კვირის ამბები

რა სჭირდება უნივერსიტეტს?

02.04.2014 • 2299
რა სჭირდება უნივერსიტეტს?

 

დავით ბენდელიანი: შიდა რეორგანიზაციაა საჭირო, სტუდენტების ჯანსაღი ნაწილის ინტერესების გათვალისწინება ლექტორების კომპეტენტურობასთან დაკავშირებით.  ჩვენი სტუდენტების ძირითად ნაწილს მიმდინარე ქულათა რაოდენობაზე აქვს აქცენტი, ვინაიდან უნივერსიტეტი ამ ხერხით ცდილობს სტუდენტის ინტელექტის ამაღლებას, რაც, თუ ჩვენი უნივერსიტეტის მაგალითით ვიმსჯელებთ, რეალურ შედეგს არ იძლევა. ვფიქრობ, საუნივერსიტეტო ცხოვრება  სტუდენტის არამხოლოდ აკადემიურ ქულათა მაჩვენებელს მოიცავს, არამედ მის ზოგად განათლებას  და საზოგადოებრივ ჩართულობას, როგორც ქალაქის, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. სიტუაციის გამოსასწორებლად სტუდენტი უნდა გახდეს უფრო მომთხოვნი და აქტიური უნივერსიტეტთან, ლექტორთან და ზოგადად  სახელმწიფოსთან მიმართებაში. ლექტორი კი, თავის მხრივ, უნდა იყოს სტუდენტისთვის ამ მოთხოვნის და მიზნის მიღწევაში ხელშემწყობი ფაქტორი და მის ძირითად ფუნქციას არ უნდა წარმოადგენდეს სილაბუსით გათვალისწინებული მასალის ჩამთავრება და მოვალეობის მოხდის მიზნით ლექციის ჩატარება. ჩვენდა საბედნიეროდ, უნივერსიტეტს ჰყავს ლექტორები, რომლებიც რეალურად ასრულებენ მათზე დაკისრებულ უდიდეს მოვალეობას. საჭიროა ასეთი ლექტორების წახალისება, რომ ეს ენთუზიაზმი გადამდები გახდეს.

კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას და დავნერგავთ იმ სასარგებლო მიღწევებს, რაც შეიძლება წაადგეს ჩვენს უნივერსიტეტს.

 

 

 

ანნა მდინარაძე: განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ბევრი რამ არის გასაკეთებელი, უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი პრობლემური საკითხია, მე ვისაუბრებ ჩემს უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე: უმთავრეს პრობლემად მიმაჩნია არაკვალიფიციური კადრები. უნივერსიტეტში კვლავ იყენებენ სწავლების მოძველებულ მეთოდს _ მხოლოდ თეორიული მასალის მოწოდება და არანაირი ყურადღება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. ფონად კი გვაქვს, მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სათანადო ლიტერატურის არქონა. ვფიქრობ, ამ პრობლემის მოგვარების შემთხვევაში სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება.

 

 

 

ბესო ფალავანდიშვილი: ვფიქრობ, ისე უნდა შეიცვალოს ეროვნული გამოცდების სისტემა, რომ მარტივად ვეღარ აბარებდნენ აბიტურიენტები უნივერსიტეტში. ბარიერი ასაწევია, ხშირად სტუდენტები ვერ ახერხებენ კონკრეტული საგნის დაძლევას, ეს, რა თქმა უნდა, აფერხებს სწავლის პროცესს. უნივერსიტეტი უნდა ზრდიდეს მოქალაქეს, ლექციები არამარტო პროფესიული ხასიათის უნდა იყოს, არამედ სტუდენტებს ღირებულებებს უნდა უზიარებდეს. ვისურვებდი ჩემს უნივერსიტეტში იყოს მაღალი დონის ბიბლიოთეკა, საჭიროა რეფორმებიც. ხშირად უნდა იწვევდნენ ლექტორებს სხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე კარგი იქნება თავისუფალი ლექციების ჩატარება, სადაც ისაუბრებენ თავისუფლებაზე, ზნეობაზე, ადამიანის სულიერებაზე.

 

მოამზადა ქეთი ლაბაძემ

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: