კვირის ამბები

“იყო ფემინისტი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა”

08.03.2014 • 5355
“იყო ფემინისტი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა”

რას ნიშნავს იყო ფემინისტი – ინტერვიუ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის გენდერული პროგრამების კოორდინატორ ეთუნა ნოღაიდელთან.

  • საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფემინისტებს სძულთ მამაკაცები, მათ ებრძვიან, იცვამენ მხოლოდ მამაკაცურად, ფემინისტები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ლესბოსელები… რამდენად სწორია ეს წარმოდგენა?

თუ ფემინიზმი კაცთმოძულეობის მიმდინარეობაა, მაშინ გამოდის, რომ კაცთმოყვარეობა ამ ადამიანებს ესმით, როგორც ქალის დაქვემდებარება მამაკაცისადმი. ჩვენთან მთავარი პრობლემა ისაა, რომ გენდერული თანასწორობა ასოცირდება კომუნიზმთან, რადგან მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს გასაბჭოებასთან ერთად ეს უფლებები უბრძოლველად დაკანონდა.

შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებაში არ დარჩა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ქართველი ფემინისტების ღვაწლი. საბჭოთა საქართველოში ქალებს არ უბრძოლიათ ხმის მიცემისა და განათლების უფლებისთვის და რისთვისაც არ გიბრძოლია, იმის ღირებულების დაფასება, როგორც ჩანს, გვიჭირს.

ნებისმიერ ქალს რომ უთხრათ ახლა, მას ხმის მიცემის ან განათლების უფლება არა აქვს, ეს არავის მოეწონება, მაგრამ პარალელურად ვერ იაზრებენ ამის ფასს და იმას, თუ რამ მოიტანა ეს ყველაფერი. ფემინიზმის ისტორიას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ ქალებს, რომლებიც თანაბარი უფლებებისთვის იბრძოდნენ, სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ ეს ბრძოლა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ევროპასა და ამერიკაში ბევრად უფრო შეგნებული აქვთ ქალებს, რას ნიშნავს თანასწორობა და რა არის ამაში ფემინიზმის წვლილი.

დღეს ფემინიზმი არის მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის, შესაბამისად, ფემინიზმი მოიცავს ნებისმიერი სოციალური თუ გენდერული ნიშნით დაჩაგრულ ადამიანს; ფემინიზმი ასევე მოიაზრებს ბავშვთა და მოხუცთა უფლებების, გარემოს დაცვას. და ყველა ამ მიმართულებით დიდი წარმატება არის მიღწეული.

ქალის ჩაგვრა (მიუხედავად იმისა, ამას ვაღიარებთ თუ არა) ამ საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, საზოგადოება კი პატრიარქალურია – ანუ აქ მამაკაცი მიიჩნევა უპირატესად. სწორედ ამიტომ, ადამიანი, რომელიც ჩაგვრას უპირისპირდება, ავტომატურად მამაკაცთან დაპირისპირებულად მოიაზრება. ალბათ ესაა მიზეზი, რატომაც ფემინიზმი კაცთმოძულეობად აქვთ მონათლული ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ იმ პრივილეგიების დაკარგვა, რაც უპირობოდ მიენიჭებათ მხოლოდ სქესობრივი ნიშნით. მე კი მჯერა, რომ თავმოყვარე, განათლებულ მამაკაცს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ამბიცია ის დააფასონ თავისი ინტელექტუალური თუ პიროვნული მიღწევების, და არა სქესის გამო.

რაც შეეხება კაცივით ჩაცმას, ფემინურობის ტრადიციულ გაგებას რომ ვიზიარებდეთ, ახლა კორსეტებით უნდა დავდიოდეთ. ფემინიზმი არის იდეოლოგია თავისუფალ არჩევანის შესახებ, სწორედ იმის შესახებ, რომ არ ხარ ვალდებული კორსეტით იარო, თუკი კომფორტულად არ გრძნობ თავს.

  • თქვენი აზრით, რატომ იწვევენ ფემინისტები გაღიზიანებს არა მარტო მამაკაცებში, არამედ ქალებშიც? ეს უკავშირდება ფემინიზმის შესახებ ინფორმაციის არ ქონას, თუ სხვა საფუძველიც აქვს?

პოზიცია – ფემინისტი არ ვარ, მაგრამ…“ ძალიან კარგად აქვს ახსნილი თამარ ცხადაძეს სტატიაში, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის პუბლიკაციაში „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“ შევიდა.

ეს პოზიცია ნიშნავს, რომ ადამიანი ან არ აღიარებს, რომ უთანასწორობა არსებობს და რეალობაზე თვალს ხუჭავს; ან თვლის, რომ კი, არსებობს სქესთა უთანასწორობა, მაგრამ ეს არის განპირობებული ბიოლოგიით და ამას არაფერი ეშველება; ან ფიქრობს, რომ არსებობს, მაგრამ მე ვერაფერს გავაკეთებ. სწორედ ამიტომ, იყო ფემინისტი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა: ანუ მე ვხედავ, რომ არსებობს უთანასწორობა, ვაღიარებ ამას და მინდა, რომ ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო ამის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალებს ყველაზე მეტად სწორედ ეს აკლიათ საქართველოში.

კაცებს რაც შეეხება, მათ კარგად აქვთ მორგებული ის კომფორტი, რასაც მათ სოციალური როლების ამგვარი გადანაწილება აძლევთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი შეიძლება ბევრად უფრო კონტროლდებოდეს ცოლის მიერ ირიბად.

ეს აზრი რომ გავაგრძელო, ფემინიზმი მამაკაცებსაც სჭირდებათ, რადგან უამრავი მასკულინური მითი და სტერეოტიპი არსებობს. „არ იტირო, კაცი არა ხარ?“ – ეუბნებიან ორი წლის ბავშვს. „კაცობის“ ამ ტრადიციული გაგებით მამაკაცი უემოციოა, ძლიერი მუშტები და ქალებთან ბევრი თავგადასავალი მისი ვალდებულებაა, თუ ბევრ ფულს ვერ „შოულობს“, კაცად არ ვარგა და ასე შემდეგ. ეს მასკულინობის ტრადიციული ნორმებია, რაც ბევრ კაცს ისევე უზღუდავს თავისუფალ არჩევანს, როგორც სხვა ნორმები ქალებს.

  • როცა საუბრობენ ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, ამბობენ, ჩვენთან ეს პრობლემა არ არსებობს და ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა. დღეს, საშუალო სტატისტიკურ ქართულ ოჯახში კონკრეტულად როგორ ირღვევა ქალის უფლებები?

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია გულწრფელი იყოს საკუთარ თავთან და მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებს ანალიზი გაუკეთოს, შეუძლია კარგად დაინახოს ეს პრობლემები.

ქალი იჩაგრება როგორც მემკვიდრე, როცა ოჯახის ქონება ბიჭს რჩება, გოგონას მზითევს უკეთებენ და ამით მორჩება ყველაფერი.

გათხოვილი ქალი იჩაგრება იმით, რომ თუ ოჯახი ვერ შედგა და მშობლების ოჯახი მისი სახლში დაბრუნების წინააღმდეგია, მას წასასვლელი არ აქვს და ეს ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.

ავიღოთ სიტუაცია, როცა ქალიც და მამაკაციც მუშაობს, მაგრამ სახლში დაბრუნებისას მთელი ოჯახის საქმეებზე, შვილების აღზრდაზე მხოლოდ ქალია პასუხისმგებელი და სახლში მხოლოდ მამაკაცი ისვენებს.

ის, რომ არსებობს ქალის სექსუალობაზე შეზღუდვა და მამაკაცზე არ არსებობს, მეტიც, ეს პრობლემად არ მიაჩნიათ ქორწინების შემდეგაც კი; სელექციური აბორტების თემა, როცა გაიგებენ სქესს და თუ გოგონაა – აბორტს იკეთებენ; პრობლემად არ ითვლება, როცა ქალს არ აქვს კარიერა, რადგან მისი მთავარი კარიერა უნდა იყოს ოჯახი; გავიხსენოთ სიტუაცია, როცა ქალი ვალდებულია ბევრი შვილი გააჩინოს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭი გაუჩნდეს აუცილებლად, ეს თუ ჩაგვრა არ არის, მაშინ გამოდის, რომ ქალი მეორეხარისხოვანი მოქალაქეა.

ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ჩაგვრა არ არის მხოლოდ ის, რომ ფიზიკურად ურტყამენ ქალს, რაც ძალადობის უმძიმესი ფორმაა. არსებობს სხვადასხვა ფორმის ჩაგვრა, რაც ქალს არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს. ამ ყველაფრის არ დანახვა გულდასაწყვეტია.

  • ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალის სოციალური როლი, ბევრ ქალს მოუწია საკუთარ თავზე ოჯახის წინაშე ფინანსური ვალდებულებების სრულად აღება. ხედავთ იმის ნიშნებს, რომ შეიცვალა ქართულ საზოგადოებაში ქალის სოციალური როლი? თუ მაინც ტრადიციულ ჩარჩოებში რჩება ქალი და უბრალოდ ახალი ფუნქცია დაემატა?

მე მეორე მგონია. რა თქმა უნდა, ბევრმა ქალმა იყოჩაღა, მაგრამ ოჯახის უფროსის როლი ისევ მამაკაცს რჩება, ქმარს ფასადურად, თავმოყვარეობისათვის უნარჩუნებენ ამ როლს.

  • ანუ ფინანსური დამოუკიდებლობა, რასაც მიიჩნევენ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ პირობად, არ წყვეტს ამ საკითხს?

ეკონომიკური დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ როცა 70 წლის ქალი წასულია უცხოეთში და მუშაობს იმისათვის, რომ თავისი 50 წლის „ბიჭი“ არჩინოს, ამაში კარგი არაფერი არ არის. თუმცა ეკონომიკური დამოუკიდებლობა არის ადამიანისთვის დამოუკიდებლობის საფუძველი. თუ, მაგალითად, ქალი იჩაგრება ოჯახში, ფინანსური დამოუკიდებლობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება.

  • საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფემინიზმი არის მოდა და დასავლური ინსტიტუტები ფემინიზმს ძალად ახვევენ ამას თავს ქართულ საზოგადოებას. თუმცა არსებობს ქართული ფემინიზმიც. როდის დაიწყეს ფემინიზმზე საუბარი საქართველოში?

მე-19 საუკუნიდან საქართველოშიც აქტიურად საუბრობდნენ ქალთა უფლებების დაცვაზე. მათ შორის ის ცნობილი ავტორები, რომელთა პატრიოტულ ლექსებს ვსწავლობთ სკოლაში და არ ვკითხულობთ იმ ტექსტებს, სადაც ისინი თანასწორობაზე წერენ.

ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა მხარს უჭერდნენ „დედათა ემანსიპაციას“ [ასე უწოდებდნენ მაშინ], მაგრამ არსად სკოლაში ამაზე ყურადღება არ არის გამახვილებული. ასევე ბარბარე ჯორჯაძე, ძალიან ცნობილი ქალი, კატო მიქელაძე, ფემინისტი, რომელმაც განათლება მიიღო ევროპაში… ასე რომ ქართულ ფემინიზმს აქვს თავის ისტორია, რომელიც სხვადასხვა პროექტების საშუალებით ბოლო დროს უფრო ხილვადი გახდა. მათ შორისაა ბიოლის ფონდის არაჩვეულებრივი პროექტი „50 ქალი საქართველოდან“, რომელიც შეგიძლიათ ფეისბუქგვერდზე ნახოთ. ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს იმ სტერეოტიპის დანგრევას, რომ ფემინიზმი საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში შემოვიდა გრანტებთან ერთად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: