კვირის ამბები

„ბოროტების გამართლება არ შეიძლება“

07.06.2014 • 1811
„ბოროტების გამართლება არ შეიძლება“

გადასახლების დროს სამი წლის ვიყავი. ჩემი ძმა ოთხის თუ ხუთის იქნებოდა, სულ პატარა ერთი წლის იყო. მშობლების მონათხრობიდან მახსოვს იმ დღეების შესახებ. ვიცი, რომ დეკემბერი იყო და ხალხი მძინარე წამოყარეს საწოლებიდან. არც ერთი სიტყვა, არც მეზობლებთან, ახლობლებთან დამშვიდობება, ისე შერეკეს მანქანებზე და გზას გაუყენეს. მამაჩემი მძღოლი იყო, ბევრი იცნობდა და ცოტა ანგარიში გაუწიეს, სახლიდან ნივთების და საგზლის წამოღების უფლება მოგვცეს. დედა ფეხმძიმედ იყო მეოთხე ბავშვზე. პირუტყვის გადასაყვან ვაგონებში შეგვყარეს.

ნათელა ფარტენაძე

ფეხის დასადგმელი ადგილი არ იყო ვაგონშიო, ამბობდნენ. უჰაერობა, შიმშილი, უწყლობა. ადამიანებიც კვდებოდნენ თურმე. ბევრი ვერ უძლებდა ასეთ პირობებს. ერთი ასთმიანი ქალი ყოფილა. „წყალი, წყალი“ – ყვიროდა თურმე. დედას ჰქონდა ერთი ბოთლი, ორსულად იყო, წარმოიდგინეთ მასაც როგორ უჭირდა, მაგრამ იმ ქალს გაუნაწილა. წყალი დალია, თუმცა ნახევარ საათში მაინც მოკვდა ის ქალი. გადასახლებაში რამდენიმე ჩვენი სოფლელიც გარდაიცვალა, ვერ გაუძლეს იქაურ პირობებს.

ჩვენ დიდი ოჯახი გვქონდა, მამაჩემი ღომიძე იყო, ფარტენაძე ჩემი ქმრის გვარია. იმ სოფლიდან თითქმის ყველა ღომიძე გადაასახლეს. დიდი ქონება არ გვქონია, თუმცა არც ღარიბები გვეთქმოდა. გადასახლების მიზეზი არც ჩვენთვის განუმარტავს ვინმეს. მამაჩემი წერილს წერილზე წერდა სტალინს, გამაგებინეთ რა დავაშავე, ამხელა ოჯახი რომ გადაგვასახლეთო. ბაბუას ძმა თურქეთში წავიდა საცხოვრებლად, არც შემდეგ დაბრუნებულა საქართველოში, შეიძლება ეს გახდა მიზეზი.

საზღვრისპირა მცხოვრებლებს ძალიან გვავიწროვებდნენ. ბევრ ოჯახს შეეხო გადასახლება. ჩვენ ერთად მაინც ვიყავით და შევძელით გავმკლავებოდით სიძნელეებს, მაგრამ ბევრს გაუჭირდა. ზოგიერთს შვილი დარჩა მარტო, ზოგიერთი გადასახლებაში მოკვდა, ზოგიერთს რა გადახდა და ზოგიერთს რა…
არ ვიცი რატომ უნდა მოექცე ასე უდანაშაულო ადამიანებს. ხარ შენთვის, ცხოვრობ მშვიდად, მოგივარდებიან და წაგიყვანენ, ამხელა ტანჯვისთვის გიმეტებენ. ბოროტებაა, აბა რა. ამის გამართლება როგორ შეიძლება, ვერ წარმომიდგენია.

ყაზახეთში მიწით შელესილ ქოხებში შეგვყარეს, არც საწოლი, არც ავეჯი, მიწაზე გვიწევდა წოლა. შემდეგ, როცა მამაჩემმა, მამიდებმა მუშაობა დაიწყეს, ერთი ოთახი დავდგით. მამაჩემმა ძროხა და ქათმებიც იყიდა. ერთი და იქ გაგვიჩნდა გადასახლებაში და დედა ვერ მუშაობდა. სახლში ვიყავით ბავშვებიც. ჩვენს რაიონში ქართველები არ იყვნენ, მამაჩემმა იქაც მძღოლად დაიწყო მუშაობა, თუ ვინმეს გადააწყდებოდა, ყველა სახლში მოჰყავდა. ასე იპოვა ჩვენი ბიძაშვილებიც. ტირილი და სიხარული ერთად იყო ჩვენს ოჯახში. მაშინ გვიკვირდა ბავშვებს, ნეტა, ნათესავების დანახვაზე რატომ ტირიან მშობლებიო.

საჭმელს თავი გავართვით, მაგრამ წყლის გაჭირვება იყო. კილომეტრიდან მოჰქონდათ წყალი, არხებიდან იღებდნენ. ბინძური წყალი იყო, მიკვირს როგორ გადაიტანა ხალხმა ამ წყლის დალევა. ალბათ მაშინ ხალხი უფრო ჯანმრთელი იყო.

გადასახლება დიდი უსამართლობა იყო, ხალხი ხშირად უძლურია ხელისუფლების რეპრესიების გაუმკლავდეს. არ ვაპატიებო იტყვი და რა, მაინც არაფერი იცვლება ჩვენთვის. ამხელა ტკივილი გამოვიარეთ და კომპენსაციაც კი არ მოუცია სახელმწიფოს. ავადმყოფ მეუღლეს ვუვლი, არც მას აქვს რაიმე სოციალური შემწეობა. მტკივა გული, მაგრამ რა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: