარდა იმ რამდენიმე ბრძანებისა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციის კონტროლისა და სამედიცინო ნარჩენების შესახებ გამოსცემს. გარდა ამისა, ნორმატივების არ არსებობის გამო, ზოგიერთ განყოფილებაში, სადაც ექთანი არა უმეტეს 10 პაციენტს უნდა უვლიდეს, 15 და 20 პაციენტიც კი ჰყავთ მოთავსებული -„ეს ადამიანები 24 საათი ფეხზე დგანან და ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ. ჩვენს ქვეყანაში პენსიონერებს უხდიან 150 ლარს, როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანებს მინიმუმ ორჯერ უფრო მეტი მაინც არ ეკუთვნით გასამრჯელო?!“ – ამბობს ქეთევან გარსევანიშვილი. მისივე თქმით, ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა რეგიონებშია, სადაც ექთნების ასოციაციის მონაცემებით 80 ლარსაც კი უხდიან ექთნებს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 245 ექთანი მუშაობს. საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, მათთან ექთნის ხელფასი მინიმუმ 150 ლარია, თუმცა მათ, ვინც უფრო მეტი დატვირთვით, უფრო რთულ სამუშაოზე მუშაობს, ხელფასი გამომუშავების მიხედვით ეზრდებათ და მართალია, ძალიან იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ იგი ათას ლარამდეც კი აღწევს. მალხაზ ხალვაშის თქმით, მას შემდეგ, რაც ბათუმში ახალი (რეფერალური) საავადმყოფო გაიხსნა, გეგმიური ოპერაციების კომპონენტი რესპუბლიკურიდან რეფერალურში გადავიდა, რესპუბლიკურის ქირურგიულ დეპარტამენტში კი ძირითადად ურგენტული (გადაუდებელი) ოპერაციები კეთდება, რაც ბევრად უფრო იაფი ღირს და, შესაბამისად, საავადმყოფოს შემოსავალმაც იკლო. იმის გამო, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს უროლოგიური და სხვა დეპარტამენტები უფრო დიდი დატვირთვით მუშაობენ, ამ განყოფილების ექთნებს ხელფასი ცოტათი გაეზარდათ, თუმცა ამ მცირედი მატების ხარჯზე საგრძნობლად იკლო საოპერაციოს ბლოკში დასაქმებული ექთნების ხელფასმა.

საოპერაციოს ექთნების თქმით, იმის გამო, რომ ზოგს უფრო მეტი დატვირთვა (ოპერაცია) აქვს, ზოგს კი არა, ზოგიერთს ძალიან დაბალი ხელფასი გამოსდის, ამიტომ ექთნების გუნდმა (9 ექთანი) გადაწყვიტა ხელფასი საერთო ყულაბით აიღოს და შემდეგ გადაანაწილოს თანაბრად.

ნუნუ ჩურუგბა 55 წელია საოპერაციო განყოფილების ექთანია და უკვე ოთხი წელია ლაპარასკოპიის აპარატზე მუშაობს. იგი ამბობს, რომ დაბალი ხელფასების მიზეზი პაციენტების კლებაა, მაგრამ მისი აზრით, უსამართლობაა ის, რომ ეს მხოლოდ მათ ხელფასებზე აისახება. ის მიიჩნევს, რომ საავადმყოფოში შემოსული თანხა სხვანაირად უნდა ნაწილდებოდეს: „ექთნის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად არ ვჩანვართ, განსაკუთრებით საოპერაციოს მედდები. ბევრი რამ არის ჩვენზე დამოკიდებული და შრომაც სათანადოდ უნდა ფასდებოდეს“.

ნუნუ ჩურუგბას თქმით, მისი ყველაზე მაღალი ხელფასი 600 ლარი იყო, რომელიც ერთი წლის წინ აიღო.

მაგული გუნდაძე 13 წელია საოპერაციო განყოფილების ექთანია. ამბობს, რომ მათი სამუშაო მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს – „როდის ვის შემოიყვანენ, არ ვიცით, გადაუდებელი ოპერაციისთვის მუდამ მზად უნდა იყოს სტერილური იარაღი. საკმაოდ სტრესული სამსახური გვაქვს, ხელფასი კი ბოლო თვეს 190 ლარი გამომივიდა“.

გიული ცეცხლაძე ერთი წელია რაც საოპერაციო განყოფილების ექთანია, იქამდე ოთხი წელი სანიტრად მუშაობდა: „ღამის ცვლაში ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სამუშაო ღამით უფრო ნაკლებია. იგივე პროცედურებია ჩასატარებელი – იარაღების სტერილიზაცია, ზოგადად სისუფთავის დაცვა, ოპერაციებზეც ვდგავართ, თუმცა ამ თვეში მხოლოდ 150 ლარი ავიღე“.

ბათუმის #4 პოლიკლინიკაში სულ 20 ექთანი და 3 სანიტარი მუშაობს, რომელთა ხელფასებიც საყოველთაო დაზღვევის პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ანაზღაურებას კაპიტაციურად (სულადობრივად) იღებენ. „თუ შიდა სტანდარტით შემოსულ თანხაზე მეტი შემოვა, იქედან პროცენტულად ემატებათ ანაზღაურებაზე“, – ამბობს პოლიკლინიკის ხელმძღვანელი, ციცო ბაკურიძე. აქ მომუშავე ექთნის მაქსიმალური ხელფასი 300 ლარია, მინიმალური კი – 120, იმის მიხედვით, თუ ვის რამდენ პაციენტთან უწევს მუშაობა.

ბათუმის სამშობიარო სახლში 43 სანიტარი და 108 ექთანი მუშაობს. საავადმყოფოს დირექციის ინფორმაციით სანიტრის ხელფასი 200 ლარია, ექთნისა კი 200 ლარიდან იწყება და გამომუშავების მიხედვით შესაძლოა 800 ლარამდეც ავიდეს.

კლინიკა „მედინაში“ სანიტრის ხელფასი 150 ლარიდან იწყება, ასამდე ექთანი კი ანაზღაურებას გამომუშავებით იღებს:  „ჩვენთან ძირითადად ყველას გამომუშავებით აქვს ხელფასი. არიან ექთნები, რომელთაც 3 000 ლარზე მეტიც კი გამოსდით ანაზღაურება“, – ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი, ჯუმბერ უნგიაძე.

მისივე თქმით, ხელფასი იმის მიხედვით დგინდება, თუ როგორ აფასებს სახელმწიფო სამედიცინო პერსონალის შრომას. „თუ სახელმწიფოს, მთელი ორსულობის მანძილზე, ორსული ქალის მეთვალყურეობა შეფასებული აქვს 52 ლარით, რომელშიც ანალიზების, ექოსკოპიის, ექიმის, ექთნისა და სანიტრის ხარჯიც შედის, ვფიქრობ, უადგილოა მხოლოდ ექთნებისა და სანიტრების დაბალ ხელფასზე საუბარი“, – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, მალხაზ ხალვაშის თქმით კი, საქართველოში ექთნების დაბალი ხელფასი მათი დაბალი კვალიფიციურობითაც არის გამოწვეული: „იმის გამო, რომ ჩვენთან არ არსებობს ექთნებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ამის ორგანიზება თავად კერძო კლინიკებს უწევთ, თუმცა ამას ცოტა მათგანი თუ აკეთებს“. მისივე თქმით, ექთნების დაბალი კვალიფიციურობა იმ მხრივადაც აისახება ხელფასზე, რომ საავადმყოფო ნაცვლად ერთი კვალიფიციური კადრისა, იღებს სამ ნაკლებკვალიფიციურ კადრს და მათზე ხელფასის გადანაწილება ხდება.

საქართველოს ექთნების ასოციაციის ხელმძღვანელი, ქეთევან გარსევანიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ექთნებისა და მათი თანაშემწეების ხელფასების ზრდას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ მსგავს საკითხებს სახელმწიფო არ არეგულირებს და ის, თუ რამდენს გადაუხდიან სამედიცინო პერსონალს, სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: