კვირის ამბები

„ჩვენ მოძველებულ სტანდარტებს ვანგრევთ“ – ქალები გემზე

18.02.2014 • 6079
„ჩვენ მოძველებულ სტანდარტებს ვანგრევთ“ – ქალები გემზე

ნათია ლაბაძის ოჯახში მამა, ბაბუა და ბიძაშვილები მეზღვაურები არიან. სწორედ ისინი გახდნენ ნათიასთვის სტიმული პროფესიის არჩევის დროს. „დღესაც მესმის, რომ გემთწამყვანობა არ არის ქალის საქმე, მაგრამ ყველაფერს ფიზიკური ძალა არ სჭირდება. გონებით გაცილებით მეტის გაკეთებაა შესაძლებელი“, – გვეუბნება ნათია. მისი აზრით, მსოფლიოში დიდი ხანია შეიცვალა სტერეოტიპები ქალის საქმიანობასთან მიმართებაში. „ვაჩვენებთ, რომ ქალებიც ძლიერები ვართ. რამდენი კაცი ვიცი, წარმატებით რომ დაუმთავრებია აკადემია, მაგრამ ზღვის შიშის გამო აღარ უმუშავია გემზე. ყველაფერს აქვს თავისი რთული მხარე, მაგრამ ყველა სირთულე დაძლევადია“.

ნათიასგან განსხვავებით, ანა ყურშუბაძე ოჯახში პირველია, რომელმაც არჩევანი მეზღვაურის პროფესიაზე გააკეთა. „მამაჩემს უნდოდა, მაგრამ ვერ გახდა მეზღვაური. ყოველთვის მამაკაცური პროფესიები მიზიდავდა, მიფიქრია ჯარზე, პოლიციის აკადემიაზე, მაგრამ საბოლოოდ საზღვაოზე გავაკეთე არჩევანი. მიზიდავს ექსტრემი და არ მომწონს, როცა ქალის შესაძლებლობებს ეჭვის ქვეშ აყენებენ“.

ანა ამბობს, რომ ყველა სირთულეს აცნობიერებს, რაც მომავალ კაპიტანს შეიძლება წინ დახვდეს. „მანდ რა გინდოდა, რისთვის, რატომ?“ – ყველას ასეთი რეაქცია ჰქონდა. თანაკურსელი ბიჭებიც მეუბნებიან, წადი სახლში, აქ რა გინდაო. ერთმა ისიც მითხრა, „შენ სამზარეულოს კაპიტანი იქნებიო“. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დღესაც მშობლების არჩევანით გეგმავს საკუთარ ცხოვრებას, მე კი ჩემი არჩევანი გავაკეთე“.

კითხვაზე, მათი აზრით, არიან თუ არა მზად ქართველი მამაკაცები, რომ მეზღვაურ ქალთან შექმნან ოჯახი, ნათია ასე პასუხობს: „რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ზღვაზე, ქალი თუ კაცი, ჩვენ ხომ ვეგუებით მეზღვაურ ქმრებს“. ანას აზრით კი, ქართველ მამაკაცებს ეს ალბათ გაუჭირდებათ: „ჯერჯერობით მაინც. ამიტომ სასურველია, რომ ქმარიც მეზღვაური გყავდეს“.

გოგონების აზრით, გამონათქვამი – „ქალი გემზე უბედურების მომტანია“ – განვითარებულმა სამყარომ დიდი ხანია დაივიწყა.

„მეზღვაური ქალი აღარ არის სიახლე ევროპასა და ამერიკაში. მამაჩემი მეუბნებოდა, მიკვირდა და თან ძალიან მომწონდა, როცა ეკიპაჟში ქალებს დავინახავდიო. სხვათა შორის, თურქულ გემებზე ბევრი მექანიკოსი ქალია. მეც ვიცნობდი ერთ ებრაელს, რომელმაც აქ დაამთავრა აკადემია და ახლა ისრაელში სამხედრო გემის კაპიტანია“ –  გვეუბნება ნათია. ის ახლა პრაქტიკას საზღვაო აკადემიის გემზე და ფოთის ტერმინალის გემებზე გადის. იმედი აქვს, რომ პრაქტიკას ყულევის ნავსადგურშიც გაივლის.

ანას სურვილია საკრუიზო გემზე დაიწყოს მუშაობა, ნათია კი ყველა შემოთავაზებისთვის მზადაა. „სულერთია, იქნება ეს ტანკერი თუ საკრუიზო, მთავარია ზღვაში გავიდე“.

მომავალ გემწამყვანებს განსაკუთრებული რეჟიმით ცხოვრება არ უწევთ. ერთადერთი, რაც ცოტათი ეზარებათ, საზღვაო აკადემიაში დილის მოწყობაა, რომელიც ნახევარი საათი გრძელდება. „მოგვწონს ჩვენი უნიფორმები, მოსახერხებელია და დიზაინიც ხშირად იცვლება“ – ამბობს ნათია. ანას კი ის მოსწონს, როცა დილით არ უჩნდება კითხვა _ „რა ჩავიცვა?“ რადგან ყოველთვის ვიცი, რასაც ჩავიცმევ“.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის, ირაკლი შარაბიძის თქმით, ქალი მეზღვაურების სიმრავლით ევროპის ქვეყნებში პოლონეთი გამოირჩევა. ქალი კაპიტნები ხშირად არიან აშშ-ის გემებსა და ეკიპაჟის შემადგენლობაშიც.

რატომ ირჩევენ ქალები მეზღვაურის პროფესიას იშვიათად? როგორც ირაკლი შარაბიძე ამბობს, რაიმე ტიპის აკრძალვა ამ კუთხით არ არსებობს: „უბრალოდ, მეზღვაურობა უფრო მძიმე, კაცური საქმეა და ალბათ, კაცები უფრო აკეთებდნენ ამ მიმართულებით არჩევანს, ვიდრე –  ქალები. თუმცა ბოლო წლებში სურათი შეიცვალა, ქალები ზღვაზეც გახდნენ მამაკაცების კონკურენტები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: